ფეხბურთი

14:40 | 19.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ კვარაცხელია: "გული არ გამტეხია. პირიქით..."

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ფორვარდი ვახტანგ კვარაცხელია მარტის დასაწყისში ქუთაისის "ტორპედოდან" რუსთავის "მეტალურგში" გადავიდა - სეზონის ბოლომდე და შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით. კვარაცხელიას ხშირი სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა და მისი არჩევანი გასაგებია. იყო პერიოდი, როცა კვარაცხელია ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ თავდამსხმელად მიიჩნეოდა, თუმცა ტრავმებმა და უთამაშებლობამ იმოქმედა.

"მსოფლიო სპორტი" კვარაცხელიას ესაუბრა:

- "ტორპედოდან" წასვლის გამო გული დაგწყდათ?

- იქ ისეთი სირუაცია იყო, რომ გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა. თამაში არ მიწევდა. მწვრთნელი არ მენდობოდა და სჯობდა, სხვაგან გადავსულიყავი. გია გეგუჩაძესთან კონფლიქტი არ მქონია. უბრალოდ, სჯობდა, წავსულიყავი. პრეზიდენტმა ხელი არ შემიშალა. ორმხრივი შეთანხმებით, გუნდი დავტოვე და "მეტალურგში" გადავედი.

- "მეტალურგში" ორი მატჩი ჩაატარეთ. რუსთავში ადრეც გითამაშიათ და ალბათ, შეჩვევის მხრივ პრობლემა არ გექნებოდათ...

- პრობლემა ნამდვილად არ მქონია. "მეტალურგის' ფეხბურთელთა 90 პროცენტს აქამდეც ვიცნობდი.

- რას იტყვით ახალ გუნდზე და მწვრთნელზე?

- ჩემპიონატში სატურნირო დატვირთვა არ გვაქვს, რადგან არ გავვარდებით და მეექვსე ადგილსაც ვერ ავცდებით. თასზე კი ყველანაირად ვეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ. მწვრთნელს რაც შეეხება, გიორგი ყიფიანს შემტევი სტილი უყვარს და ცდილობს, რომ თანამედროვე, გამართული ფეხბურთი ითამაშოს გუნდმა.

- რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ევროტურნირებზე სათასო გზით გასვლა?

- სავსებით რეალურად. "სპარტაკს" მეოთხედფინალის პირველი მატჩი მოვუგეთ და უპირატესობა გვაქვს. თუ გავედით, შემდეგაც თავდაუზოგავად ვიბრძოლებთ. გვყავს გამოცდილი ფეხბურთელები და ასევე, კარგი ახალგაზრდები.

- ცოტა წარსულზეც: სკოლის ასაკში იყავით, როცა უმაღლეს ლიგაში პირველად ითამაშეთ. რამ შეგიშალათ ხელი, რომ უფრო კარგად წარმოგეჩინათ თავი?

- უმაღლესში პირველად 15 წლის ასაკში ვითამაშე. ეს იყო "თბილისში". ფეხბურთში მწვრთნელისგან ნდობა და მხარდაჭერაა მთავარი. თუ ამას გრძნობ, საქმეც გაცილებით უკეთ წავა. გარდა ამისა, ტრავმა მივიღე და 8 თვე გამოვტოვე. დამეთანხმებით, ცოტა არაა.

- საუკეთესო პერიოდად რომელს მიიჩნევთ?

- "ვიტ ჯორჯიასა" და ბათუმის "დინამოში" სტაბილურად ვთამაშობდი და გოლები გამქონდა.

- უცხოეთშიც იყავით. ჯერ ლიტვის "ვეტრაში" თამაშობდით, ორი წლის წინ კი ისრაელში გადასვლის შანსი გქონდათ. რატომ ჩაიშალა?

- "ვეტრაში" 6-7 წლის წინ ვიყავი. არ ვიცი, იქ დიდხანს რატომ ვერ დავრჩი. გინდ დაწუნება დაარქვით, გინდ სხვა რამე. ისრაელში კი "ტორპედოდან" წავედი. კვირას კონტრაქტი უნდა გამეფორმებინა და წინა დღეს ტრავმა მივიღე. სურათი გადამიღეს და აღმოჩნდა, რომ მოკლე პერიოდში თამაშის დაწყება გამორიცხული იყო.

- ანუ, ბევრი გაგიცდათ. გულგატეხილი ხომ არ ხართ?

- არა. პირიქით. ფეხბურთელი პრობლემებმა არ უნდა გატეხოს, რადგან ეს კარიერის ნაწილია. მეც ასე ვარ, იმედით ვუყურებ მომავალს.

 ბადრი კეთილაძის ფოტო

0.1409