საქართველოს 19წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებისა და “დინამოს” დუბშლემადგენლობის მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ, თბილისური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა.
- ახალი სეზონისთვის სამზადისი დუბლებმაც დაიწყეს. პირველ ვარჯიშებს როგორ შეაფასებდით?
- მომავალი სეზონისთვის მზადებას 24 ივნისიდან შევუდექით. თითოეულ ფეხბურთელს ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა ჰქონდა დარიგებული. აღსანიშნავია, რომ ვარჯიშზე ყველა მომზადებული მოვიდა და ძალიან გამეხარდა. აქამდე, თუ სულ იმაზე გვიწევდა საუბარი, რომ ფეხბურთელმა მაქსიმალურად უნდა დაიცვას რეჟიმი. ამჯერად, ყველაფერი სხვაგვარადაა და მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით წინ მიდივართ, ძალიან კმაყოფილი ვარ. ამ ეტაპზე, გუნდის ძირითადი ბირთვი, 1994/1995 წლებში დაბადებული ფეხბურთელები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებთან ერთად გადიან მზადებას. დანარჩენი მოთამაშეები კი, დროებით რამაზ მუმლაძის მიერ გაწვრთნილ “დინამო 2”-თან ერთად ივარჯიშებენ.
- მომავალი სეზონი წინ რა ცვლილებები იგეგმება?
- “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის თამაშებს თვალ–ყურს ვადევნებ. ახალი სეზონის დაწყებამდე, ჩვენი აკადემიის ხელმძღვანელთან, გიორგი მინაშვილთან ერთობლივი კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ დუბლებში 5–6 ფეხბურთელი თავიდანვე დაგვემატება. წინასწარ შემიძლია იმის თქმა, რომ მომავალ საფეხბურთო წელს ჩვენთან ერთად გაატარებენ: გიორგი ვეკუა, ვახტანგ მაჩალაძე, ზურაბ ჯაფიაშვილი, საბა კვერნაძე. დუბლებში ახალი მოყვანილი გვყავს და ვარჯიშობს დავით ვოლკოვი, რომელიც ბოლოს პირველ ლიგაში, “გაგრაში” თამაშობდა. ამ ფეხბურთელს ვაკვირდებოდით, მეტ–ნაკლებად ვიცნობთ და შეიძლება ითქვას, რომ მასზე იმედს ვამყარებთ. მისი დამატების საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და მხოლოდ ფინანსური დეტალებიღაა შესათანხმებელი. აწ დასრულებული სეზონის ბოლოს პატარა ტრავმა მიიღო, შესაბამისად ამ ეტაპზე ნაკრებში არ არის გამოძახებული. სამომავლოდ კი, მას ნაკრების ფეხბურთელადაც მოვიაზრებ.
- სეზონის დაწყებამდე დუბლშემადგენლობა ამხანაგურ შეხვედრებს ვისთან გამართავს?
- მოსამზადებელი ეტაპის პირველი 10 დღე, ჩვენი აკადემიის ფიზმომზადების მწვრთნელთან, რიკარდო დევივოსთან ერთად ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებას დავუთმეთ. შეიძლება ითქვას, რომ რიკარდოსთან ერთად ჩატარებული ვარჯიშები საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ამხანგურ შეხვედრებს 12 ივლისის შემდეგ ვგეგმავთ, როდესაც გუნდს ნაკრებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები შეუერთდებიან. რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე. თუმცა, ერთი გადაწყვეტით შემიძლია ვთქვა, რომ “საბურთალოს” წინააღმდეგ ვითამაშებთ. “საბურთალო” მომავალი სეზონიდან პირველ ლიგაში იასპარეზებს და მათ შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდით.
- ნაკრებში გამოძახებული დინამოელების შესახებაც გკითხავთ...
- ოთარ კაკაბაძე, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ვანო წილოსანი, გიგა სამხარაძე ამ ნაკრებში პირველად არ არიან. მათ შესანიშნავი გამოცდილება აქვთ სანაკრებო დონეზე. გავიხსენოთ შარშანდელი ელიტრაუნდი და სლოვენიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი, სადაც ფაქტობრივად ამ შემადგენლობით ნახევარფინალში გავედით. ამ ნაკრებში, “დინამოდან” ორი ახალი ფეხბურთელია: ბექა მელიქიძე და თორნიკე მაჭავარიანი. დარწმუნებული ვარ, ისინი ჩვენ იმედებს გაამართლებენ. წინ ორი ამხანაგური თამაში გველის. ბელარუსში სპარინგებს ჩავატარებთ ბელარუსისა და ისრაელის 19-წლამდელთა ნაკრებებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორ ამხანაგურ თამაშში ფეხბურთელები დიდ გამოცდილებას შეიძენენ.
-მომავალი სეზონი და “დინამოს” დუბლშემადგენლობის მიზნები...
-ჯერ–ჯერობით კალენდარი არ არის გარკვეული. თუმცა, ვიცით, რომ მომავალი სეზონი 10–12 აგვისტოს დაიწყება. ახალი სეზონისთვის სათანადოდ მოვემზადებით. თუ ჩვენი გუნდიდან ძირითადი ბირთვი “დინამო 2”-ს არ შეუერთდება, მაშინ, წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ წელს ბევრად უკეთესი გუნდი გვეყოლება. მესამე წელია ამ გუნდთან, ამ ბიჭებთან ერთად მიწევს მუშაობა და თითოეულის შესაძლებლობებს საკმაოდ კარგად ვიცნობ. რა თქმა უნდა, აკადემიის ფეხბურთელებიც შემოგვიერთდებიან და მათი გუნდთან ადაპტაციის პერიოდი, რაც შეიძლება ხანმოკლე უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავარი მიზანი “დინამოს” პირველი გუნდისთვის ახალი თაობის აღზრდაა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გათამაშებაში შედეგზე ყურადღებას არ გავამახვილებთ. ჩვენ “დინამო” ვართ და მოედანზე მუდამ მოსაგებად გავდივართ. როდესაც “დინამოს” მაისური გაცვია, სხვა გზა უბრალოდ არ გაქვს.
fcdinamo.ge