არასოდეს მესმოდა იმ ხალხის, რომლებიც მათთვის ნაკლებად გულმისავალი გუნდების მწვრთნელებს შეურაცხყოფდნენ. რასაკვირველია, ადამიანები ერთნაირები არ არიან, მაგრამ ნამდვილად არ უნდა იყოს რთული იმის აღიარება, რომ გიყვარს თუ არ გიყვარს, ალექს ფერგიუსონის, ფაბიო კაპელოს, ჟოზე მოურინიოს, არსენ ვენგერის, ოტმარ ჰიტცფელდის და კარლო ანჩელოტის მსგავსი პერსონები, მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილი მარგალიტები არიან და ასეთი ხალხი გაქიაქებას კი არა, მოფერებას და პატივისცემას იმსახურებენ. ბოლო დროს, განსაკუთრებით არსენ ვეგერია ცუდ დღეში და იმის გამო, რომ დასუსტებული ”არსენალი” ძველებურად ვეღარ ბრდღვინავს, ვისაც კი მოეხასიათება, ყველა მუსიე არსენს აკრიტიკებს. კრიტიკა ევროპელებს არასოდეს უკვირდათ, მაგრამ ბოლო პერიოდში კრიტიკის გარდა ყველაფერი შეიძლება ეწოდოს იმ ლაფისა და ტალახის წვიმას, რაც ფრანგი სპეციალისტის მისამართით იღვრება.
დიახ, ”არსენალი” წელს მართლაც რომ სუსტია და მხოლოდ აჩრდილია იმ ძლევამოსილი გუნდისა, რომელიც ერთ დროს პრემიერლიგის სეზონს მარცხის გარეშე ატარებდა. დიახ, ამ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა გუნდის მწვრთნელსაც ეკისრება, მაგრამ ამ ლონდონური კლუბის ჯიბესქელ მფლობელებს ჯიბიდან ფულის ამოღებას, სიბრძნის კბილის ამოღება რომ ურჩევიათ, ეს ნამდვილად არ არის ვენგერის ბრალი. როდესაც სეზონის წინ გუნდიდან რამდენიმე ლიდერს უშვებენ და მათ ნაცვლად ახალგაზრდა და პერსპექტიულ, მაგრამ ჯერაც “ნედლ” ფეხბურთელებს იმატებ, აბა, როგორ გინდა რაიმე დიდ წარმატებაზე იფიქრო?! ”არსენალის” სატრანსფერო პოლიტიკაში ვენგერიც აქტიურად მონაწილეობს და ფეხბურთელების არჩევისას, ყველა სხვა დიდი მწვრთნელის მსგავსად, ხანდახან ისიც ცდება ხოლმე, მაგრამ რომ არა არსენ ვენგერი და ფეხურთელების შეცნობა-ამოცნობის მისი საოცარი ალღო, ასეთი მინიმალური დანახარჯებით, იქნებოდა კი ”არსენალი” კვლავ ევროპის ბობოლათა მარაქაში გარეული?!
”არსენალის” ფანობა წარმატებებს არის მიჩვეული და ამ კლუბის დიდ ისტორიას თუ გადავხედავთ, ”მეთოფეებს“ აქვთ მუდმივად წარმატებაზე ფიქრის უფლება. თუკი, ახლახანს გადიდგულებული ”მანჩესტერ სიტის” ქომაგები ოცნებობენ პრემიერლიგაში პირველობაზე, ”არსენალისთანა” დიდი გუნდის გულშემატკივრები რატომ უნდა დადიოდნენ თავჩაქინდრულნი? ამ დროს ბევრი ადამიანი იტყვის, რომ მწვრთნელები მიდიან და მოდიან, დიდი კლუბები და საგულშემატკივრო ტრადიცია კი რჩება, მაგრამ როდესაც არსენ ვენგერის გუნდიდან გაშვებას ითხოვ, მინიმუმ, ის მაინც უნდა გაიაზრო, ვინ შეიძლება მოვიდეს გუნდში მის ნაცვლად და შეძლებს თუ არა ის, გუნდის მეპატრონეთა სიძუნწის ფონზე ტიტულების მოგებას. როდესაც ესპანელ რაფა ბენიტესს ”ლივერპულიდან” უშვებდნენ, მაშინ, ჩემი სვეტების ერთგულ მკითხველებს შეიძლება ახსოვთ კიდეც, რომ პუტკუნა ესპანელს მთელი წერილი მივუძღვენი და იმედს გამოვთქვამდი, რომ ”წითლების” ხელმძღვანელობას ეყოფოდა გონიერება და რაფას გუშინდელი ლაწირაკივით არ მიუთითებდნენ კარისაკენ. ბენიტესი მაინც გაუშვეს და ყველას გვახსოვს პოსტბენიტესული ეპოქა რა მძიმედაც აისახა ლივერპულულ გრანდზე. ბენიტესის წასვლით, ლივერპულელებმა გამორჩეული მესაჭე დაკარგეს, ნეიტრალურმა ქომაგებმა კი ისეთი მატჩების ხილვის საშუალება, სადაც დონ რაფა ვენგერს, ფერგიუსონს და სხვა წონიან ხალხს უპირისპირდებოდა. დღეს, ბენიტესის ბედის გაზიარების საფრთხის წინაშე არსენ ვენგერი დგას, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის. როდესაც არსენი ”არსენალის” მწვრთნელი გახდა, მაშინ საქართველოში, ჩვენთვის სამარცხვინო სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო. საქართველოში ფეხბურთისთვის ჯერ არავის ეცალა და სამწუხაროდ, არც ევროპას ეცალა ჩვენთვის. ახალგაზრდა ქართველი გულშემატკივრების ნაწილი, შეიძლება ითქვას, რომ ”ვენგერის ხელშია გაზრდი” და ვინ მოთვლის აკუმულატორებზე მიერთებულ ციცქნა ტელევიზორებში რამდენჯერ გვინახავს მუსიე არსენის შუბლზე გაკვესებული ორი პარალელური ნაოჭი. სწორედ ამიტომაც არის, რომ დღეს ბევრ ადამიანს ლონდონის ”არსენალი” არსენ ვენგერის გარეშე ვერ წარმოუდგენია. შორს წაგვიყვანს იმ ფეხბურთელებზე საუბარი, რომლებიც სწორედ ვენგერმა აღმოაჩინა და ტალანტის გაფურჩქვნაში დაეხმარა. ასევე შორს წაგვიყვანს საუბარი იმ საოცარ მატჩებზე, რომლებშიც ვენგერის დიდი სამწვრთნელო ნიჭი და სტრატეგოსობა გამოჩენილა. ეს კაცი მარტო ”მეთოფეებსა” და მათ გულშემატკივრებს კი არა, მთელს ევროპას გვჭირდება. პირველ რიგში კი, გვჭირდება იმის კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად, რომ ფეხბურთში ყველაფერს ფულით ვერ იყიდი!
ლევან სეფისკვერაძე.