ფეხბურთი

12:52 | 13.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვასილ მაისურაძე პოლონეთთან სპარინგით კმაყოფილია

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე პოლონელ თანატოლებთან ამხანაგურ მატჩში თამაშით კმაყოფილია. შეხვედრა 12 აგვისტოს მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მასპინძლებმა 3:0 გაიმარჯვეს. მომდევნო დაპირისპირება 14 აგვისტოს იმავე არენაზე შედგება და 18 საათზე დაიწყება.

ვასილ მაისურაძე: პოლონეთის ნაკრებს მაგრად ვაჯობეთ. რაც ამ ნაკრებში ვარ, არ მინახავს ასეთი გოლები გაგვეტანოს. პოლონელების 4-5 ფეხბურთელი უკვე ასაკით თავისზე უფროსების ნაკრებში თამაშობს. კარგი გუნდია და თბილისში მოსაგებად ჩამოვიდა. ამ გუნდმა, შარშან 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის  ნახევარფინალში ითამაშა და გერმანიასთან წააგო.

რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოვცადეთ: ზარანდია, შენგელია, ტაბიძე, თევზაძე, ბერიძე. ამ ეტაპზე მათი თამაშით კმაყოფილი ვარ. ამ მოთამაშეებს თავის გამოჩენის შანსი კიდევ ექნებათ. თამაშამდე მხოლოდ 4-დღიანი შეკრება მოვასწარით. ქუთაისის “ტორპედოს” 6 ფეხბურთელი საერთოდ ბოლო დღეს შემოგვიერთდა.

- 14 აგვისტოს პოლონელებთან კიდევ ერთხელ ისპარინგებთ და სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ?

- ცვლილებები აუცილებლად იქნება. ნაკრებში 19 ფეხბურთელი გამოვიძახეთ და თამაშის შანსს ყველას მივცემთ.

- ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ამხანაგურ მატჩებს კიდევ თუ გეგმავთ?

- 19-წლამდელებში ამხანაგური თამაშების ჩატარება ცოტა ძნელია. ორ სპარინგს თბილისში სერბებთან ვგეგმავთ. ამის გარდა, კიდევ გვინდა 2 ამხანაგურის ჩატარება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპს თბილისში ჩაატარებს. ტურნირი 13-18 ნოემბერს ჩაივლის და მე-11 ჯგუფში ქართველების მეტოქეები ჰოლანდიელი, მოლდოველი და უელსელი თანატოლები იქნებიან. ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ელიტ-რაუნდში გადიან.

 

 

0.121825