სექტემბრის 20 დღის განმავლობაში კალათბურთის გულშემატკივართა ყურადღება სლოვენიისკენ იყო მიმართული, სადაც ევრობასკეტ2013-ის საინტერესო სპორტული სპექტაკლები ჩატარდა. ოქტომბრიდან კი ქართველი ქომაგები საშინაო ტალღაზე გადაერთვებიან. მომავალი თვის 19-ში ჩვენი სუპერლიგის მორიგი გათამაშება დაიწყება. ახალი სეზონის სტარტის წინ თბილისის კალათბურთის ფედერაციისა და “დინამოს” პრეზიდენტ ვატო ნაცვლიშვილს შევხვდით და როგორც ევრობასკეტ2013-ის თვითმხილველს, პირველი კითხვა კონტინენტის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდის გამოსვლაზე დავუსვით.
- სლოვენიაში ევრობასკეტ2013-ის მატჩებს დაესწარით და საქართველოს ეროვნული გუნდის მატჩები უშუალოდ ტრიბუნიდან იხილეთ. რა შეფასებას მისცემდით ტურნირზე ჩვენი ნაკრების გამოსვლას?
- ბიჭებმა თავდადებით ითამაშეს და ნებისმიერი გულშემატკივარი დარწმუნდა, რომ ზაზა ფაჩულია-თორნიკე შენგელიას არყოფნის პირობებშიც კი, ჯგუფიდან გასვლა არათუ მითი, სავსებით რეალური გახლდათ. ძალიან მტკივნეულია ერთი ქულით შეხვედრის დათმობა, მაგრამ წაგება მაინც მარცხია. საქართველოს ნაკრები აქცენტს პრაქტიკულად 6 მოთამაშეზე აკეთებდა, ასეთი მიდგომით კი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოსვლა შეუძლებელია. ეროვნულ პირველობაზე შეხვედრები კვირაში ერთხელ იმართება, კონტინენტის ჩემპიონატზე კი 5 მატჩის ჩატარება ლამის ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევდა. გუნდმა დიდი ძალა შეალია სლოვენიასთან შეხვედრას, ბოლომდე დაიხარჯა და ჩეხებთან მტკივნეული მარცხი ვერ ავიცილეთ. თანაც, ჩემი აზრით, ტაქტიკაც არასწორად იყო შერჩეული. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ნაკრებს უკეთ გამოსვლის პოტენცია ჰქონდა. გულშემატკივრისთვის გაუგებარია, რატომ აიყვანეს ნაკრებში ლუკ ზელერი, რომლის სლოვენიაში წაყვანის შანსი იმთავითვე მცირე იყო. თუმცა, მე ვიცი ზელერის მოწვევის რეალური მიზეზი – მას საქართველოს მოქალაქის პასპორტი გადასცეს, რამაც დიდწილად ევროპულ კლუბში თამაშის გზა გაუხსნა. კონტინენტის კლუბებს ამერიკელი კალათბურთელების აყვანაზე ლიმიტი აქვთ დაწესებული და ჩვენი, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშე მათ დამატებითი ტრანსფერის გაკეთების საშუალებას აძლევს. რამდენაც ჩემთვისაა ცნობილი, ერთ-ერთ იტალიურ კლუბს ევრობასკეტზე გიორგი ცინცაძის თამაში მოეწონა და მისი აყვანა სურდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ბენჯამინ ვუდსაიდზე გააკეთა. გეხსომებათ, ეს უკანახაზელი “არმიას” ღირსებას იცავდა და ჯიბეში საქართველოს პასპორტი უდევს. კალათბურთში ახალბედა ნამდვილად არ ვარ და ბევრ რამეს პროფესიულად ვხედავ, ევროკალათბურთში მიმდინარე პროცესებშიც ვერკვევი. ჩემი კრიტიკაც საქმიანია, თუმცა, ეს ნაკლებად სიამოვნებთ. ევროპის პირველობაზე ერთადერთი ცენტრით გავემგზავრეთ. უპრიანი იქნებოდა სლოვენიაში გიორგი შარაბიძეც წაგვეყვანა. გუნდში გიორგი შერმადინთან ერთად 2 მეტრსა და 10 სანტიმეტრს აცილებული მხოლოდ ნიკოლოზ ცქიტიშვილი გვყავდა და მას მეტი სათამაშო დრო უნდა დათმობოდა. გეხსომებათ, შარშან ნიკა ნაკრებს მიღმა დატოვეს და მან ცხელ გულზე ინტერვიუ მისცა თქვენ ვებგვერდს და განაცხადა, რომ კოკოშკოვის ნაკრებში არასდროს ითამაშებდა. ნიკა ჩემი ოჯახის წევრია და მაშინ მას ბევრი ვესაუბრე. ჩვენი ეროვნული ნაკრები ხომ საქართველოს ეკუთვნის და არა იგორ კოკოშკოვს. ფაჩულია-შენგელიას არყოფნის დროს, ცქიტიშვილს მეტი სათამაშო დრო უნდა მისცემოდა. შესაძლოა, ნიკა სალიდერო თვისებებით არ გამოირჩევა, მაგრამ ჩვენი ნაკრებისთვის გაცილებით მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია.
- თქვენი აზრით, რამდენად სწორად განხორციელდა სანაკრებო სელექცია?
- სელექციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ახორციელებს და არა მთავარი მწვრთნელი. მოგეხსენებათ, “ფინიკს სანზი” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფში ვერ გავიდა და კოკოშკოვს საშუალება ჰქონდა ჩვენი სუპერლიგის მატჩებს დასწრებოდა. ამ შემთხვევაში მას სანაკრებო კანდიდატებისადმი დაკვირვების გაცილებით მეტი დრო და საშუალება მიეცემოდა. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, თუკი საქართველოს ნაკრებს ევროპელი სპეციალისტი დამოძღვრავს. მწვრთნელი ჩვენი სუპერლიგის შეხვედრებსაც უნდა ესწრებოდეს და ევროპაში მოასპარეზე ლეგიონერებსაც მაქსიმალურად ხშირად ადევნებდეს თვალყურს. ეს სამომავლოდ უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რადგანაც ნაკრების წევრთა დიდი ნაწილი “კრიტიკულ” საკალათბურთო ასაკს უახლოვდება. შეიძლება ითქვას, რომ გასულ ევრობასკეტებზე ჩვენი წამყვანი მოთამაშეები პიკზე იყვნენ, მაგრამ უბერებელი არავინაა და იმის გათვალისწინებითაც “საკალათბურთო ასაკი” თანდათან რომ მცირდება, მწვრთნელებს ახალი სისხლის გადასხმა აუცილებლად მოუწევთ. აქედან გამომდინარე, ბავშვთა კალათბურთი უნდა კიდევ უფრო უნდა განვავითაროთ და თბილისის ფედერაცია ამას განსაკუთრებით დიდ ყურადღებას დაუთმობს.
- ბავშვთა კალათბურთზე აუცილებლად დაგისვამთ კითხვას, ოღონდ ჯერ ევრობასკეტის მსაჯობაზე ვთქვათ. არბიტრებმა ჩვენი ნაკრების წინსვლა შეაჩერეს?
- სლოვენიასთან აშკარად დაგვჩაგრეს, თუმცა, მთლიანობაში მეორე ჯგუფურ ეტაპზე ვერგასვლა მათი ბრალი ნამდვილად არაა. მასპინძლებთან მატჩს რაც შეეხება, სახლის ფაქტორი ხშირად მოქმედებს მსაჯებზე, მაგრამ ამჯერად მათ დასაშვებს გადაამეტეს. ერთ მომენტში თავი ვერ შევიკავე, ტრიბუნიდან ქვემოთ, პარკეტისკენ დავეშვი და არბიტრებს სათქმელი მკაცრი ტონით მოვახსენე.
- რა სიახლეებს უმზადებს თბილისის კალათბურთის ფედერაცია გულშემატკივარს ბავშვთა კალათბურთის კუთხით?
- თბილისის კალათბურთის ფედერაცია ბავშვთა ლიგის შექმნას აპირებს. საბოლოოდ, სავარაუდოდ, დეკემბრისთვის ჩამოვყალიბდებით. 12-14 და 14-16 წლამდელ კალათბურთელთა ლიგას შევქმნით. საკალათბურთო სკოლებთან ამასთან დაკავშირებით საუბარი დაწყებული გვაქვს. გუნდებს საწევროს გადახდისგან გავათავისუფლებთ. თანხის გადახდა მძიმედ აწვებათ მშობლებს, რომლებსაც ბავშვთა საასპარეზო ეკიპირების ფულის გარდა, სამონაწილეო და მსაჯთა თანხის გაღებაც უწევთ. აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ პირადად ჩემთვის თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი გაუგებარი მიზნითაა დაფუძნებული. რატომ მაინცა და მაინც თბილისის და არა საქართველოს კალათბურთის განვითარების კავშირი? პრინციპში, ჩვენ ფედერაციას ეს პრობლემას არ უქმნის. გეხსომებათ, ადრე, “კოკა კოლასთან” თანამშრომლობით, ბავშვთა ლიგა არსებობდა. თბილისის მასშტაბით ამ ლიგის აღდგენა გვინდა. 2015 წლისთვის ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზი მწყობრში ჩადგება, “კოკა კოლასთანაც” ვმართავთ მოლაპარაკებას და ბავშვთა ლიგაც ამოქმედდება. ჩემ მიერ ნახსენები კავშირი დაჩქარებულად მოქმედებს – ბავშვთა ლიგა ოქტომბერში არასდროს დაწყებულა. თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა მემორანდუმი გააფორმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან და საკალათბურთო კლუბები დაავალდებულა მონაწილეობა მიიღონ კავშირის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებზე. თანაც, ამ ტურნირებს ასაკობრივი სუპერლიგის ერთგვარი შესარჩევი სტატუსი მიანიჭა. თავისთავად, მოზარდი რაც უფრო მეტ მატჩს ჩაატარებს, მისთვის უკეთესი, ოღონდ სუპერლიგის წევრ “დინამოს” ყველა ასაკობრივი გუნდი ჰყავს და ლიცენზია ავტომატურად უნდა გვქონდეს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში ხსენებული დებულება გავაპროტესტეთ. ისე არ გაგვიგოთ, თითქოს თამაშს ვასაჩივრებდეთ, მაგრამ ლიცენზია გვეკუთვნის.
ვმუშაობთ ბავშვთა ლიგის შექმნის პროექტზე. ყოველმხრივ შევეცდებით ნაყოფიერად ვიმოქმედოთ. ამ ლიგაში გაწევრიანების თანხმობა და სურვილი “დინამომ”, “ოლიმპიურმა რეზერვებმა”, “ვერის ბაღის სკოლამ”, ს.კ. “ვერემ”, “ბასტიონმა”, “მაკაბიმ”, “სოხუმმა” გამოთქვეს. ჯერჯერობით ამ ლიგაში არ გაწევრიანებულან “ჰიუნდაი” და “აკადემია” – მათთვის კარი ღიაა.
თბილისის ფედერაციის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაკეთებულ საქმეს რაც შეეხება, ბავშვთა 2 ტურნირს და 3X3-ზე კალათბურთის “თბილისი ჩელენჯი” ჩავატარეთ. თბილისობაზე 3X3-ზე მოყვარულ კალათბურთელთა შეჯიბრების გამართვას ვაპირებთ. ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არაა, 18 წლამდელებთან ერთად 20 წლამდელებიც იასპარეზებენ თუ არა.
- მალე საკალათბურთო სუპერლიგა აიღებს სტარტს. საქართველოს მორიგ ჩემპიონატს თბილისის “დინამო” რა განწყობითა და მიზნებით ხვდება?
- ჯერ ცვლილებებზე ვთქვათ. “დინამო” დატოვა ბექა ჩიკვილაძემ. სამაგიეროდ ჩვენ გუნდში ჩაირიცხნენ ბესიკ ლეჟავა, მიხეილ ჭოჭუა, ზვიად ანთაძე, ლაშა გამყრელიძე. ლეგიონერთაგან კვლავ ჩვენთან ითამაშებს ქიენ კარტერი. გვეიმედება ახალგაზრდა მოთამაშეებისაც. ვფიქრობთ ცენტრის დამატებას. მიზანს რაც შეეხება, პრინციპში საპრიზო ადგილისთვის საბრძოლველად მზად შარშანაც ვიყავით, მაგრამ მთელი სეზონის განმავლობაში ბედი ფატალურად არ გვწყალობდა. უმძიმესი ტრავმები მიიღეს კარტერმა, სოსო ლეჟავამ, მილან ოლუიჩმა, ჩიკვილაძემ. თბილისში ჩამოსვლიდან მეორე დღეს მოიწამლა ფლინ კლაიმენი.
5 ოქტომბერს სტარტს დუდუ დადიანის სახელობის ტურნირი აიღებს სტარტს. ვერ გეტყვით, ვითამაშებთ თუ არა ამ შეჯიბრებაზე, რადგან გუნდი ბოლომდე დაკომლექტებული არაა. 19 ოქტომბერს კი სუპერლიგაში ჩავებმებით და შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ თბილისის “დინამოს” საჩემპიონო ამბიცია ექნება.