ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა შაბათს გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. “ემირეითს სთეიდიუმზე” ჩრდილო ლონდონური კლუბი “საუთჰემპტონს” უმასპინძლებს. ვენგერმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მოწინააღმდეგე გუნდის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო შეაქო და “წმინდანების” მიერ ჩატარებული შეხვედრები დადებითად შეაფასა.
“ყველა გუნდს სურს პრესინგს მიმართოს და ბურთი სწრაფად დაიბრუნოს. შესაძლოა, ამას ყველაზე უკეთ სწორედ ჩვენი ხვალინდელი მეტოქე ასრულებს.’’
“პოჩეტინო ზედმეტი საუბრის გარეშე ყველაფერს კარგად აკეთებს. მას აქვს რწმენა, რაზეც მეტყველებს მისი გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგი’’ _ განაცხადა ფრანგმა.
ვენგერმა ტრავმირებულ ფეხბურთელებზეც ისაუბრა.
,,ხვალინდელ მატჩში განაცხადში იქნება თეო უოლკოტი, რომელსაც ორი თვე გაუცდა, ხოლო რაც შეეხება ალექს ჩემბერლენს, ის სავარაუდოდ კიდევ ერთი თვით დაგვაკლდება.’’
,,არსენალის’’ მწვრთნელმა ასევე გაიხსენა ,,მანჩესტერთან’’ გამართული შეხვედრა.
,,ამ მატჩს კიდევ ერთხელ ვუყურე, მასპინძლებმა ჩვენი კარის მიმართულებით ზუსტად მხოლოდ ორჯერ დაარტყეს, აქედან ერთი გოლად აქციეს. ამგვარად, ჩვენ შევუზღუდეთ მათ შეტევების განვითარების საშუალება. ვფიქრობ, შეგვეძლო იმ მატჩის გადარჩენა, გვჭირდება მეტი რწმენა, მეტი თავდაჯერება, რაც შედეგს აუცილებლად მოგვიტანს.’’
შეგახსენებთ სატურნირო ცხრილში “მეთოფეები” პირველ ადგილზე იმყოფებიან, მათ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება “საუთჰემპტონი”.
დიმიტრი შარიქაძე