ფეხბურთი

12:29 | 25.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვაწაძემ “დილა” მოინახულა

გორის “დილამ” დანიაში მორიგი ვარჯიში გამართა. ამჯერად გუნდმა “ნორდისკ არენაზე” ივარჯიშა, რომლის საფარის მდგომარეობა იდეალურია. რაც შეეხება კლიმატს, საკმაოდ ცხელა, ადგილობრივების თქმით, ასეთი სიცხეები დიდი ხანია არ ყოფილა. საღამოობით კი, საკმაოდ გრილდება.

“დილას” პრესსამსახურის ცნობით, გიორგი დევდარიანმა შეგირდები დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ავარჯიშა. სამშაბათს გამართული წვრთნისგან განსხვავებით, ოთხაშაბათს მსუბუქად ივარჯიშა ირაკლი მოდებაძემ, რომელსაც მიკროტრავმა აწუხებს. სხვა ფეხბურთელები მწყობრში არიან და მომავალი დაპირისპირებისთვის სათანადოდ ემზადებიან.

ჯერ სასტუმროში, ხოლო შემდეგ ვარჯიშზე გუნდთან ერთად გახლდათ “დილას” ყოფილი თავდამსხმელი მათე ვაწაძე, რომელიც ამჟამად, დანიის “ორჰუსში“ თამაშობს. მისი გამოჩენა ბიჭებისთვის დამატებითი სტიმული იყო. ვაწაძე და “ორჰუსის” სხვა ქართველი ფეხბურთელები, დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძე, 25 ივლისს “ოლბორგთან” მატჩს თვალს ტრიბუნიდან მიადევნებენ.

მათ გარდა, “ოლბორგი”-“დილას” მატჩს, საქართველოს ელჩი დანიაში ნიკოლოზ რთველიაშვილიც დაესწრება.

ადგილობრივების ცნობით, მომავალ დაპირისპირებაში “ოლბორგს” მხარს დაახლოებით 5000 გულშემატკივარი დაუჭერს. შეგახსენებთ, რომ თამაში თბილისის დროით 22:15 საათზე დაიწყება.

მატჩს პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი რობერტ მალეკი იქნება.


0.116222