ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ინგლისის თასის ფინალში “ჰალ სიტის” (3:2) ძლევის შემდეგ ივარაუდა, რომ უახლოეს მომავალში კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. 64 წლის ფრანგი სპეციალისტი უკვე 18 სეზონია, “მეთოფეებს” წვრთნის, მაგრამ ზაფხულში მასსა და “არსენალს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა ეწურება. ჟურნალისტებმაც პრესკონფერენცია სწორედ ამ შეკითხვით გახსნეს.
- გააფორმებთ კლუბთან ახალ კონტრაქტს?
- დიახ, იდეაში ასეც უნდა მოხდეს.
- იდეაში? მაშასადამე პირადად თქვენ ყველაფერი გადაწყვეტილი გაქვთ?
- ჩემი მხრიდან პრობლემა არც არასოდეს ყოფილა. საკითხავი მხოლოდ ისაა, შემიძლია თუ არა იმის გაკეთება, რაც “არსენალს” სჭირდება.