ინტერვიუები

10:44 | 11.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ვალტერ მაცარი: "აქცენტს "ნაპოლის" დიდხნიან სტაბილურ გამოსვლაზე ვაკეთებ"

სამხრეთიტალიურმა “ნაპოლიმ”, იტალიური სერია A-ს მორიგ, მე-19 ტურში, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ “იუვენტუსთან” და გათამაშების ცხრილში მეორე საფეხურზე დაბრუნდა. ნეაპოლელი გულშემატკივრები კი, საყვარელი გუნდის მიერ, 3 ქულის მოპოვებაზე არანაკლებ კარგად ნაჩვენები თამაშის ლამაზმა სტილმა გაახარა. “სან პაოლოს” ტრიბუნების განწყობა “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს, ვალტერ მაცარისაც გადაედო, რაც ნამატჩევს, მის მიერ მიცემული ინტერვიუდანაც კარგად ჩანს.
- 2011 წელი მილანის “სან სიროზე” “ინტერთან” მარცხით გახსენით. ჩემპიონთან წაგების შემდეგ, ეფექტური გამარჯვება მოახერხეთ იტალიის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან. “იუვენტუსთან” ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა და შედეგმა შეუძლებელია არ გაგახაროთ...
- “ბებერი სინიორას” წინააღმდეგ ჩატარებულმა შეხვედრამ არათუ დამაკმაყოფილა, სიამაყის გრძნობით ამავსო. მიმდინარე სერიაში, სულ რამდენიმე შეხვედრაში იასპარეზეს გუნდებმა ამგვარად, ეფექტურად და შედეგიანად, როგორც “ნაპოლიმ” 10 იანვარს საკუთარ “სან პაოლოზე”. ბიჭებმა დროდადრო ისიც კი დამავიწყეს, მათი მწვრთნელი რომ ვარ და მათი თამაშის შემყურე, სადამრიგებლო პოზიციიდანაც დიდ სიამოვნებას ვიღებდი. თუმცა, ტურინელებთან მატჩს დიდხნიანი, სკურპულოზური სამუშაო უძღოდა წინ. გაწეული გარჯა სრულად დაგვიფასდა – “ნაპოლიმ” წინასწარ შემუშავებული ტაქტიკური სქემები, საორგანიზაციო მიდგომა სრულად აამოქმედა, ამას დავუმატოთ საბრძოლო ფსიქოლოგიური განწყობა და სასურველი შედეგიც სახეზეა. თუ დააკვირდით, სტორარის კარში გასული სამივე გოლი პრაქტიკულად, იდენტური იყო. ეს წინამასატჩო წვრთნებისას დიდი ოფლისღვრის ფასად შევძელით. ძალიან ვემადლიერები მინდორზე საასპარეზოდ გასულ თითოეულ ფეხბურთელს. უკლებლივ ყველამ, თითქმის, თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. იმედია, ჩემპიონატის დასკვნით და ყველაზე საპასუხიმგებლო პერიოდში, ისინი არათუ შეინარჩუნებენ აღებულ ტემპს, თამაშს კიდევ უფრო გააძლიერებენ. საამისო წინაპირობა, ისეთი სოლიდური გუნდის დამაჯერებლად დამარცხებით გამოისახა, როგორიც ტურინის “იუვენტუსია”.
- საქებარი სიტყვებით, ერთბაშად, 14 მოთამაშე მოიხსენიეთ, მაგრამ უპრიანი იქნება საგანგებოდ გამოვარჩიოთ ჰეთ-თრიკის ავტორი, ედინსონ კავანი. სწორედ მისმა სამმა ზუსტმა თავურმა დარტყმამ მოუტანა წარმატება “ნაპოლის”...
- ედინსონის თამაშს ერთი სიტყვით მოვიხსენიებდი – მან გრანდიოზულად იასპარეზა, მაგრამ მაინც ვიტყოდი, რომ “იუვენტუსი” “ნაპოლიმ” დაამარცხა. კავანის გოლებზე კი, ახალი აბა, რა მოგახსენოთ. პირველ ტაიმში მან მაჯოსა და დოსენას ჩაწოდებების შემდეგ, ანგარიშში სოლიდური უპირატესობა მოგვიპოვა, მისი მესამე გოლი კი, სულაც შეხვედრის მშვენებად იქცა. ედინსონმა ვარდნაში დიდოსტატური ბურთი შეაგდო. მსურს საგანგებოდ მოგახსენოთ, რომ ურუგვაელი ფორვარდის შეძენა ჯერ კიდევ, “სამპდორიაში” მუშაობის პერიოდში მინდოდა. ნეაპოლში სამუშაოდ გადმოსვლის შემდეგ, კავანისთან თანამშრომლობის სურვილი კიდევ უფრო გამიმძაფრდა. კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს, სამხრეთ ამერიკელის გადმობირების თაობაზე “პალერმოსთან” მოლაპარაკების დაწყება ვთხოვე, ამასთან, მეშინოდა, სიცილიელებს კავანის გასხვისებაზე მტკიცე უარი არ შემოეთვალათ. საბედნიეროდ, ლაურენტისის დიპლომატიამ გაჭრა და სადღეისოდ, ედინსონი ჩვენთან საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ასპარეზობს. კავანი სრულფასოვანი თავდამსხმელის საუკეთესო ნიმუშია. იმედია, მასთან ხანგრძლივი პერიოდით მოგვიწევს თანამშრომლობა და ურუგვაელი, ნეაპოლში კიდევ უფრო ძლიერად ათამაშდება. თუმცა, ედინსონის სადღეისო სტატისტიკაც შთამბეჭდავია – მან 19 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.
- ნეაპოლელ ტიფოზებს განსაკუთრებით, ჩრდილოიტალიური გრანდების ძლევა ახარებთ. პირადად თქვენთვის რას ნიშნავს “იუვენტუსის” დამარცხება?
- “ბებერი სინიორა” ჩვენს მშობლიურ “სან პაოლოზე” ზედიზედ მეოთხედ დავამარცხეთ. ამ შედეგს პირადად მე და გუნდის ფეხბურთელები “ნაპოლის” ერთგულ ქომაგებს ვუძღვნით. ტრიბუნებზე მაგიური ატმოსფერო სუფევდა, ამიტომაც სრული საფუძველი მაქვს განვაცხადო, რომ ტურინის “იუვენტუსის” ძლევაში თავიანთი არცთუ უმნიშვნელო წვლილი მაყურებლებმაც შეიტანეს. ნეაპოლელებს მათი საყვარელი გუნდის წარმატებულ გამოსვლას მომავალშიც ვპირდები. ზაფხულიდან მოყოლებული, ჩვენი გუნდი სერიოზულად ემზადება მნიშვნელოვანი ამოცანების გადასაჭრელად და ვფიქრობ, საამისო პერსპექტივაც გვაქვს. ჩემი სამწვრთნელო კრედოც კლუბის ინტერესს ემთხვევა – არასდროს გამოვკიდებივარ ერთ მატჩში ნაჩვენებ კარგ თამაშს და მოგებას, ყოველთვის გუნდის დიდხნიან სტაბილურ გამოსვლაზე ვაკეთებ აქცენტს. “ნაპოლიმ” მაღალ დონეზე გააღწია და უკან დახევის უფლება არ გვაქვს. ნეაპოლური გუნდი ყოველთვის საუკეთესოთა შორის უნდა ფიგურირებდეს.
- “ნაპოლი” გათამაშების ცხრილში კვლავ მეორე საფეხურზე დაბრუნდა. როგორ გგონიათ, გუნდი პირველობისთვის ბრძოლაში, “მილანს” სათანადო კონკურენციას გაუწევს?
- სატურნირო ცხრილში, მხოლოდ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩავიხედავ, ჯერჯერობით კი, სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ გუნდი პროგრესირებს. ცხადია, მიღწეულზე შეჩერებას არ ვაპირებთ და კვლავინდებურად წინსვლას განვაგრძობთ. მთავარი ისაა, რომ სპეციალისტები და გულშემატკივრები თამაშის ორგანიზაციისა და ხარისხის მკვეთრ გაუმჯობესებას თვალნათლივ ხედავენ. ბიჭები მინდორზე გულიანად იბრძვიან, მე კი, მათ მენტალიტეტში შეუპოვარი, დიდი ფეხბურთელების ხასიათს ვამჩნევ. ყოველივე ზემოთთქმული ოდნავაც არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას. როგორც ვარჯიშის, ასევე უშუალოდ მატჩების მსვლელობისას, კიდევ უფრო მეტი მონდომება და კონცენტრაციაა აუცილებელი და მოპოვებული წარმატება სისტემურ, სტაბილურ ხასიათს მიიღებს. Gუნდმა, ჯერ კიდევ, წინასასეზონოდ დაისახა ზრდა ნებისმიერი საფეხბურთო ასპექტით. გაწეული სამუშაოს შეფასების დრო კი, მაისის მიწურულს დაგვიდგება. ხვალიდან კი, უკვე მომდევნო მეტოქის წინააღმდეგ საბრძოლველად, ეფექტური გეგმის შემუშავებაზე ვიზრუნებთ. კარგია, ბიჭებსაც ჩემნაირი მიდგომა რომ აქვთ და თუ მათ ენთუზიაზმი არ გაუნელდათ, არა მარტო “იუვენტუსის”, არამედ ნებისმიერი სხვა გრანდის “გზიდან ჩამოცილებასაც” შეძლებენ. საამისოდ კი, გაორმაგებული შრომა და მონდომებაა აუცილებელი.
ჩემი მხრიდან კი, დავძენ, რომ “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის პირველი დღიდან ამ წუთამდე, ენთუზიაზმით ვმუშაობ, მაღალი კლასის გუნდის შექმნისკენ მიმავალი გზის გარკვეული ნაწილი უკვე გავიარეთ და ამ მხრივ, სვლას კიდევ უფრო მეტი მონდომებითა და ენერგიით გავაგრძელებ.
-ბოლოს, პაოლო კანავაროზეც გკითხავთ. როდის იგეგმება “ნაპოლის” კაპიტანთან კონტრაქტის გახანგრძლივება?
- პაოლოსთან მოლაპარაკება წარმატებით წარიმართა და დღეს, გულშემატკივარს ვაუწყებ, რომ უახლოეს მომავალში კანავაროსთან ახალ, ოთხწლიან ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს.   

 

მოამზადა გოჩა კაჭარავამ



0.120608