უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე რვავე საუკეთესო გუნდი უკვე კაუნასშია და ტურნირის დასაწყებად ყველაფერი მზადაა. საქართველოს ნაკრების უშუალო, B ჯგუფის მეტოქეებიდან, გუშინ პირველი კაუნასში სერბები ჩავიდნენ, დღის მეორე ნახევარში თურქეთის ნაკრების ჯერი დადგა, ყველაზე გვიან კი, ფრანგები გამოჩნდნენ. სასტუმროში უკვე სხვა ატმოსფეროა და იგრძნობა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათიღა რჩება.
18 ივლისის დილა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა მსაჯებთან დაგეგმილი შეხვედრით დაიწყო. ჩვენი გუნდისთვის საგანგებოდ მომზადებული პრეზენტაცია ცნობილმა ბერძენმა მსაჯმა კიროს ვასარასმა ჩაატარა, რომელიც უეფას სამსაჯო კომიტეტის წევრია, ამ ჩემპიონატზე კი, მსაჯების დამკვირვებლადაა მოვლენილი. ასე იყო შარშანაც – 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიაში. სწორედ ამიტომ, კიროს ვასარასმა, რომელმაც მსგავსი პრეზენტაცია მაშინაც გამართა, ნიკა ჭანტურია და ლაშა დვალი ადვილად იცნო და მათი ხელახალი ნახვით კმაყოფილება გამოთქვა.
შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა – კითხვა-პასუხის რეჟიმში. ვასარასმა ფეხბურთელებს რამდენიმე ახალი წესი და ცვლილება გააცნო და სხვადასხვა სათამაშო ეპიზოდები მათთან ერთად განიხილა. შეხვედრის დასასრულს ბერძენმა არბიტრმა შემდეგი განაცხადა:
“მე ძალიან კარგად ვიცი, თუ როგორი ბრძოლით მოხვედით ევროპის ჩემპიონატამდე, რადგან ელიტრაუნდის ჯგუფებს თვალს აქტიურად ვადევნებდი. ყველა, ვინც შარშანდელ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ესწრებოდა, ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები იყო გუნდი, რომელიც არ ლაპარაკობდა და ფეხბურთს თამაშობდა. მე სწორედ ამით დამამახსოვრდით. მინდა წარმატება გისურვოთ და დიდი იმედი მაქვს, რომ წელსაც ნამდვილ, სამართლიან ფეხბურთს ითამაშებთ“.
შეხვედრით საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძეც კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ გუნდისთვის ეს ძალიან სასარგებლო იქნება.
ამის შემდეგ, უეფას ოფიციალური ფოტოსესია გაიმართა, რომელიც საკმაოდ მხიარულ ვითარებაში წარიმართა, საღამოს ვარჯიშამდე კი, ფეხბურთელებმა მთელი დღე დაისვენეს.
ბოლო დღეების ვარჯიშები მთლიანად ტაქტიკური სქემების დახვეწას მოიცავს. თითქმის სამდღიანი, იძულებითი დასვენების შემდეგ, პირველად ივარჯიშა გაბრიელ თებიძემ, რომელმაც ლატვიაში გამართულ ბოლო ვარჯიშზე წელის ტრავმა მიიღო.
19 ივლისიც არანაკლებ მნიშვნელოვანი დღეა. ადგილობრივი დროით 13 საათზე, დაიწყება ოფიციალური პრესკონფერენცია საქართველოს, საფრანგეთის, სერბეთისა და თურქეთის ნაკრებთა მთავარი მწვრთნელების მონაწილეობით. მათ შემდეგ კი, მედიას უკვე A ჯგუფის გუნდების თავკაცები შეხვდებიან. საქართველოს ნაკრების მატჩისწინა, ოფიციალური ვარჯიში კი, ლიტვის დროით, საღამოს 19:00 საათზე გახლავთ დაგეგმილი.
ახლოვდება პირველი სათამაშო დღე და რა თქმა უნდა, მღელვარება მატულობს. თუმცა, ეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე მაინცდამაინც არ ითქმის, რადგან ყველაზე მოუთმენლად, სწორედ, ისინი ელოდებიან 20 ივლისს.
სფფ-ის პრესსამსახური
კაუნასი, ლიტვა