ვაჟ მოჭადრაკეთა შორის მსოფლიოს ახალი ჩემპიონის ვინაობა ქალაქ სოჭში (რუსეთი) გაირკვევა, სადაც ერთმანეთს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) და ვიცე ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი) დაუპირისპირდებიან.
ამის შესახებ განცხადება ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა (რუსეთი) გააკეთა.
ფინალური დაპირისპირება 2014 წლის 7 ნოემბერს დაიწყება, რომელიც სოჭის ოლიმპიურ სოფელში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ მაგნუს კარლსენი ჭადრაკში მსოფლიოს მე-16 ჩემპიონი 2013 წლის ნოემბერში გახდა, რომელმაც მოქმედ ჩემპიონ ანანდს 6,5:3,5 მოუგო.
რაც შეეხება ანანდს, მან სამჯერ შეძლო გამარჯვების მოპოვება. ანანდმა ჩემპიონის ტიტული 2007 წელს ვლადიმირ კრამკინს (რუსეთი) ჩამოართვა. 2010 და 12 წლებში კი პირველი ადგილი შესაბამისად ვესელინ ტოპალოვთან (ბულგარეთი) და ბორის გელფანდთან (ისრაელი) დაიცვა. 18 ივნისისთვის კარლსენი 2881 პუნქტით მსოფლიო რეიტინგის სათავეში იმყოფება, ხოლო ანანდს 2785 პუნქტით მე-5 ადგილი უკავია.