მიმდინარე კვირის განმავლობაში ფეხბურთის გულშემატკივართა ყურადღება საევროპოთასო ასპარეზობებისკენაა მიმართული, თუმცა, საერთაშორისო პაექრობების პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნებში მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრებიც ტარდება. ამ მხრივ, გამონაკლისი არც იტალია, სადაც აპენინელთა ეროვნული თასის მატჩები იმართება. დღეს ბოლო პერიოდის წარმატებული გუნდი “ნაპოლი” დაბალდივიზიონელ “ჩიტადელას” უმასპინძლებს, ნეაპოლელთა მთავარ მწვრთნელთან, ვალტერ მაცარისთან ინტერვიუ არამარტო ამიტომაა საინტერესო.
- უკვე თვენახევარია, რაც ნეაპოლელებს უდგახართ სათავეში და თქვენი ხელმძღვანელობით “ნა¬პო¬ლიმ” 6 შეხვედრის ჩატარება მო¬ასწრო. ამ ხნის განმავლობაში შეძელით გუნდისა და მისი ფეხბურთელების კარგად გაცნობა? რამდენად კმაყოფილი ხართ “სან პაოლოზე” მუშაობით?
- ძალიან კმაყოფილი ვარ. უპირველესად კლუბში დასადგურებული კარგი სამუშაო კლიმატი უნდა ვახსენო. აგერ უკვე რამდენი წელია, ფეხბურთში ვარ და არ მახსენდება მეორე ისეთი შეხმატკბილებული და შეკავშირებული კოლექტივი, როგორიც “ნაპოლია”. ამ სამხრეთულ ქალაქში არაჩვეულებრივი ბიჭები გავიცანი, რომლებიც საკუთარი გუნდის პატრიოტები არიან. კლუბთან ადაპტაციის პრობლემა და დრო პრაქტიკულად არ მქონია. თითქოს ჩემს მისვლას ელოდნენო, ფეხბურთელებმა თავიანთი საუკეთესო თვისებების წარმოჩენა მომენტალურად დაიწყეს. “ლაციოსთან” შეხვედრის შემდეგ გასახდელში ბიჭებს კარგი თამაში მივულოცე. მიუხედავად ნულოვანი ფრისა, მათ გამოსვლაში მტკიცე ხასიათი, გუნდისადმი ერთგულება და გარკვეული თავგანწირვაც კი დავინახე. შედეგის მიუხედავად, რომაელებთან მატჩმა ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო გაამყარა.
- თქვენი სიტყვები ცოტათი უცნაურად ჟღერს. სერია A-ს ბოლო ორ მატჩში ზედიზედ 0:0 ითამაშეთ, რამაც “ნაპოლის” გულშემატკივარი ნაკლებად გაახარა და გუნდის მისამართით კრიტიკული შენიშვნები გამოითქვა...
- ორივე შეხვედრა 3:0 რომ მოგ¬ვეგო, გაზეთები საკრიტიკოს მაინც გამოგვიჩიჩქნიდნენ, ასე რომ, სიმშვიდე არ დაგვიკარგავს და კვლავინდებურად მონდომებით განვაგრძობთ საქმიანობას. ბიჭებს პირდაპირ განვუცხადე, რომ მათი კრიტიკა არაობიექტურია და ვურჩიე, ნაკლები ყურადღება მიაქციონ არაპროფესიულ სტატიებს. დასახული მიზნისკენ მიმავალი გზიდან გვერდზე ვერავინ გადაგახვევინებს. ცხადია, მიჯრით გაკეთებულმა ორმა ფრემ დიდად არ გაგვახარა, მაგრამ შეუძლებელია, დროის მოკლე პერიოდში ყველა ჩანაფიქრი მთლიანად მოვიყვანოთ სისრულეში. აქედან გამომდინარე, ძალიან არ მსიამოვნებს ჩვენი მუშაობის მუქ ფერებში წარმოდგენა, რასაც ზოგიერთი “კეთილისმსურველი” მიმომხილველი ცდილობს და ყოველმხრივ შევეცდები, დაუმსახურებელმა კრიტიკამ გუნდში პესიმისტური ნოტები არ გააჩინოს. უშუალოდ “ლაციოსთან” შეხვედრას რაც შეეხება, “ნაპოლიმ” საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა. ჩვენ მოწინააღმდეგეს გაშლილი ფრონტითაც ვუტევდით, საჭიროების შემთხვევაში კი დედაქალაქელ ფეხბურთელებს პრესინგის მარწუხებში ვაქცევდით. თანაც ამას, მეტოქის მოედანზე ვახერხებდით და ჩვენი კარის სიახლოვეს შეუფერხებლად გადმოსვლაში ხელს ვუშლიდით. გაითვალისწინეთ ისიც, “ლაციო” მაღალი კლასის მოთამაშეებით რომაა დაკომპლექტებული. ასეთი რანგის გუნდთან ჩემს მიერ ხსენებული სტილით თამაში ოსტატობას, ტაქტიკურ გამჭრიახობასა და ფიზიკურ მომზადებას მოითხოვს. რომაელებს კი ჩვენს კართან მწვავე მომენტი არც კი შეუქმ¬ნიათ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ურთულესი მატჩი ჩავატარეთ და ფრიად სასიამოვნოა, თავიდან ბოლომდე მაღალეფექტური თამაში რომ ვაჩ¬ვენეთ. თუკი უახლოეს ასპარეზობებშიც ანალოგიურად გამოვალთ, დადებითი შედეგის საფუძვლიანი იმედი უნდა გვქონდეს.
- ზემოთ ჟურნალისტებს არაობიექტურობაში დაგვდეთ ბრალი, თუმცა, მასმედიელებმა ისიც აღვნიშნეთ, თქვენი მეთაურობით “ნაპოლიმ” რამდენიმე კარგი მატჩი რომ ჩაატარა და მნიშვნელოვან პროგრესსაც მიაღწია...
- გეთანხმებით, ზედიზედ ექვს შეხვედრაში არ წაგვიგია, რამაც 12 ქულა შეგვმატა. ნეაპოლელმა სტატისტიკოსებმა მითხრეს, რომ გუნდს ამგვარი წარმატებული სერია აგერ უკვე 13 წელია არ ჰქონია. ჩვენი უმთავრესი მიზანი თამაშის სტაბილიზაციაა, რაც მომავალში კიდევ უფრო ხანგრძლივი წარმატებული სერიის “გამოცხობის” საფუძველს და საშუალებას მოგვცემს. მიმდინარე სერია A-ში ბევრი გუნდი აცხადებს პრეტენზიას მაღალი ადგილის დაკავებაზე. სატურნირო დისტანციის მესამედი უკვე განვვლეთ და მე ვიტყოდი, ანომალიური მდგომარეობაა, რადგანაც ძალიან ბევრ გუნდს აქვს პრეტენზია მაღალი ადგილის დაკავებაზე. ეს კი სატურნირო ცხრილის შუაგულში დიდ სიმჭიდროვეს იწვევს. ამიტომაც მაქსიმალური კონცენტრირებით თამაში გვმართებს. ზედა საფეხურებზე აბობღების ერთადერთი საშუალება დაბალანსებული ასპარეზობაა. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ გულშემატკივართა და კლუბის ხელმ¬ძღვანელების მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანი მატჩებისთვის კომფორტულ ატმოსფეროში მომზადების საფუძველია.
- ხუთშაბათს “ჩიტადელასთან” სათასო შეხვედრის ჩატარება გიწევთ...
- დიდი სურვილი გვამოძრავებს მოგების და შემდეგ წრეში გასვლის. ამგვარი მატჩები რთულად ჩასატარებელია, თუნდაც მადრიდის “რეალის” მაგალითი გავიხსენოთ. დაბალლიგელები სათასო პაექრობებს ფრიად მოტივირებულები ატარებენ და შეხვედრას ისე უდგებიან, თითქოს ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პაექრობას ატარებდნენ. სიფრთხილე გვმართებს. ძირითად შემადგენლობას დავაყენებ, ოღონდ მინდორზე ის ფეხბურთელები გავლენ, რომელთაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვარჯიშებზე ყველაზე მეტად იშრომეს. მომავალ კვირას კი “პარმასთან” საჩემპიონატო მატჩი გველის და იმ შეხვედრის მოგებასაც აუცილებლად შევეცდებით.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ