ფეხბურთი

15:44 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვაჟა ჟვანია: “ქეცბაიას 10 მილიონიც რომ მისცენ ნაკრებს შანსი მაინც არ აქვს”

ვეტერანმა ფეხბურთელებმა მურთაზ ხურცილავამ, ვაჟა ჟვანიამ, ოთარ გაბელიამ და ლევან ნოდიამ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე, 2013 წელს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გაწეულ სამუშაოზე და კიდევ სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრეს. 

ვაჟა ჟვანია: “ჩვენმა საფეხბურთო ოჯახმა ის უნდა გავაკეთოთ, რაც ქართულ ფეხბურთს გამოადგება. თქვენ იმდენი არ იცით, რაც ჩვენ, თუ რას აკეთებს ფეხბურთის ფედერაცია, სპორტის სამინისტრო, ქალაქი, სახელმწიფო ვეტერანი ფეხბურთელებისთვის. არავის ლანძღვა-გინებას არ ვაპირებთ. პირიქით, ვემადლიერებით. “ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის” სლოგანია: “გავუხანგრძლივოთ დამსახურებულ ვეტერანებს სიცოცხლე”. დამსახურებული ვეტერანები არიან, ვინც ქვეყანას ემსახურებოდა იმ პერიოდში. დღევანდელ დღეს, არც ერთი დამსახურებული ფეხბურთელი არაა როგორც იტყვიან “მშიერი”. დასაფასებელია, 7 წლის განმავლობაში  რასაც ვეტერანებისთვის “ქართუ ჯგუფი” აკეთებდა და ახლაც აგრძელებს, რასაც სპორტის სამინისტრო, ბატონი ზვიად სიჭინავა აკეთებენ. დღეს, ქართულ ფეხბურთში ნელ-ნელა წინსვლა იგრძნობა, რაც ოდნავ ხაზგასასმელია. ყაველაშვილმა და ჯამარაულმა წყალგამყოფი გაავლეს და საკუთარ თავს ახალგაზრდა ვეტერანები დაარქვეს. ეს ფეხბურთელები ვინც გვერდით მიზის და კიდევ ბევრი სხვა მილიონერები უნდა იყვნენ. ყაველაშვილს, ჯამარაულს, არველაძეებს კონტრაქტები ჰქონდათ გაფორმებული და ფული თავისი ხელფასით იშოვეს, რაშიც ცუდი არაფერია. ესენი კიდევ ქვეყანას ემსახურებოდნენ. ჩვენ დროს მაქსიმალური ხელფასი დღევანდელ პერიოდზე რომ გავიანგარიშოთ 250 დოლარი იყო. სწორედ, ამიტომ სჭირდებათ დამსახურებულ ვეტერანებს დახმარება. ეს ხალხი “ანტიკვარები” არიან, რადგან საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, საბჭოთა კავშირის თასი და ევროპის თასების მფლობელთა თასი აღარ არსებობს”.

-საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპს როგორ შეაფასებთ? რამდენად კარგად ჩატარდა? რას იტყვით ქართულ კლუბებში არსებულ ფინანსურ კრიზისზე?

მურთაზ ხურცილავა: “დონე მომწონს-მეთქი რომ გითხრათ, მართალი არ ვიქნები. უკეთესი იქნება, რომ სტადიონზე მაყურებელმა იაროს. საერთოდ, სტადიონზე მაყურებლები თვითონ ფეხბურთელებს მიჰყავთ. მინდა, რომ ბევრად უკეთესი ჩემპიონატი იყოს. ამაზე გული მტკივა”.

ჟვანია: “ჩემპიონატი კარგი რომ იყოს, კარგი ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ. მათ გაზრდას კარგი მწვრთნელი სჭირდება. ბავშვთა ფეხბურთში მწვრთნელთა დონე მოიკოჭლებს. იქ საქმე ცოტა ცუდად არის. საქართველოში ზოგი კლუბი კერძოა, ზოგი მუნიციპალური. კერძო კლუბების მესვეურები ბევრ ფულს ხარჯავენ, მაგრამ არ მიწყინონ და ხშირ შემთხვევაში არასწორი მენეჯმენტი აქვთ. ინტელექტუალი მწვრთნელების დეფიციტია. საქართველოში ძალიან დიდი ფეხბურთელები იზრდებოდნენ. ამ გენეტიკის კლება ან ბუნებრივად ხდება ან შეგნებულად. მწვრთნელი 18 წლამდე ბავშვს თამაშის დროს შენიშვნას არ უნდა აძლევდეს. სამხრეთ ამერიკაში საფეხბურთო ფედერაციების მიერაა დაწესებული, რომ თამაშის დროს თუ მწვრთნელი ბავშვს შენიშვნას მისცემს, მას მსაჯი ყვითელი ბარათით აფრთხილებს და 100 დოლარით აჯარიმებენ. თუ კიდევ იგივეს გაიმეორებს, მაშინ, წითელ ბარათს აჩვენებენ და მის საკითხს სპორტულ-ტექნიკური კომისია განიხილავს. ბევრი მწვრთნელი იმ ინდივიდუალიზმს კრძალავს, რაც ქართულ ფეხბურთს ახასიათებს. კარგია, რომ გამოჩნდა ვასილ მაისურაძე. სამი წელიწადია ვუყურებთ მის მიერ გაწვრთნილ ნაკრებს და ყველაფერი აქვს: ტაქტიკა, ინდივიდუალიზმი, ფიზიკური მომზადება. 10 წელია ხმა არ ამომიღია დ მაისურაძის ნაკრებმა ჰოლანდიას რომ მოუგო, “კიროვის ბაღელებსაც” კი გაუკვირდათ, ხმა რომ ამოვიღე. ვამაყობთ იმ პროექტებით, რომელსაც ფედერაცია ანხორციელებს. ფეხბურთის ფედერაცია სწორი გზით მიდის”.

ხურცილავა: “12 წლის ბავშვს პროგრამა რაში სჭირდება. თბილისის “დინამოში” ისე მივედი, მწვრთნელი რა იყო არ ვიცოდი”.

ლევან ნოდია: “ვეტერანები როგორც დელეგატები თამაშებზე დავდივართ. თვალშისაცემია, რომ ყველა მოედანი ნორმალურ მდგომარეობაშია. აღარაა ჩხუბები, რაც თითქმის ყოველი მატჩის მერე იყო. კარგი მოედნები რომ კეთდება, ეს ქმნის სიტაუციას, რათა ფეხბურთის დონემ აიწიოს. ჩემი აზრით, 2014-2015 წლების სეზონში, უფრო მეტი კარგი ფეხბურთელი გამოჩნდება. არ შეიძლება ჩავარდნა ამდენ ხანს გაგრძელდეს”.

- ფეხბურთის სამყაროს მეტი სოლიდარობა მოეთხოვება. “დაიკარგა” “შევარდენის” სტადიონი, “სინათლე”, ავლაბრის სტადიონი, “ირაო”, ვერის ბაღში არსებული სტადიონი ავტომანქანების სადგომად გადააქციეს. თითქოს იქვე ალტერნატიული მოედანი გააკეთეს, მაგრამ ის ფასიანია. 35-ე სკოლა “დაიკარგა”. ბავშვი სად უნდა გაიზარდოს?

ოთარ გაბელია: “ძველი 35-ე სკოლის მაგივრად, ბაზარს რომ აკეთბდნენ, “ლელოში” 5-ჯერ დავწერე, რომ არ შეიძლებოდა, რადგან ეს სკოლა რელიქვიაა. ადამიანს ფეხბურთი რომ არ უყვარს, აირჩია ბაზრობა. 35-ე სკოლას და ავლაბრის სტადიონსაც კერძო მეპატრონეები ჰყავდათ. ჩვენ მეტის გაკეთება არ შეგვიძლია. ისე არავინ გაგვიგოს, რომ რადგან ფედერაციაში ვმუშაობთ, მას ვადიდებთ. მერაბმა თავის დროზე რაღაც გააკეთა. პატარა ნოდარის დროსაც რაღაც გაკეთდა. ზვიადი და მთლიანად ფედერაციის წევრები რაც ევალებათ იმას აკეთებენ. ნაკრებებს ამდენი შეკრება ჰქონოდათ და ამხანაგური თამაშები ჩაეტარებინათ, ასეთი რამ არასოდეს ყოფილა. საშა რომ ნაკრების მწვრთნელი იყო, მწვრთნელები წყალს ვაცხელებდით და ბიჭები ისე იბანდნენ. ხვალ და ზეგ სიჭინავა რომ არ იქნება, ვინც იქნება პრეზიდენტი იგივეს მოვთხოვთ. მართალია, რომ ეროვნულ ნაკრებს შედეგი არ აქვს. ფეხბურთელებს თუ უნდა ეწყინოთ, მაგრამ საფრანგეთის და ესპანეთის დონის მოთამაშეები არ გვყავს. ის ოსტატობა არ აქვთ და არც დიდ კლუბებში თამაშობენ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ მეტოქეასთან არ უნდა იბრძოლოს”.

-ვეტერანმა ფეხბურთელებმა ფედერაციასთან ერთად კონკრეტულად რა პროექტები განახორციელეთ?

ჟვანია: “როდესაც ვეტერანები ამხანაგურ თამაშებს ვატარებთ, წასვლას თანხა სჭირდება. თუ ვინმეს იუბილეა ან გარდაიცვალა ვინმე, ფედერაცია მათ დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს. დამსახურებული ვეტერანების შრომა დაფასდა. იგივე ფედერაცია დაეხმარა ნუკრი კაკილაშვილს, ზორბეგ ებრალიძეს, ვახტანგ კოპალეიშვილს, დავით გოგიას ოპერაციების გაკეთებაში. გამოიცემა წიგნები ვეტერანებზე, რომლებსაც ფედერაცია აფინანსებს. ფედერაცია, სპორტის სამინისტრო, “ქართუ ჯგუფი”, თბილისის “დინამო”, ქალაქი, სახელმწიფო ვეტერანებისთვის ყველაფერს აკეთებს. ფიფიამ კოლოსალური თანხები დახარჯა “დინამოსთვის”. ვეტერანებს სიცოცხლის ბოლომდე პენსიები დაუნიშნა.

ხურცილავა: “რაც ადრე არ კეთდებოდა თუ ვერ კეთდებოდა, ახლა ყველაფერი კეთდება. ერთადერთი მერაბ ჟორდანია იყო, რომ რაღაცეებს აკეთებდა. ზვიად სიჭინავა რომ მოვიდა, ფედერაციის ქონება მგონი 15 მილიონად იყო შეფასებული, ახლა კი, 160 მილიონადაა შეფასებული. მას 18 მილიონი ვალი დახვდა. მინუსად ჩაუთვალეს, რომ რამაზ შენგელია “დაასაფლავა”. შენგელიას ოჯახს არ უნდა დახმარებოდა?” .

-განვლილ შესარჩევ ციკლში ნაკრების მიერ ნაჩვენებ შედეგზე რას იტყოდით? ქეცბაიას ხელფასი მის კვალიფიკაციას რამდენად შეესაბამება?

ჟვანია: “ქეცბაიას 10 მილიონიც რომ მისცენ ამ ნაკრებს შანსი მაინც არ აქვს. ისიც ცოტაა რასაც აძლევენ, რადგან მწვრთნელობისთვის ჯანმრთელობას, ნერვებს, თავის დროს ხარაჯავს. 10 მილიონიც რომ მისცე, ეს ფეხბურთელები რაც არიან, იმაზე მეტს ვერ გააკეთებენ”.

ნოდია: “ქეცბაიამ რაც ილაპარაკა. ეს პროფესიონალური მიდგომაა. ნაკრებში ფეხბურთელი ზედმეტი 6 კილოგრამით არ უნდა ჩამოდიოდეს. გუნდში სათამაშო დისციპლინა უნდა იყოს. ჩვენ უნდა დავინახოთ, მან რა თქვა და რას აკეთებს”. 

-ერთი წლის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ცნობილია, გენერალურ მდივანს რეზო არველაძეს პრეზიდენტობაზე კენჭისყრა სურს. “ვეტერან ფეხბურთელთა კავშირი” მას მხარს თუ დაუჭერთ? როგორ პრეზიდენტს ისურვებდით ფედერაციის სათავეში?

ჟვანია: “ ჩვენი კავშირი აბსოლუტურად აპოლიტიკურია. ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით და სახელმწიფოს სადარაჯოზე ვდგავართ. ამიტომ, დაველოდებით კანდიდატები ვინ იქნებიან, ვის რა პროგრამა ექნება და ხმასაც ამის მიხედვით მივცემთ”.

0.163001