ინტერვიუები

14:09 | 15.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ ნაცვლიშვილი: "აქტიურ სპორტში დაბრუნებას აღარ ვაპირებ"

ქართულ საკალათბურთო სამყაროში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი, 33 წლის ვახტანგ ნაცვლიშვილი ვარჯიშს იწყებს და თავისი თამაშით, ყოფილი კლუბის, “თბილავიამშენის” დახმარებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ახალი, 2009-2010 წლების სეზონის დაწყების წინ, “თბილავიამშენს” ფინანსური პრობლემები შეექმნა და მე-19 ეროვნულ ჩემპიონატში მისი მონაწილეობის საკითხი, დადებითად, ტურნირის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე გადაწყდა. მანამდე, “მფრინავების” კალათბურთელებმა, “თბილავიამშენის” დაშლის შემთხვევაში უკლუბოდ რომ არ დარჩენილიყვნენ, სხვა გუნდებს მიაშურეს. კლუბის ხელმძღვანელობა კი, იძულებული გახდა, კალათბურთელებისაგან თითქმის დაცლილი გუნდის შევსებაზე ეზრუნა, რამაც დიდწილად შეუწყო ხელი ინფორმაციის გავრცელებას ნაცვლიშვილის დაბრუნებაზე, რომელმაც აქტიური სპორტიდან წასვლა 2008-2009 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა.
ზემოთ ნახსენები ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, “მსოფლიო სპორტი” ვახტანგ ნაცვლიშვილს დაუკავშირდა.

- საკალათბურთო სამყაროში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “თბილავიმაშენმა” ნაცვლიშვილს გუნდში დაბრუნება შესთავაზაო. “მფრინავების” ხელმძღვანელობა მართლა დაგიკავშირდათ?
- მართალია, “თბილავიმშენის” ხელმძღვანელობა დამიკავშირდა და კლუბში დაბრუნება შემომთავაზა.
- კონკრეტულად ვინ დაგიკავშირდათ?
- გუნდის მთავარ მწვრთნელ ლევან მოსეშვილს ვესაუბრე
- თქვენ რა უპასუხეთ?
- ერთხელ უკვე დავბრუნდი და დავრწმუნდი, რომ ჩემთვის დიდი კალათბურთი დასრულდა. აქტიურ სპორტში დაბრუნებას აღარ ვაპირებ.
- თქვენი ხელახალი დაბრუნება მოულოდნელი არ იქნებოდა, რადგან შარშან კარგად ითამაშეთ და გამოკითხვაში, რომელსაც სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელი უნდა დაესახელებინა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების - გიორგი გამყრელიძისა და კოტე ტუღუშის შემდეგ, მე-3 ადგილზე გახვედით.
- დიდი მადლობა ვინც ხმა მომცა მაგ გამოკითხვაში, მაგრამ საქმე ისაა, რომ თავად მე არ მანიჭებს სიამოვნებას ჩემი თამაში. ამიტომ აღარ ვაპირებ დაბრუნებას.
- თქვენ იმ სპორტსმენთა კატეგორიას განეკუთვნებით, რომელიც თუ მოინდომებს, ყველაზე ცოტა, საქართველოს ჩემპიონატის მოთხოვნებს მაინც დააკმაყოფილებს...
- თამაში სხვაზე უფრო მე მსურს, მაგრამ ფეხის ძველი ტრავმა არ მაძლევს საშუალებას. ასე რომ არ იყოს, ორი-სამი სეზონი კიდევ ვითამაშებდი.


როლანდ ლაბუჩიძე

0.116909