ინტერვიუები

15:11 | 31.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ვასილ გიგიაძე: “თარგამაძე პერსპექტიული ფეხბურთელია”

სიმფეროპოლის “ტავრიას” თავდამსხმელმა ვასილ გიგიაძემ, რომელიც მიმდინარე სეზონში ძირითადში იშვიათად ხვდება, გოლის გემო უკრაინის პრემიერლიგის მე-8 ტურში გაიხსენა - კიევის “არსენალთან” სტუმრად მოგებულ (3:2) შეხვედრაში მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა და 88-ეზე თავისივე გამომუშავებული პენალტი გოლად გარდასახა. სხვათა შორის, აქამდე ბოლო 11-მეტრიანი ქართველ ფეხბურთელს 2009 წლის ოქტომბერში გაეტანა – მაშინაც “არსენალი” დაამწუხრა. გიგიაძემ, რომელიც პენალტების რეალიზების მაჩვენებლით უკრაინაში რეკორდსმენია, “სპორტ-ექსპრესს ვ უკრაინე”-სთან საუბარში განაცხადა, რომ მოედანზე გატარებული მცირე დროც კი სიხარულს ანიჭებს.
- ბოლო პერიოდში ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებით. რამდენად მისაღებია თქვენთვის ასეთი როლი?
- ჩვენთან სერიოზული კონკურენციია, განსაკუთრებით შეტევის ხაზში. თუმცა, მოედანზე გატარებული 15 ან 20 წუთი უკვე სიხარულს მანიჭებს. ამიტომ, ვცდილობ, დრო, რომელსაც მწვრთნელი მაძლევს, მაქსიმალურად ნაყოფიერად და თავდადებით გავატარო.
- მიმდინარე სეზონში “ტავრიას” წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის სერგეი ნაზარენკოს, რომელმაც 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. თვლით, რომ მას უკრაინის ნაკრებში დაუმსახურებლად არ იძახებენ?
- გეთანხმებით. ნაზარენკოს ჩვენი გუნდისთვის დიდი სარგებელი მოაქვს. არ ვიცი, ოლეგ ბლოხინი მას რატომ არ იწვევს. ჩემი აზრით, სერგეი ევრო-2012-ზე მაინც ითამაშებს.
- მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად რომელ შეხვედრაში გაგიჭირდათ?
- იოლი არცერთი მატჩი არ ყოფილა, მაგრამ ყველაზე რთული “კარპატისთან” შეხვედრა იყო. პირველ ტაიმში უდიდესი უპირატესობა გვქონდა და არაერთი გოლი უნდა გაგვეტანა. თუმცა, შესვენების შემდეგ ბურთი საკუთარ კარში მივიღეთ და მატჩის მიწურულს კინაღამ ფრეც ხელიდან გავუშვით.
- უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთ აღმოჩენად თქვენი თანამემამულე დავით თარგამაძე უნდა ჩაითვალოს. მისმა თამაშმა თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინა?
- მისი მონაწილეობით ორიოდე შეხვედრა ვნახე და მინდა გითხრათ, რომ პერსპექტიული ფეხბურთელია. ამასთანავე, თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ნაკრებში ზედიზედ მეორედ გამოიძახა და ალბათ, ესეც ნიშნავს რაღაცას.
- თარგამაძეს “ტავრიაში” რეკომენდაციას გაუწვდით?
- ეს კითხვა ჩემთვის არ არის განკუთვნილი. “ტავრიას” სამწვრთნელო შტაბი და სასელექციო სამსახური ჰყავს.
- მენეჯერობა არ გიზიდავთ?
- არსებობს ხალხი, ვისაც ასეთი საქმიანობა ძალიან მოსწონს. მე ჯერ არ გადამიწყვეტია, რას გავაკეთებ კარიერის დასრულების შემდეგ.
- მომავალ ტურში “ტავრია” “კრივბასს” ხვდება, რომლის რიგებშიც რამდენიმე სეზონი თამაშობდით...
- კრივოიროგელები სატურნირო ცხრილში ჩვენს მერე არიან და უნდა ითქვას, რომ არცთუ ცუდ ფეხბურთს თამაშობენ. თუმცა, მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, სადაც დიდი ხანია, არ მოგვიგია. უკვე დროა, ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ.

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა

0.131082