ფეხბურთი

19:37 | 7.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვასილ მაისურაძე: “უელსთან და მოლდოვასთან პირველ ნომრად ვითამაშებთ”

როგორც იცით, 13-18 ნოემბერს თბილისში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის I საკვალიფიკაციო ეტაპის მე-11 ჯგუფის მატჩები გაიმართება. ჯგუფში არიან საქართველო, ჰოლანდია, უელსი და მოლდოვა. ვასილ მაისურაძის გუნდმა 4 ნოემბერს დაიწყო შეკრება და ღია ვარჯიში გამართა ტექნიკურ ცენტრ “ბასა” მოედანზე.

ჯერჯერობით, მაისურაძის გუნდი ბოლომდე არაა შეკრებილი, რადგან უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების, “ტორპედოსა” და ‘დილას” ფეხბურთელები აკლია.

ვასილ მაისურაძე: - ერთადერთი პრობლემა სწორედ ესაა, რომ “ტორპედოდან” და “დილადან” ველოდებით ფეხბურთელებს. ჯერ საბოლოო 18-კაციან სიაზე არ შევჯერებულვართ, უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ.

- როდის იქნებიან ეს ფეხბურთელები ადგილზე და რატომ ვერ მოხერხდა მათი ნაკრებში წამოსვლა?

- კლუბებმა არ გამოუშვეს, რადგან კიდევ ჩემპიონატის ტურია. ჩვენ ვერაფერს ვიზამდით ამ შემთხვევაში. 9 ნოემბერს იქნებიან ადგილზე, მაგრამ აღდგენასა და შეჩვევას კიდევ ერთი დღე სჭირდება. 

- მეტოქეებზე რა ინფორმაციას ფლობთ?

- ჰოლანდია რომ ყველაზე ძლიერი მეტოქეა, ამას თქმა არ უნდა. სამწუხაროდ, უელსის ნაკრებზე არ გვაქვს არანაირი ვიდეომასალა. ფირი ან არ გამოუგზავნიათ, ან ჩვენამდე არ მოვიდა. ფაქტია, ფირი არ გვაქვს.

- ამ ნაკრების ძირითადი ბირთვი, 1995 წელს დაბადებულებისა, შარშან 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანეთ. შესაბამისად, ახლაც ბევრს ველით.  

- არ მინდა, რომ ზედმეტი წნეხის ქვეშ მოექცნენ ბიჭები. ითამაშებენ და ყველაფერს დადებენ. მაინცდამაინც, არიქა და ჰოლანდიასთან აუცილებლად უნდა მოიგონო, ამით ნუ დავძაბავთ. თუმცა, მოლდოვასთან და უელსთან პირველ ნომრად ვითამაშებთ.

- გუნდში არა მხოლოდ 1995 წელს დაბადებულები, უმცროსებიც გყავთ.

- დიახ, 1996 წელს დაბადებულები არიან კერძევაძე, ზარანდია, თევზაძე, ტაბიძე. სამიდან ორი მეკარე კი 1997 წელსაა დაბადებული: გოშაძე და ქურდაძე.

- ლაშა დვალს ტრავმა აქვს?

- დიახ. დვალსაც და აკაკი შულაიასაც. ამიტომ არ არიან სიაში.

- პაოკ-ში თითქმის გადაწყვეტილია ალეკო ჩაკვეტაძის ჩარიცხვის საკითხი. ის 1995 წელს არის დაბადებული და თქვენს სიაში არაა.

- ჩაკვეტაძის პაოკ-ში გადასვლის საკითხი წყდება, ამიტომაც, ამ ეტაპზე ხელი არ შევუშალეთ. ვიცით მისი შესაძლებლობები, გვყავდა ადრე ნაკრებში და მომავალში შანსი აუცილებლად მიეცემა.

 

აქვე, კალენდარიც:

13 ნოემბერი

14:00. მიხეილ მესხი. საქართველო-უელსი

15:00. დინამო არენა. ჰოლანდია-მოლდოვა

15 ნოემბერი

14:00. მიხეილ მესხი. მოლდოვა-საქართველო

15:00. დინამო არენა. ჰოლანდია-უელსი

18 ნოემბერი

15:00. დინამო არენა. უელსი-მოლდოვა

15:00. მიხეილ მესხი. საქართველო-ჰოლანდია.

 

ჯგუფიდან ელიტ-რაუნდზე 2 საუკეთესო გავა. ასეთი სულ 13 ჯგუფია და 2 საუკეთესო მესამეადგილოსანიც მიიღებს ელიტ-რაუნდის საგზურს, ანუ იქ 28 ნაკრები შეიკრიბება.

 

0.230498