“სოხუმის” საკალათბურთო კლუბს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში ის, რომ ესაა ქაართველთათვის საყვარელი ქალაქის სახელწოდების გუნდი. გუნდის წარმატებებში დიდი როლი მიუძღვის საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, გუნდის დამრიგებელს ვაჟა კვარაცხელიას. კალათბურთზე ფანატიკურად შეყვარებული სპეციალისტი გულიანად, ერთგულად უძღვება საქმეს და თავის შეგირდებს საუკეთესო თვისებების სრულად გამოვლენაში ყოველმხრივ უწყობს ხელს. სეზონის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ ბატონ ვაჟას შევხვდით და გულშემატკივრისთვის საინტერესო ინტერვიუც ჩამოვართვით.
- რა შეფასებას მისცემთ მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარს და თქვენი გუნდის გამოსვლას?
- სეზონის პირველ ტურნირი დუდუ დადიანი ხსოვნის მემორიალი იყო. ამ შეჯიბრების წინ სხვებთან შედარებით ჩვენი გუნდი კარგად შეიკრა. დავიმატეთ საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა მეტრეველი, ლეგიონერები ჯოშუა ჯექსონი და პეტარ ივანიჩი. კარგად ითამაშეს ვახტანგ ქადარიამ, გრიგოლ შვანგირაძემ და გუნდის კაპიტანმა ირაკლი ჩლაიძემ. მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისათვის კიდევ ერთი ლეგიონერი ჯერემი საიმენსი არ გვყავდა, ფინალამდეც მივედით და გადამწყვეტ მატჩშიც “არმიის” დამარცხება შევძელით. ეს “სოხუმის” ძირითადი გუნდის მიერ მოპოვებული პირველი ტიტული გახლავთ.
სუპერლიგის მორიგი სტარტი არადამაჯერებლად ავიღეთ, რაც ფსიქოლოგიური მომენტითა და რთული კალენდრით იყო გამოწვეული. დავუმატოთ ამას მეტრეველის, ჩლაიძის, გრიგოლ შვანგირაძის ტრავმები, ვახტანგ ქადარიას ავადმყოფობა და პირველი მატჩი “ქუთაისთან” ჩავაგდეთ. შემდეგ იყო მძიმე შეხვედრა “დინამოსთან”. მოგეხსენებათ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან საკალათბურთო გუნდს მაღალი კლასის 3 ლეგიონერი და ამავე დონის ქართველი მოთამაშეები ჰყავს. ამის მიუხედავად, ირაკლი ხოშტარიას გუნდს ბოლომდე ვეომეთ და საბოლოოდ 7 ქულით დავმარცხდით. რუსთავში მოგების შემდეგ ბათუმში მოგვიწია ჩასვლა. ამ შეხვედრამდე ორკვირიანი პაუზა გვქონდა, რამაც სეზონის დასაწყისში უარყოფითად იმოქმედა. საერთოდ, მომხრე ვარ, ჩვენი ჩემპიონატი 4 წრედ ჩატარდეს და კვირაში ორჯერ გვიწევდეს ასპარეზობა. “ბათუმთან” თამაშს რაც შეეხება, დიდწილად ცუდი მსაჯობის მსხვერპლი გავხდით. არბიტრებმა საიმენსს თავიდანვე 3 ჯარიმა “აჰკიდეს”. ამასთან მოწამვლის გამო ჩლაიძე უძინარი იყო. კარგად ითამაშეს ჯექსონმა, ივანიჩმა, ქადარიამ. ერთი პერიოდი მასპინძლები 18 ქულითაც კი დაწინაურდნენ, მაგრამ ქულათა დეფიციტი ამოვქაჩეთ და წინ გასვლაც მოვახერხეთ. მატჩის ბოლო 50 წამის განმავლობაში ქადარიამ 4 საჯარიმო ტყორცნა გააცუდა და საბოლოოდ ერთადერთი ქულით დავთმეთ. ამ ურთულესი მატჩების შემდეგ გუნდს აღმასვლა დაეტყო. “მაკაბისა” და “ოლიმპის” ძლევის შემდეგ დასამახსოვრებელი შეხვედრა ჩავატარეთ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “შსს აკადემიასთან”. მატჩის მსვლელობისას 22 ქულითაც კი ვმარცხდებოდით, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოვიგეთ. ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ კარგი და ლამაზი კალათბურთის თამაში შეუძლიათ. პირველი წრის დასკვნითი შეხვედრა “არმიასთან” გვქონდა. ეს ასპარეზობაც დამაჯერებლად მოვიგეთ.
ამის შემდეგ მიხეილ ქორქია-ზურაბ საკანდელიძის მემორიალში ჩავებით. ფინალამდე უპრობლემოდ მივედით. სეზონში მესამედ მოვახერხეთ საქართველოში საუკეთესო სავარჯიშო პირობების მქონე არმიელთა დამარცხება. “დინამოსთან” გადამწყვეტ მატჩში შანსი 50/50-იყო, მაგრამ ზურგის ტრავმა მიიღო შვანგირაძემ, ჩლაიძემ პირველ ტაიმში ითამაშა, მესამე პერიოდის მსვლელობისას კი ტრავმირებულ ფეხთან ერთად, დატვირთვის გამო მეორეც “წაერთვა” და კაპიტნის სათადარიგოთა სკამზე დასმა მომიწია. ირაკლიმ დაამტკიცა, კალათბურთი უყვარს და გუნდის ჭეშმარიტი კაპიტანია. საბოლოოდ ძალა არ გვეყო და დაძაბულ ორთაბრძოლაში 5 ქულის სხვაობით დავმარცხდით.
სეზონის პირველ ნახევარს მოკლედ ასე შევაფასებდი – ამ პირობებში მაქსიმუმის მაქსიმუმი გავაკეთეთ. დიდი მადლობა მსურს ვუთხრა გუნდის კალათბურთელებს, რომლებიც გვერდით დამიდგნენ და ვაჟკაცურად ითამაშეს.
- პირობები ახსენეთ და იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?
- მოგეხსენებათ, 2010 წლის სექტემბრიდან ჩვენი კლუბის მეპატრონე და პრეზიდენტი სოხუმის მკვიდრი, უცხოეთში მცხოვრები ბიზნესმენი მინდია გულუაა. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ “სოხუმი” ერთადერთი კლუბია, რომელსაც კერძო, ერთი პიროვნება აფინანსებს. 3 წლის განმავლობაში ბატონმა მინდიამ უანგაროდ თითქმის მილიონნახევარი დოლარი დახარჯა გუნდის შენახვისა და განვითარებისთვის. ”სოხუმის” გაძლიერებამ დამატებითი ინტრიგა შესძინა საქართველოს ჩემპიონატს, რაც ქართული კალათბურთის სასიკეთოდ მოქმედებს. “სოხუმის” მაგალითს დიდწილად “არმიამაც” მიბაძა და ხომ გახსოვთ, როგორი უძლიერესი ლეგიონერები ჩამოიყვანა საქართველოში. 2010-11 წლების სეზონში მეოთხედფინალში “შსს აკადემიას” მოვუგეთ, ნახევარფინალში კი ტოლ-სწორად ვეპაექრეთ მომავალ ჩემპიონ “არმიას”. ამავე სეზონში პირველად ვითამაშეთ ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ფინალში. 2011-12 წლების სეზონის პლეი ოფში კვლავ აკადემიელებს შევხვდით. მათ 5 ლეგიონერი და გამოცდილი ბერძენი მწვრთნელი გიორგოს კეცელიდის ჰყავდათ. ჩვენ სეზონის მეორე ნახევარში ჯექსონი, მილოშევიჩი, რიჩარდსი დავიმატეთ და მიუხედავად იმისა, შეთამაშება რომ გვაკლდა, კიდევ ერთხელ მოვახერხეთ “შსს აკადემიის” დამარცხება. შარშანდელ პლეი ოფში ჩვენი გზები კიდევ ერთხელ გადაიკვეთა და ამჯერად მაღალი დონის ლეგიონერებით დაკომპლექტებულმა აკადემიელებმა მოგვიგეს და ჩემპიონებიც დამსახურებულად გახდნენ. წლევანდელზე უკვე ვისაუბრეთ – დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირის მოგებას, ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ფინალში გასვლა მივამატეთ. უნდა აღინიშნოს “სოხუმის” ახალგაზრდული გუნდების წარმატებაც. 18 წლამდელები 2011-ში ჩემპიონები გახდნენ, 20 წლამდე გუნდი კი ზედიზედ ორჯერ (2012, 2013) უძლიერესები იყვნენ.
ხაზგასასმელია ისიც, რომ ლევან ფაცაცია და ლაშა ფარღალავა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სწორედ ჩვენი გუნდიდან მოხვდნენ.
ჩემ სურვილს გამოვთქვამ და დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრებიც დამეთანხმებიან – მთლიანად ქართული კალათბურთისთვის სასიკეთო იქნება, თუკი ჩვენი პრეზიდენტი გუნდს შეინარჩუნებს და არსებულ დავალიანებას დაფარავს. მოთამაშეთა მიმართ დავალიანება ადრეც გვქონია, მაგრამ ბატონ მინდიას ის ბოლო თეთრამდე დაუფარავს. წლეულს ცოტა მეტი დაგვიგროვდა, ქართველ კალათბურთელებს ხელფასი 4 თვეა არ აუღიათ, ლეგიონერებს - 3 და არასაკალათბურთო პრობლემა რომ არა, ქორქია-საკანდელიძის მემორიალის ფინალისთვის უკეთ მოვემზადებოდით და ალბათ მოვიგებდით. ბატონიმ მინდია პატრიოტი კაცია და დარწმუნებული ვარ, “სოხუმს” შეინარჩუნებს. ეს შემადგენლობის შენარჩუნების საშუალებასაც მოგვცემს და სუპერფინალში გასასვლელად ვიბრძოლებთ. ეს იოლი სულაც არ იქნება. საქართველოს სუპერლიგაში 7 ძლიერი გუნდია, მეორე წრიდან კიდევ უფრო მომძლავრებას აპირებენ “შსს აკადემია” და “არმია”. თუმცა, 2011-12 წლების არმიელთა დონის გუნდი არავის ეყოლება, ფინალში გასვლა გარანტირებული არცერთს ექნება, ამიტომაც დაძაბული პაექრობები გველის.
- სახელმწიფო სტრუქტურები თუ გეხმარებიან?
- ჩვენ დევნილთა გუნდი ვართ, ამიტომაც იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სამინისტროს თავკაცის დავით დარახველიძის შუამდგომლობითა და სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მაია ცქიტიშვილის კეთილი ნებით კანცელარიის კარგად მოწყობილ დარბაზში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ”სოხუმის” ძირითადი გუნდი ვარჯიშობს. დიდი მადლობა მათ “სოხუმისთვის” გაწეული დახმარებისთვის.