კალათბურთი

19:51 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა კვარაცხელია: “მოქმედი წესებით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს”

მას შემდეგ, რაც 2013 წლის 27 ნოემბრის 17 საათის შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველთა განაცხადის მიღება შეწყდა, უცვლელი დარჩა აღნიშნული ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველთა შემადგენლობა, რომლებიც ვეტერანი კალათბურთელები მიხეილ ახვლედიანი, ვლადიმერ ბოისა, მიხეილ გაბრიჩიძე და კახაბერ შენგელია არიან.

მართალია, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის 2013 წლის 15 ნოემბრის სხდომამ დაადგინა მიმდინარე წლის 11 დეკემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების დებულება, მაგრამ აღნიშნული დებულებით საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ბევრი არ იზიარებს და გამორიცხული არაა, 11 დეკემბერს დანიშნული არჩევნები გაურკვეველი ვადით გადაიდოს.

პირველი, ვინც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის მიერ 15 ნოემბრის დადგენილებას პროტესტი ოფიციალურად გამოუცხადა, ვეტერანი კალათბურთელი, საკალათბურთო კლუბ “დინამოს” პრეზიდენტი ვახტანგ ნაცვლიშვილია, რომელიც აღნიშნული დადგენილებით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ნაცვლიშვილის აზრს იზიარებს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, აფხაზეთის ომის მონაწილე, ღირსების ორდენის კავალერი, საკალათბურთო კლუბ “სოხუმის” მთავარი მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია, რომელსაც “მსოფლიო სპორტი” ესაუბრა.

-    თუ ეთანხმებით საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის 15 ნოემბრის დადგენილებას, რომლის მიხედვითაც უნდა ჩატარდეს 11 დეკემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები?

-    საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ ისეთი არჩევნები დანიშნა, როგორიც თვითონაა.

-    თქვენი აზრით, როგორია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა?

-    12 წლის განმავლობაში ქართულ კალათბურთს ტოტალიტარული ხელმძღვანელობა ჰყავს და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებასაც ტოტალიტარულად აპირებს.

-    კონკრეტულად რა არ მოგწონთ 15 ნოემბრის დადგენილებაში?

-    ერთ სეზონში, ფედერაციაში სუპერლიგის მონაწილე გუნდების შენატანი 35000 ლარია. 20 წლამდელთა ჩემპიონატში შესატანი თანხა 5000 ლარს შეადგენს, ხოლო 18, 16 და 14 წლამდელთა ჩემპიონატში კი 1300-1300 ლარს. ამიტომ ფედერაციის ძირითადი სპონსორი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად კლუბებიც არიან და მათვე უნდა აირჩიონ პრეზიდენტიც. ფედერაციის გამგეობის მიერ მიღებული 15 ნოემბრის დადგენილებით, კლუბებსა და ფიზიკურ პირებსაც (გამგეობის წევრებს) თითო ხმა აქვთ, რაც გაუმართლებლად მიმაჩნია. ჩემი აზრით, ეს არის საარჩევნო ხმების უზურპაცია.

-    თქვენი აზრით, რომელი ორგანიზაციები არ უნდა მონაწილეობდნენ 11 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში?

-    არ უნდა მონაწილეობდნენ ფიზიკური პირები და ის ორგანიზაციები, რომლებიც 2013 წელს სპეციალურად საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების მოპოვების მიზნით შეიქმნა.

-    თქვენს მიერ პრობლემად მიჩნეული დადგენილების შეცვლის მიზნით ვინმეს თუ მიმართეთ?

-    მივმართე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს, რომელმაც გვითხრა: მორალურად მართლები ხართ, მაგრამ ასეთია დღეს მოქმედი საქართველოს სპორტის კანონი და ვერ ჩავერევიო. მოვა ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა და საარჩევნო კანონის დახვეწაზე ის იზრუნებსო.

-    თქვენ თუ იზიარებთ მინისტრის აზრს?

-    რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ.

-    თქვენ როგორ პასუხს ელოდით ყიფიანისგან?

-    არჩევნები დღეს მოქმედი წესებით არ უნდა ჩატარდეს, უნდა გადაიდოს და მხოლოდ მაშინ ჩატარდეს, როცა ობიექტური საარჩევნო კანონი იქნება მიღებული. მინისტრს აქვს არჩევნების გადადების უფლება და მან ეს უფლება უნდა გამოიყენოს, რათა ნორმალური საარჩევნო კანონი გვქონდეს.

-    თუ არჩევნები დღეს მოქმედი წესებით ჩატარდა, მიიღებთ მონაწილეობას?

-    ფედერაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ მისი კანდიდატებისთვის მისაღები დადგენილება მიიღო და გამარჯვება გარანტიებული აქვს. ასეთ შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს.

-    ვინ არიან ფედერაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისთვის მისაღები კანდიდატები?

-    ფედერაციისთვის მისაღები კანდიდატები ბოისა, გაბრიჩიძე და შენგელიაა. განსხვავებული აზრი მხოლოდ ახვლედიანსა და მის მომხრეებს, მათ შორის მე მაქვს.

0.133736