საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე პირველყოვლისა აქცენტს უელსის ნაკრებთან თამაშზე აკეთებს. ამის შესახებ მან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე მე-11 ჯგუფში ქართველების მეტოქეების - ჰოლანდიის, უელსისა და მოლდოვის ნაკრებების მწვრთნელებიც დაესწრნენ. აქვე გეტყვით, რომ უელსის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე მოსვლა ვერ შეძლო და იგი მეკარეების მწვრთნელმა ჯეფ ვუდმა შეცვალა.
ჯეფ ვუდი (უელსი): “პირველი შთაბეჭდილებები ძალიან დადებითია. ჩვენ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს და ალბათ ასეთივე კარგი შემადგენლობები ჰყავთ ჩვენს მეტოქეებსაც. იმედია, რომ კარგი ტურნირი გამოვა”.
ვინ ვან ზვანი (ჰოლანდია): “ჩვენ სექტემბერში და ოქტომბერში ამხანაგური თამაშები ვითამაშეთ. ხვალ იწყება ტურნირი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ პირველ მეტოქეზე – მოლდოვის ნაკრებზე. მთავარია, ხვალინდელი თამაში კარგად ჩავატაროთ. ამ ტურნირზე არ არსებობენ ფავორიტები და შეიძლება ყველაფერი მოხდეს”.
იური ოსიპენკო (მოლდოვა): “ძალიან სასიამოვნოა საქართველოში ყოფნა. აქ პირველად არ ვარ და ყოველთვის თბილად გვიღებენ. თავს როგორც სახლში, ისე ვგრძნობ. ძალიან სასიამოვნოა, რომ ასეთ ძლიერ ჯგუფში მოხვდით. შევეცდებით, საკუთარი სახე ვაჩვენოთ ევროპის გრანდებთან. აქ ტურისტებად და მხოლოდ საქართველოს სანახავად არ ჩამოვსულვართ. გვინდა ღირსეული თამაში ვაჩვენოთ. ჩემი გუნდის იმედი მაქვს”.
ვასილ მაისურაძე: “რაც ჩემმა კოლეგებმა თქვეს, ახალს ვერაფერს დავამატებ. აქცენტს პირველ თამაშზე ვაკეთებთ, რომელსაც უელსთან ვატარებთ. ჯერჯერობით, ჰოლანდიასა და მოლდოვაზე არ ვფიქრობთ. პირველი თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეჯგუფი რთულია. ფავორიტების დასახელებისგან თავს შევიკავებ. მეკარე ოთარ გოშაძე დაშავდა და მის ნაცვლად სხვა ითამაშებს. დანარჩენი ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან”.
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები პირველ თამაშს ოთხშაბათს, უელსელ თანატოლებთან ჩაატარებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 14:00 საათზე დაიწყება.