ჩოგბურთი

12:35 | 21.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვავრინკა:" შევეცდები საფრანგეთში წარმატებას მივაღწიო"

 

შვეიცარიელმა სტანისლავ ვავრინკამ Monte-Carlo Rolex Masters-ის ფინალში თანამემამულე როჯერ ფედერერი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ვავრინკამ კარიერაში პირველი მასტერსი მოიგო, პირად რეიტინგს კი 1000 ქულა შემატა. ამჟამად შვეიცარიელი ჩოგბურთელი მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზე 6 580 ქულით იმყოფება და მხოლოდ ნადალსა და ჯოკოვიჩს ჩამორჩება. მონაკოში წარმატებული გამოსვლის შემდეგ სტანისლავ ვავრინკამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

_ დიდებული დღე გამოგივიდათ, როგორ შეაფასებთ მატჩს?

_ ვფიქრობ, დასაწყისში ორივე ვნერვიულობდით და პირველ სეტში ჩვენი თავი კარგად ვერ გამოვავლინეთ, თუმცა შეხვედრის საწყის ეტაპზე მან მცირედით მაჯობა. ამის შემდეგ საკუთარი თავი ვიპოვე. არასდროსაა მარტივი ფედერერთან თამაში, განსაკუთრებით ფინალში. წლეულს შედარებით კარგ ჩოგბურთს ვაჩვენებ. მეორე სეტში ტაიბრეიკში გავიმარჯვე და ამან გამბედაობა შემმატა. გადამწყვეტ ეტაპზე შევამჩნიე, რომ ფედერერი ცოტათი დაღლილი იყო და ეს ჩემთვის სასიკეთოდ გამოვიყენე.

_ ამ წელიწადს თქვენ პირველი დიდი სლემი და მასტერს 1000-ის პირველი ტურნირი მოიგეთ. რა შეიცვალა თქვენში, მენტალობაში, უფრო კარგი მოთამაშე გახდით?

_ დიახ, ყველაფერი წინა წელს შეიცვალა, როდესაც საფრანგეთის ღია ჩემპიონატში მეოთხედფინალში გავედი, ვითამაშე ფინალი მადრიდში და პირველი ნახევარფინალი ამერიკაში. ამ შედეგებით გავაანალიზე, რომ შემიძლია დავამარცხო ყველა ჩოგბურთელი. რასაც წელს ვაკეთებ ეს კარგი განხორციელებაა. ახლა აქ ყოფნით გაოცებული ვარ, მაგრამ როცა ვხედავ კორტზე რას ვაკეთებ და მატჩებს როგორ ვიგებ, ეს დიდი სიამოვნებას მანიჭებს.

_ ჩვენ დიდი ხანი ვსაუბრობდით ტოპ ოთხეულის ჩოგბურთელებზე. შეგვიძლია ახლა ვისაუბროთ ტოპ-5 მოთამაშეზე თქვენი ჩათვლით?

_ ვფიქრობ დიდი ოთხეული ყოველთვის იქნება: ნადალი, ჯოკოვიჩი, ფედერერი და მიურეი. მათ ბოლო წლებში ყველა ტურნირი მოიგეს და ჩვენ ამას ვერ შევცვლით. რეიტინგი იცვლება, მაგრამ სტატისტიკა იგივე რჩება: მათ ბევრი ტურნირი აქვთ მოგებუბული.

_ რაც შეეხება თიხას და თქვენ ცვლილებას, როგორც ჩანს შეეჩვიეთ თიხის კორტზე თამაშს. თქვენთვის ეს ადვილი გახდა?

_ დიახ, თიხაზე თამაში გამიადვილდა, ეს მარტივია. ყოველთვის მიხარია, როდესაც თიხაზე თამაში მიწევს. გრუნტზე თამაშიც მიადვილდება, შემიძლია კორტზე თავისუფლად ვიმოძრაო და საჭირო ქულები ავიღო. ალბათ ამიტომაც ვთამაშობ კარგად.

_ თამაშის დაწყებამდე თქვენ ბარიერზე საუბრობდით. შეგიძლიათ გვითხრათ რა იყო ეს დაბრკოლება და როგორ გადალახეთ?

_ თამაშიდან თამაშამდე დადებითი ემოციებით ვივსები. ჩემთვის ასეთი წარმატებები წარმოუდგენელია. ითამაშო როჯერ ფედერერის წინააღმდეგ ყოველთვის რთულია. ფინალში მისი ძლევა მოვახერხე, თუმცა ძალიან რთული აღმოჩნდა. ფედერერი ნებისმიერ მატჩს ალღოს უღებს და ეს მატჩის საწყის ეტაპზეც გამოჩნდა. ბარიერი წარმატებით გადავლახე.

_ გრუნტზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე ერთ-ერთი ფავორიტი იქნებით. რას ფიქრობთ ამ გამოწვევაზე?

_ როლან გაროსამდე რომის და მადრიდის ტურნირები გველოდება. ამის შემდეგ მჯერა, რომ კვლავ სამეულში ვიქნები. გრუნტზე კარგად ვთამაშობ და ნორმალურია ფავორიტთა შორის ყოფნა. თუმცა მინდა აღვნიშნო ძალიან შორს ვარ ისეთი მოთამაშეებისგან როგორიცაა: ნადალი, ჯოკოვიჩი და ფედერერი. მიუხედავად ყველაფრისა, კარგ გამოსვლას გავაგრძელებ და შევეცდები საფრანგეთში წარმატებას მივაღწიო.

 

გიორგი ბალახაძე

 

0.113154