ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ ფინანსური ფეირ პლეის დარღვევის შემთხვევები ევროპული ფეხბურთიდან სამუდამოდ უნდა აღმოიფხვრას.
“მანჩესტერ სიტი”, ისევე, როგორც “პარი სენ-ჟერმენი”, იმ ცხრა კლუბს შორის მოხვდა, რომლებმაც უეფას ფინანსური ფეირ პლეის წესი დაარღვიეს. შედეგად, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ მანჩესტერელები 50 მილიონი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა და შემადგენლობის 25-დან 21 ფეხბურთელამდე შემცირება დააკისრა, რომელთაგან მინიმუმ რვა მოთამაშე ინგლისელი უნდა იყოს, ოთხი კი, უშუალოდ კლუბის აღზრდილი.
“ფინანსურ ფეირ პლეის სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ, რადგან მიმაჩნია, რომ ნებისმიერმა ბიზნესმა მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით უნდა იარსებოს. რაც შეეხება “სიტიზე” დაკისრებულ სასჯელს, ის ცოტა არეული მეჩვენება. ვამჯობინებდი, რომ სასჯელი უფრო მარტივი და კონკრეტული ყოფილიყო, თუმცა, მე იურიდიულ ნიუანსებში ჩახედული არ ვარ. და მაინც, ასე ვიტყოდი - თუ წესებს იღებ, მაშინ შეჯიბრებებში მონაწილეობ, თუ არა და იქ არაფერი უნდა გასაქმებოდეს. ასე ყველასთვის ყველაფერი გასაგები იქნებოდა” - განუცხადა თჰე თელეგრაპჰ-ს ვენგერმა.