ინტერვიუები

10:46 | 18.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ ნაცვლიშვილი: "სტუმრად თამაშს თუ ვისწავლით, ჯგუფიდანაც გავალთ"

ფეხბედნიერი გამოდგა ქართველებისთვის მიუნხენში მდებარე FIBA-ს შტაბ-ბინაში გამართული 2011 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა.
6-წლიანი პაუზის შემდეგ, A დივიზიონში დაბრუნებული საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები პოლონეთის, ბულგარეთის, ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრები გუნდები იქნებიან. აღნიშნული ქვეყნებიდან არც ერთი მათგანი განეკუთვნება ე.წ. საკალათბურთო ქვეყანას და აღნიშნულიდან გამომდინარე, ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზურისთვის ბრძოლა სავსებით რეალურია.  შეგახსენებთ, რომ შესარჩევ ტურნირში 3 ჯგუფიდან, თითოეული ჯგუფის გამარჯვებული და 2 საუკეთესო მეორეადგილოსანი პირდაპირ ხვდება ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე, ხოლო მე-6 გამსვლელი ადგილის მფლობელის ვინაობა გადათამაშების შემდეგ გაირკვევა.
გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელთან, ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანთან, ვახტანგ (“ვატო”) ნაცვლიშვილთან.
- რა აზრის ხართ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის C ჯგუფზე, სადაც ჩვენი ნაკრები ითამაშებს?
- მართალია, ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონის შესარჩევ ტურნირში სუსტი გუნდი არ არსებობს, მაგრამ შედარებით სუსტი ჯგუფი გვერგო და სტუმრად თამაშს თუ ვისწავლით, ფინალურ ტურნირზე მოხვედრის კარგი შანსი გვექნება.
- თქვენ, როგორც ლეგიონერს, გითამაშიათ პორტუგალიასა და ბულგარეთში...
- პორტუგალიაც და ბულგარეთიც, ისევე როგორც ჩვენ, სამხრეთის ქვეყნები არიან და მათთან სტუმრად თამაში, გულშემატკივრების მხარდაჭერიდან გამომდინარე, ძნელი იქნება. როგორც პორტუგალიას, ისე ბულგარეთს, გამორჩეული ლიდერი არ ჰყავს და წარმატებას გუნდური თამაშის ხარჯზე აღწევენ. ორივე ქვეყანასთან გვითამაშია როგორც ამხანაგური, ისე ოფიციალური შეხვედრები. მოგვიგია კიდეც და წაგვიგია, მაგრამ ეს იყო წარსულში. ახლანდელ ჯგუფში გამოკვეთილი აუტსაიდერი არ არის და ყველა შეხვედრას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, თორემ შეიძლება დავისაჯოთ.
- პოლონეთსა და ბელგიაზე რას გვეტყვით?
- ამ ქვეყნების კალათბურთთან შეხება არ გვქონია და ვერაფერს გეტყვით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ორივე ქვეყანას ჰყავს წარმომადგენელი NBA-ში და მათი გუნდებიც წარმატებით გამოდიან ფიბა-ევროპის ტურნირებში, მათი სახით, სერიოზული მეტოქეები გვეყოლება.
- როგორია C ჯგუფზე თქვენი პროგნოზი?
- ჯგუფში ადგილები ასე განაწილდება 1. საქართველო; 2. პოლონეთი; 3. ბელგია; 4. ბულგარეთი; 5. პორტუგალია.
- ეს თქვენი სურვილია თუ ცივი გონებით მსჯელობთ?
- როგორც გნებავთ, ისე ჩათვალეთ.

როლანდ ლაბუჩიძე
 

0.121188