არიენ რობენისა და არსენ ვენგერის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად, ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა და ფრანგმა მწვრთნელმა ერთმანეთის შესახებ “ბაიერნისა” და “არსენალის” შეხვედრის (1:1) შემდეგ ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ “ბაიერნსა” და “არსენალს” შორის გამართულ პირველ შეხვედრაში, რობენის წაქცევისთვის, ლონდონელებს მეკარე გაუგდეს და მათ კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ვენგერმა განაცხადა, რომ შჩეზნის გაგდება შეცდომა იყო, ხოლო რობენმა მას წარუმატებელი სპეციალისტი უწოდა.
განმეორებით შეხვედრაში, რობენი მეტოქის საჯარიმოში 2-ჯერ წაიქცა. მეორე მათგანს თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც ტომას მიულერმა ვერ გამოიყენა. არსენ ვენგერი მიიჩნევს, რომ რობენი ორივე შემთხვევაში სიმულიანტობდა.
“რობენს შეუძლია მომენტი არაფრისგან შექმნას. ის შესანიშნავი მოთამაშე და ამავდროულად ძალიან კარგი სიმულიანტია. თუმცა, ეს თამაშის ნაწილია.
რობენი ფანტასტიკური ფეხბურთელია. ამაზე კამათიც არ ღირს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მაგრამ როდესაც ის მცველის წინ აღმოჩნდება, ჩერდება და ეცემა. ასე გამოიმუშავებს მისი გუნდი სტანდარტებს.
გუშინ, არბიტრს მისთვის ყვითელი ბარათი პირველივე შემთხვევაში რომ მიეცა, მეორედ ის აღარ წაიქცეოდა.” – აცხადებს ვენგერი.
რობენმა ფრანგ სპეციალისტს მალევე უპასუხა: “ყოველთვის ვამბობდი, რომ ძლიერმა მწვრთნელმა წაგება უნდა იცოდეს. თუ მოიგე, გაიხარე და სიამოვნება მიიღე, მაგრამ თუ წააგე, ნუ იწუწუნებ.
ორი აშკარა თერთმეტმეტრიანი იყო, მაგრამ თავის მართლებას არ დავიწყებ. ძლიერი მწვრთნელისგან მარცხის შემდეგ სხვაგვარ რეაქციას უნდა ველოდეთ.” – განაცხადა ვენგერის საპასუხოდ არიენ რობენმა.