ქალი არ გადაგეკიდება ისე, მე რომ პეტერბურგელი რუსი ძიაკაცი მყავს გადაკიდებული. სამი წელია ამ კაცს ინტერნეტის საშუალებით ვიცნობ და თუ რამ რუსული ვიცოდი, მთლიანად იმას მივახარჯე. ჩვენი ინტერნეტ-ნაცნობობა ავადსახსენებელი აგვისტოს ომის დროს დაიწყო. იმ დღეებში ყველანი გვარიანად გამწარებულები ვიყავით და როგორი ”თბილი” საუბრებიც გვექნებოდა, თავადაც მიხვდებით. ამის შემდეგ, კვირა ისე არ გავა, ერთხელ მაინც რომ არ შემეხმიანოს და მიუხედავად იმისა, რომ ხან არ ვპასუხობ და ხან უტიფრად ვემალები, მაინც იმდენს შვრება, რომ გამომიწვევს ხოლმე და მიდის მერე ერთი ამბავი და კბილთა ღრჭიალი.
ის ჩემი მისტიური ნაცნობი პეტერბურგის ”ზენიტის” გულშემატკივარია და ერთადერთი, რაშიც ვთანხმდებით, ისაა, რომ მოსკოვური კლუბები არცერთს არ გვეპიტნავება, მაგრამ მხოლოდ ეს ხომ არ არის ყველაფერი?! მარტო რუსული გუნდები კი არა, არც კავკასიელები მოვდივართ დიდად თვალში და ძალიან რომ გააჭენებს ხოლმე იმ თავის “ნეოფაშისტურ მერანს”, ჩემდა გასაკვირად, გროზნოს ”ტერეკის”, მახაჩყალის ”ანჟისა” და მსგავსი, ჩემთვის არცთუ გულმისავალი გუნდების დაცვა მიწევს ხოლმე.
ბოლო დროს რობერტო კარლოსს გადაეკიდა ნამეტნავად. მახაჩყალაში რუსები აღარ მიდიან სათამაშოდ და მაგას იქ რა დარჩენიაო – ქირქილებს და ხორხოცებს... თავიდან ვიფიქრე, გასწი-გამოსწი, ”ანჟიც” რუსული გუნდია, ოღონდ ამან ქართველებს თავი დაგვანებოს და ისემც უქნია-მეთქი, მაგრამ მერე იმდენად გაილაღა, რომ ზოგადად კავკასიელებსაც გადმოგვწვდა. ”კავკასიელები როცა ფეხბურთს თამაშობდით, ის დრო წავიდა. ახლა მანდარინითა და ვაშლით თამაშებს ვეღარ იყიდიო”, – მწერს. მახაჩყალური მანდარინი და ვაშლი თუ ვინმეს გაგისინჯავთ, არ ვიცი. მე აქამდე კასპიისპირული ოდენ თევზი თუ მსმენია, მაგრამ ვგრძნობ, რომ ”სხვაგან” ექაჩება სასაუბრო თემას. ავდექი და მივახალე – ”უბედურება ისაა, რუსები ვერც ადრე ”ქაჩავდით” და ახლა ნავთობი რომ არ წაგშველებოდა, ვნახავდი, რასაც იზამდნენ თქვენი ჩამოფხავებული გუნდები”, - გაგიჟდა კინაღამ... მთელს თქვენს ნაკრებს ჩვენს ჩემპიონატში ათამაშებთ და კიდევ ჩვენ როგორ დაგვცინითო... საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში რომ არ ეთამაშა და კლასი აქ არ აემაღლებინა, ვნახავდი, თქვენი ”დინამო” რომელ ევროპულ თასსაც აიღებდაო... ეგეთი ამაყები რომ ხართ, იმიტომაც მოგდეთ ცხვირში თავის დროზეო... მოკლედ, თუ რამე ”ველიკოდერჟავული” ბოდვა და სიმყრალე იყო, ერთიანად ამოიღო და დააწყო საკუთარი კომპიუტერის კლავიშებზე. ეტყობა ძალიან იყო გაბრაზებული.
ამის მერე, ცოტა ხნის განმავლობაში მცა პატივი, გარკვეული ხანი აღარ შემხმიანებია და დამასვენა. ახლა კი, სულ რამდენიმე დღის წინ, ისევ შემახსენა თავი და წერილი გამომიგზავნა, სადაც მწერდა: მოდი, ჩხუბი დავივიწყოთ და ერთი ძალიან კარგი რამე უნდა გითხრა, თუ მოინდომებო. ერთი სიტყვით, ამ ჩემმა სისხლის გამაშრობელმა რუსმა ნაცნობმა არც მეტი, არც ნაკლები, ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე დამპატიჟა, სადაც საქართველოს და რუსეთის ნაკრებები ერთ ჯგუფში გამოდიან. თამაშების ბილეთის ფულსაც მე გადავიხდი და არც დაბინავება იქნება პრობლემა, შენ მარტო თვითმფრინავში ჩაჯდომა და გამოფრენა მოახერხე, დანარჩენი ჩემზე იყოსო.
მოდი, ახლა ერთი წუთით თავი დავანებოთ პატრიოტიზმსაც და ფსევდოპატრიოტიზმსაც, ომსაც და ყველაფერ უბედურებასაც... კაცი ბელტიისპირეთში მეპატიჟება ტურნირზე, სადაც ჩვენი ნაკრები რუსეთის გუნდს ხვდება... მაგრამ, არ ჩამითვალოთ არც იმაში, რომ გულზე მჯიღისბრახუნა კაცად მომაქვს, ან რაღაც ტრაფარეტულ დამოკიდებულებებს ვებღაუჭები. უბრალოდ, არ მინდა ამ კაცთან ერთად ევროპირველობის ცქერა და მორჩა! ახლა ჩემს თავს ვეკითხები, მის ადგილზე სხვა რუსი რომ ყოფილიყო, შედარებით დალაგებული და ნაკლებად მოფაშისტო, თუ წავიდოდი? ამაზე ნამდვილად არა მაქვს პასუხი. ერთ რამეში კი, რომ არ გამიგიტყდეთ, არ ვიქნები მთლად მართალი და ბევრი რამე ბურუსით მოცული დარჩება. ერთი სიტყვით, მეშინია იმ კაცის პირადად გაცნობის! შიში არის ჩვეულებრივი და ადამიანებისათვის ესოდენ დამახასიათებელი თვისება და სულაც არ მინდა ამის დამალვა. სამი წლის წინ, სამაჩაბლოში ჩვენს ბიჭებს ათიათასობით რუსი ჯარისკაცის არ შეშინებია და როგორც ხედავთ, მე, ამ შედარებით მშვიდობიანობის დროს, ერთი რუსი მაშინებს. თუმცა ეს შიში მაინც სულ სხვაგვარია. მე თუ მკითხავთ, სწორედ ის კაცია ყველაზე საშიში, ჯერ რომ მანდარინისა და ვაშლით ”გაქაჩული” გუნდის გულშემატკივარს გიწოდებს და ამის მერე კი, ევრობასკეტზე დაგპატიჟებს, ვიდრე ის, ამ ”ვაშლსა და მანდარინს” თამარაშენის ნანგრევებში დაეძებს...
ლევან სეფისკვერაძე