ინტერვიუები

16:34 | 14.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვასილ მაისურაძე: “სივრცეები აღარაა, ინდივიდუალიზმი აღარაა”

“ფეხბურთი ტაქტიკურმა სქემებმა დაიპყრო, სივრცეები აღარაა და არ ჩანს ინდივიდუალიზმი. არ მიკვირს, რომ ასე ხდება ამ ევროპის ჩემპიონატზეც, რადგან ბოლო წლებში ფეხბურთი სწორედ აქეთ მიდის” – ეს ვასილ მაისურაძის სიტყვებია.
“მსოფლიო სპორტი” საქართველოს 17-წლამდე ნაკრების წარმატებულ მწვრთნელს ევრო-2012-ის შესახებ ესაუბრა:
- ინდივიდუალისტები არ ჩანანო, თქვით. უპირველესად, რონალდუსგან ველოდით ასეთ თამაშს.
- რონალდუც არაა მესი. როდესაც შენი ქვეყნის ნაკრებში თამაშობ და თანაც, ამხელა ფიგურა და კაპიტანი ხარ, მეტი პასუხისმგებლობა, მეტი ეროვნული სულისკვეთება უნდა გქონდეს. რონალდუს ეს არ აქვს. აშკარად ეტყობა, რომ ეს ძვირფასი თვისებები აკლია.
- თუმცა, მეორე მომენტია: რონალდუს “რეალში” უკეთესი პარტნიორები ჰყავს და იმიტომაც თამაშობს უკეთ, ვიდრე ნაკრებში.
- გასაგებია, რომ უკეთესი პარტნიორები “რეალში” ჰყავს, მაგრამ მეტი უნდა იტვირთოს. საკუთარ თავს თუ არ შეუძახა, გუნდს თუ არ ულიდერა და შეტევებისკენ არ გაუძღვა... აღმოჩნდა, რომ რონალდუს ამხელა დიაპაზონი არ აქვს.
- ჩემპიონატის აღმოჩენას ხედავთ?
- ვერა. ეს სწორედ იმის ბრალია, რომ ინდივიდუალისტები აღარ ჩანან. აღმოჩენა როგორ გახდები, თუ რაგაც განსაკუთრებული არ შექმენი. და საქმეც ისა, რომ მწვრთნელებს უფრო სქემაზე მორგებული ფეხბურთელები სჭირდებათ. კიდევ ვიმეორებ, მათ არ ვამტყუნებ და მშვენივრად მესმის. აქეთ მიდის ფეხბურთი და ფეხს უწყობენ. ისე, ჯერ მეორე ტურიც არ დამთავრებულა და ვნახოთ, ეგებ, აღმოჩენებიც ვიხილოთ.
- მართალია, ზოგმა გუნდმა მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა, მაგრამ მაინც – ვის მიიჩნევთ ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად?
- ვფიქრობ, ესპანეთი თავისას იტყვის, ოღონდ, ეყოფა თუ არა ჩემპიონობისთვის, არ ვიცი. იტალიასთან დელ ბოსკეს გუნდის რეალური ძალა ვერ გამოჩნდა – მეტი შეუძლიათ და ეტყობათ, რომ რესურსი აქვთ. იტალიისგანაც ბევრს უნდა ველოდოთ. და გერმანია: მართალია, ძველებური გერმანული მრისხანება აკლია, მაგრამ უამისოდაც სძლიეს პორტუგალიასა და ჰოლანდიას. მაინც ვფიქრობ, რომ ეს ისეთი ძლიერი გერმანია არაა, 90-იან წლებში და მანამდე რომ იყო.   
- გრანდების გარდა, ვისგან ელით სიურპრიზებს?
- რუსეთისგან და ხორვატიისგან. უფრო, რუსებს დავაყენებდი წინ, სიმპათიური გუნდია და პოლონეთთან შეხევდრაში, ცოტა არ იყოს, მსაჯებისგან დაიჩაგრნენ. ერთხელ პენალტი იყო დასადები პოლონელთა კარში, მერე მასპინძლებს ფეხბურთელი არ გაუძევეს.  
- თქვენ ვის გულშემატკივრობთ?
- ესპანეთს. წეღან უკვე ვთქვი, რომ იტალიასთან ის თამაში ვერ ითამაშა, რაც შეუძლია. თუმცა, იმედია, მოუმატებს.

 

ილია ნანობაშვილი
 

0.115278