ფეხბურთი

18:00 | 6.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვასილ მაისურაძე: “გასასინჯად აქეთ-იქით სიარულის მომხრე არ ვარ”

პირველლიგელი თბილისის “ლოკომოტივის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ, რომელიც პარალელურად საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებსაც თავკაცობს, “მსოფლიო სპორტთან” საუბარში განაცხადა, რომ სეზონის განახლებისთვის გუნდი ესპანეთში მოემზადება.    

- “ლოკომოტივთან” კონტრაქტი რა ვადით გააფორმეთ?

- კონტრაქტი მაისამდე გავაფორმე. მერე რა მოხდება ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული გუნდში როგორ სიტუაცია იქნება. იმედია, კიდევ უფრო უკეთესობოსკენ შეიცვლება. 19-წლამდელთა ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი, რომელიც სეზონის დასაწყისში “ლოკომოტივიდან” ქუთაისის “ტორპედოში” გადავიდნენ, უკან დაბრუნდნენ. ამ ბიჭებსაც კლუბთან კონტრაქტები მაისამდე აქვთ. მათე ცინცაძე “დინამოში” წავიდა და ნიკა ახვლედიანის საკითხია გასარკვევი. “ლოკომოტივში” მუშაობაში დიმა თოფურია, ლაშა ჭაღიაშვილი და მეკარეების მწვრთნელი კოტე გუგუნავა დამეხმარებიან.

- გუნდი როდის შეიკრიბება და სად მოემზადებით?

- 15 იანვარს საგურამოში შევიკრიბებით, ხოლო 17-დან ორჯერადი ვარჯიშები გვექნება. პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ 27 იანვარს ესპანეთში 12-14 დღით შეკრებაზე გავეგზავრებით. იქ ოთხი ამხანაგური თამაში დავგეგმეთ: “ბარსელონას” 19-წლამდელთა გუნდთან, რომელიც თავის ასაკში უეფას ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, “ჰერკულესთან”, “ბაზელის” 21-წლამდელებთან, ხოლო მეოთხე გუნდის ვინაობა ირკვევა.

- კლუბის პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ რა მიზანი დაგისახათ?

- მიზანი ამ ბიჭების მწყობრში მოყვანა, ერთ გუნდად შენარჩუნება და სწორ გზაზე დაყენებაა. ელიტ რაუნდისთვის ნაკრების ძირითადი ბირთვი მზად უნდა იყოს. რა თქმა უნდა, შიდა ჩემპიონატში რაც შეიძლება მეტი თამაში უნდა მოვიგოთ. უმაღლეს ლიგაში გადასვლა ძნელი იქნება, რადგან სატურნირო ცხრილში ლიდერთან დიდი ჩამორჩენა გვაქვს. თუმცა, ვეცდებით ქულები მაქსიმალურად დავაგროვოთ. დანარჩენი ყველაფერი ტექნიკური საკითხია. თუ სეზონის ბოლოს ამ ბიჭებს სერიოზული წინადადებები ექნებათ, ლექსო თოფურია ხელს არავის შეუშლის. გასასინჯად აქეთ-იქით სიარულის მომხრე არც მე ვარ და ასეთ შემთხვევაში მეტი გამოცდილების მისაღებად სჯობს ისევ “ლოკომოტივში” ითამაშონ.

- 19-წლამდელთა ნაკრებში და “ლოკომოტივში” ერთდოულად მუშაობა არ გაგიჭირდებათ?

- გამომდინარე იქიდან, რომ “ლოკომოტივში” 19-წლამდელთა ძირითადი ბირთვია და იმ ბიჭებთან უნდა ვიმუშავო, რომლებიც ელიტ რაუნდში ითამაშებენ, ეს მომენტი მისაღები იყო როგორც ჩემთვის, ასევე, კლუბის პრეზიდენტისთვის. მან ჩათვალა, რომ ეს ფეხბურთელები ჩემ ხელში უფრო მწყობრში მოვლენ. რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას, მინდა მადლობა ვუთხრა, რომ მენდობა და პარალელურად კლუბში მუშაობის ნება დამრთო. ეს საერთო საქმეს წაადგება.

0.127185