სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

10:22 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ ჭელიძე – “პირველი თასის თაობის” კაპიტანი

...1995 წლის 26 მარტს თბილისის ეროვნულ სტადიონზე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ერთმანეთს საქართველოსა და გერმანიის ნაკრებები ხვდებოდნენ. ქართველი გულშემატკივარი იურგენ კლინსმანისა და მისი თანანაკრებელების დასახვედრად და ასპარეზობის სანახავად კარგა ხნის განმავლობაში ემზადებოდა  და კალენდრის დამტკიცების მომენტიდან “დიდ მატჩამდე” დარჩენილ დღეებს ითვლიდა . სტადიონის ტრიბუნები გასასვლელ კიბეებიანად მთლიანად მაყურებლით იყო სავსე. საერთო აღიარებით, ამდენი ქომაგი არასდროს მისულა “დინამოზე”. მატჩის შესვენებისას დიქტორმა მეტად სამწუხარო ამბავი გვამცნო – გარდაიცვალა თბილისის “დინამოს” ყოფილი კაპიტანი ვახტანგ ჭელიძე. მოულოდნელმა ცნობამ იმდენად იმოქმედა, რამდენიმე წუთიტ მინდვრისკენ გახედვაც არ მინდოდა, თვალწინ წარმომიდგა ახოვანი მცველი, რომელიც ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში უკანახაზზე საიმედო თამაშით გამოირჩეოდა, გუნდის შეტევაში ჩასართველადაც საჭირო მომენტს არჩევდა, ზუსტი და ძლიერი დარტყმებით “დინამოსთვის” მნიშვნელოვანი გოლების გატანას ახერხებდა, გულშემატკივრის სიყვარული და დაფასება დაიმსახურა, საკავშირო ჩემპიონატის პრიზიორი ხუთჯერ გახდა, 1976 წელს საბჭოთა კავშირის თასი ჩვენი “დინამოს” კაპიტნის სტატუსით მოიპოვა...

ვახტანგ ჭელიძემ ფეხბურთის თამაში ადრეულ ასაკში ყველასთვის ფშმ-ად ცნობილ სკოლაში გოგი მამალაძესთან დაიწყო. ნიჭიერი მოთამაშე საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში მოხვდა, სადაც ოსტატობას ვოვა ელოშვილის დამრიგებლობით ხვეწდა. 1963 წლიდან, 18 წლის ასაკში “დინამოს” მომავალი კაპიტანი ჩვენი საფეხბურთო ფლაგმანის დუბლშემადგენლობაში აიყვანეს, პირველ სერიოზულ წარმატებას კი ვახტანგ ჭელიძემ მომდევნო სეზონში მიაღწია. უფროსი მეგობრების, თანაგუნდელების მსგავსად საბჭოთა კავშირის ჩემპიონები დინამოელთა დუბლიორებიც გახდნენ, პირველობისთვის განკუთვნილი თასი კი თბილისის  სპორტის სასახლეში ტაშკენტის მატჩის გმირებთან ერთად გუნდის უახლოესი რეზერვის კაპიტანმა ვახტანგ ჭელიძემ ჩაიბარა.

პერსპექტიული მცველი ჭაბუკთა საკავშირო ნაკრებში ჯერ კიდევ თბილისის “დინამოში” მიწვევამდე აიყვანეს. ვახტანგ ჭელიძემ ყველა ასაკობრივ რჩეულ გუნდსა და საბჭოთა კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში ითამაშა, 1965 წლიდან მოყოლებული კი 12 სეზონის განმავლობაში დინამოელთა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. მის მიერ დაუფლებულ ტიტულებზე უკვე მოგახსენეთ და ეს სია უფრო სოლიდურიც იქნებოდა 1969 წლის სეზონის დასაწყისში სვერდლოვსკში მძიმე ტრავმა რომ არ მიეღო, რაც ხანგრძლივ უქმობად დაუჯდა. მთლიანობაში  ვახტანგ ჭელიძემ 343 ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლის ავტორი გახდა. მან დიდი წვლილი შეიტანა 70-იანი წლების შუაგულში “ახალი დინამოს” ჩამოყალიბების საქმეში. 1974-76 (საგაზაფხულო ჩემპიონატი) წლების 3 პირველობაზე ვახტანგ ჭელიძემ მხოლოდ... 4 მატჩი გამოტოვა, 1975-ის ჩემპიონატი კი სულაც შეუცვლელად ითამაშა. წლის ბოლოს გამოცდილი მცველი და ერთ-ერთი ლიდერი გუნდის კაპიტნად აირჩიეს. გაზაფხულის პირველობაზე “დინამომ” ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და საკავშირო თასის ნახევარფინალში გავიდა. ვახტანგ ჭელიძემ ამ ეტაპამდე ყველა სათასო ბატალიაში მიიღო მონაწილეობა, დონეცკის ნახევარფინალსა და მოსკოვის გადამწყვეტ მატჩში კი ტრავმის გამო ვერ ითამაშა. კაპიტანი ამ პრინციპულ მატჩებზე თანაგუნდელებს გაჰყვა და ერევნის “არარატის” დამარცხების შემდეგ თასით ხელდამშვენებული დაბრუნდა თბილისში. აეროპორტში მისული გულშემატკივარი თვითმფრინავის ჩვენ დედაქალაქში დაშვების შემდეგ საფრენი აპარატის კარს მისჩერებოდა და თასით ხელდამშვენებული ბორტიდან პირველი თბილისის “დინამოს” კაპიტანი ვახტანგ ჭელიძე  გამოვიდა. სწორედ მან და მისმა თაობამ აღასრულეს ქართველ გულშემატკივართა 40 წლიანი ნატვრა და საკავშირო თასი თბილისში ჩამოიტანეს.

ზემოთ ვახტანგ ჭელიძის მიერ ჩატარებული 350-მდე მატჩი ვახსენეთ. ამ შეხვედრათა დიდი ნაწილი დინამოელთა მცველმა მაღალ დონეზე გამართა, განსაკუთრებით კი, ჩემი აზრით, მისი მონაწილეობით მოსკოვში “ტორპედოს”, ბელგრადში ოფკ-ს, სამხრეთესპანური უელვას “კარაველას თასზე” ჩატარებული ასპარეზობები უნდა გამოვარჩიოთ.

1968 წლის ზაფხულში “დინამო” საბჭოთა კავშირის დედაქალაქში იქაურ “ტორპედოს” ეთამაშებოდა. ტორპედოელებს იმხანად კარგი გუნდი ჰყავდა. ამის საილუსტრაციოდ მხოლოდ ედუარდ სტრელცოვის დასახელებაც კმარა. მინდორზე გასულმა დინამოელებმა მაღალ დონეზე ითამაშეს, 2:0 მოიგეს, ერთ-ერთი ბურთი კი ულამაზესი დარტყმით ვახტანგ ჭელიძემ გაიტანა. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ ჩვენების მეორე ბურთი სლავა მეტრეველის ანგარიშზეა, რამაზ ურუშაძემ კი სტრელცოვის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

ასევე მეტად ეფექტური გოლი გაიტანა ვახტანგ ჭელიძემ 1973 წლის 7 ნოემბერს, ბელგრადში უეფას თასის საპასუხო მერვედფინალური მატჩის მსვლელობისას. დინამოელთა ცენტრალური მცველი შეტევაში ჩაერთო და ბურთი ოფკ-ს კარში ლურსმანივით “ჩააჭედა”. შემდეგ იყო ლონდონის “ტოტენჰემ ჰოთსპურთან” ორრაუნდიანი პაექრობა, რომელსაც ვახტანგ ჭელიძე “პირველ მერცხალს” ადარებდა.

იმავე წლის აგვისტოს მიწურულს კი თბილისის “დინამომ” მეტად პრესტიჟული “კარაველას თასი” მოიპოვა. უელვაში ეს ტურნირი მეტად პოპულარული გახლდათ, მასში ხშირად მონაწილეობდა მადრიდის “რეალი” და გამარჯვებულისთვის განკუთვნილ თასსაც ეპატრონებოდა, დინამოელებამდე კი უცხოელთაგან შეჯიბრების გამარჯვებული მხოლოდ უნგრეთის “უიპეშტ დოჟა” და ბრაზილიის “სან პაულო” გამხდარიყვნენ. ნახევარფინალში თბილისელები მადრიდის “ატლეტიკოს” შეხვდნენ. “ზოლიანთა” ძლიერებაზე ერთი ფაქტის მოყვანაც კმარა – უელვას ტურნირის შემდეგ “ატლეტიკო” (იმხანად მის რიგებს ლუის არაგონესიც იცავდა) ახალ სეზონში ჩაება და ჩემპიონთა თასის ფინალამდე გააღწია. “დინამო”-“ატლეტიკოს” ნახევარფინალი უგოლოდ დასრულდა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. საფეხბურთო ლატარეაში დინამოელებმა იყოჩაღეს – ერთ-ერთი თერთმეტმეტრიანი ჭელიძემაც გაიტანა, ჩვენმა მეკარე დავით გოგიამ კი კასტილიელთა 3 პენალტი უკუაგდო!

ფინალში “დინამომ” ლისაბონის “ბენფიკას” წინააღმდეგ ითამაშა და ჩემპიონთა თასის ორგზის ტრიუმფატორი ბრწყინვალე სტილით 3:1 დაამარცხა. პარტნიორებთან ერთად, ვახტანგ ჭელიძემ “ფეხი არ გაანძრევინა” პირენელ ვარსკვლავებს.

პარტნიორთაგან სლავა მეტრეველს, მურთაზ ხურცილავას, კახი ასათიანს, თეიმურაზ სტეფანიას, დათო ყიფიანს გამოარჩევდა. სამწუხაროდ ამ დაუვიწყარი კვინტეტიდან დღეს ცოცხალი მხოლოდ ხურცილავაა და ჩვენც ბატონ მურთაზს  დავუკავშირდით: “ვახტანგ ჭელიძე 1962 წელს, თვითმფრინავში გავიცანი. იმხანად ის საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრებში თამაშობდა, მე უკვე პირველი ნაკრების წევრი გახლდით და ბუქარესტიდან ერთად ვიმგზავრეთ. მომდევნო წლიდან ვახტანგი “დინამოში” აიყვანეს და 12 წლის განმავლობაში პარტნიორები ვიყავით. ვახტანგ ჭელიძეზე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა. იგი ჭკვიანი, დინჯი, მოაზროვნე მოთამაშე იყო. დაცვაში საიმედოდ “იდგა”, ამასთან როგორც კი შესაფერისი მომენტს დაიგულებდა, წინ, შეტევაში მიდიოდა და იერიშის სათანადოდ დაგვირგვინება შეეძლო. ძალიან საწყენია მეტად ადრეულ ასაკში რომ დააკლდა ოჯახს და მთლიანად ქართულ საფეხბურთო საზოგადოებას”.

ვახტანგ ჭელიძე 1995 წლის 26 მარტს, 50 წლის გარდაიცვალა...

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.168342