ფეხბურთი

18:14 | 27.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვალერი გაგუა: “ბავშვების ფსიქოლოგია უნდა იცოდე, რათა არასწორი მუშაობით ფიზიკური, ან მორალური ტრავმა არ მიაყენო”

რამდენიმე დღის წინათ, თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ წლის საუკეთესო ქართველ მწვრთნელად ვალერი გაგუა დაასახელა. ეს მოხდა გამოკითხვით, ანუ რეგიონის ყველა საფეხბურთო სკოლის დირექტორი და მწვრთნელები მონაწილეობდნენ, ოღონდ ერთი პირობით: ამა თუ იმ სკოლის წარმომადგენლებს არ შეეძლოთ თავიანთ სკოლაში მომუშავე მწვრთნელებისთვის მიეცათ ხმა.

გაგუა 34 წლისაა და რა თქმა უნდა, ასეთ ასაკში მსგავსი აღიარება უბრალო საქმე არაა. ვალერი ერთ დროს პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა, ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა (როცა ნაკრებს ვახტანგ კოპალეიშვილი წვრთნიდა), მწვრთნელობა კი 4 წლის წინათ დაიწყო. ის გახლავთ წარსულში ცნობილი მწვრთნელის, შარშანწინ გარდაცვლილი რევაზ გაგუას ვაჟი. რევაზ გაგუა კი პირველი ქართველი სპეციალისტი იყო, რომელმაც ფინალურ ეტაპზე გაიყვანა ასაკობრივი ნაკრები – 1996 წელს, 16-წლამდელები.

ვალერი გაგუა “საბურთალოში” მუშაობს და 2000 წელს დაბადებულ ბავშვებს ავარჯიშებს. “მსოფლიო სპორტი” მას გაესაუბრა:

-       რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. როდესაც კოლეგები გაღიარებენ, სიამაყეს გმატებს.

-       როგორც ვიცით, A ლიცენზია გაქვთ.  

-       დიახ. შარშან ავიღე. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი გაიოზ დარსაძეს, რომლის ხელმძღვანელობითაც საკმაო ცოდნა შევიძინე და შემდგომშიც გამომადგება.

-       ბავშვებში მუშაობა სათუთი საქმეა და არანაკლებ პასუხისმგებლობას მოითხოვს, ვიდრე უფროსების გაწვრთნა.

-       ასეა და ესპანელი ვისენტე დელ ბოსკეს სიტყვებს მოვიშველიებ. როდესაც ჰკითხეს, თქვენთვის კარიერაში ყველაზე სასიხარულო გამარჯვება რომელი იყოო, უპასუხა – “რეალის” კანტერაში როცა ვმუშაობდი და ჩემპიონები გავხდით”. ამას ამბობს დელ ბოსკე, რომელმაც ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო ფეხბურთში. ბავშვებში მუშაობა სხვა სპეციფიკისაა: მათი ფსიქოლოგია უნდა იცოდე, რათა არასწორი მუშაობით ფიზიკური, ან მორალური ტრავმა არ მიაყენო. დიდ სიამოვნებას მანიჭებს და დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მოვა დრო, როცა უფროსებში გადავალ, სადაც ბავშვებში მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარება.

-       რამდენი წელია, რაც ბავშვებს წვრთნით?

-       4 წელიწადიც არაა. ვიყავი “ნორჩ დინამოელში”, შემდეგ წელიწადნახევარი თბილისის “დინამოს” აკადემიაში, ხოლო შარშან “საბურთალოში” გადმოვედი.

-       რას იტყვით მთლიანად “საბურთალოზე”. რამ გიბიძგათ, რომ ამ კლუბში გადასულიყავით?

-       პირფერობაში არ მინდა ჩამეთვალოს, მაგრამ “საბურთალო” ერთი დიდი ოჯახია და ამას გეტყვით სხვა ნებისმიერი მწვრთნელი, რომელიც ამ სკოლაში მუშაობს. ხელმძღვანელობას ფეხბურთი უყვარს, ამით ცხოვრობს და არა – ანგარების მიზნით. კლუბს გეზი აქვს დასახული და ყველაფერს აკეთებენ გეგმაზომიერად. 

-       ქართველი ბავშვი და ჭაბუკიც ძლიერია, შემდეგ კი ვეღარ იზრდება, ვერ ვითარდება – ხშირ შემთხვევაში ასეა და თქვენი აზრით, რატომ?  

-       ბევრი ისეთია, რომ ზარმაცობს და შემდეგ ისე ცხოვრობს, რაც მის კარიერას არანაირად არ გამოადგება. თუმცა მეტწილად სხვა პრობლემას ვაწყდებით - ჩვენი ჭაბუკების მიმართ უნდობლობას. ვასილ მაისურაძისა და გიორგი დევდარიანის ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელებს ქართულ გუნდებში თამაშის საშუალება არ ეძლევათ. პერსპექტიულ ახალგაზრდას პრაქტიკა თუ არ მიეცი, სხვაგვარად როგორ განვითარდება? თუმცა, წეღანაც ვთქვი, რომ არის შემთხვევები, როცა ფეხბურთელი პროფესიულად არ უდგება თავის საქმეს. ჩემთვის მისაბაძი მაგალითია შოთა არველაძე და არ დამავიწყდება - მაშინ “გლაზგო რეინჯერსში” ირიცხებოდა, ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა თბილისში და ვუყურებდი, რა პროგრამაც ჰქონდა, ზედმიწევნით ასრულებდა. სირბილისას ერთ მეტრსაც კი არ “იპარავდა”, პირით ხაზს ბოლომდე უვლიდა. ეს არის მაგალითი და იმიტომაც მიაღწია შოთამ ამდენს.

-       მწვრთნელობა რომ დაიწყეთ, მამის გავლენა იყო?

-       მამას ვუყურებდი და მეამაყებოდა, როგორ უდგებოდა საქმეს, როგორი მართალი იყო. თავისთავად მოხდა ჩემი არჩევანი.

-       მამას სურდა, რომ თქვენც მწვრთნელობას გაჰყოლოდით?

-       თან უნდოდა, თან – არა. იცოდა, რამდენად რთული საქმეა. იცოდა, რომ დიდი წნეხი იყო, ბევრ წინაღობას და სიბინძურესაც წააწყდებიო. თუმცა, ამ ყველაფერს რომ გაუძლებ, მაშინ ხარ შენს საქმესთან მართალი და ძლიერი.

-       ახლა ავარჯიშებთ 13-14 წლის ბავშვებს. თქვენ როცა იყავით ამ ასაკის, მაშინ უფრო იყვნენ ტალანტები თუ ახლა?

-       საქართველოში ტალანტები არ გამოილევიან. ფეხბურთი გენში გვაქვს, ოღონდ მთავარია სწორი მიმართულების მიცემა, სწორად გაზრდა.

-       “საბურთალოს” აკადემიის ხელმძღვანელ ანდრეს კარასკოზე რას იტყვით? მართალია, რომ აკადემიაში მყოფ თითოეულ ბავშვზე აქვს ინფორმაცია?

-       თავისი საქმის პროფესიონალია, რომლისთვისაც არ არსებობს დაღლა და მოშვება. სულ საქმეშია ჩართული და ცდილობს, ელემენტარული დეტალიც კი არ გამოეპაროს. დიახ, თითოეულ ბავშვზე აქვს ინფორმაცია და იცის მათი დადებითი მხარეები, ჩამოწერილი აქვს მინუსებიც და ის კომპონენტები, რაც დასახვეწი აქვს. “საბურთალოში” ასეა: დილის 11-ის ნახევრიდან საღამოს 10 საათამდე მუშაობაა, თეორიული მეცადინეობებია, ანალიზი კეთდება.

-       მსოფლიოს ცნობილი მწვრთნელებიდან ვინაა თქვენთვის საუკეთესო?

-       პეპ გვარდიოლა. რაც გადმოცემით ვიცი და რაც ვიდეოებიდან მიყურებია, ამ მწვრთნელისგან მხოლოდ დადებითის ათვისება თუ შეიძლება. დისციპლინა, სიხისტე და მეგობრობაც, ოღონდ მოედანს მიღმა.  

 

0.88369