ჭიდაობა

18:47 | 30.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

უხვმედლიანი თაობა

8 ოქრო, 13 ვერცხლი და 14 ბრინჯაო - ასეთია საქართველოს მოჭიდავეთა ასაკობრივი ნაკრებების საერთო მონაგარი 2011 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ჭაბუკმა და ახალგაზრდა სპორტსმენებმა ტრადიციულად, უფროსებზე შთამბეჭდავი შედეგით დაასრულეს სეზონი. ეს წარმატებები, ცხადია, ოპტიმიზმის სერიოზული საფუძველია - თაობას, რომელიც ეროვნულ ნაკრებში უახლოეს წლებში უნდა დამკვიდრდეს, უფრო მაღალი სპორტული მწვერვალების დასაპყრობად არც ნიჭი აკლია და არც შემართება. ეს ბიჭები ეროვნული ნაკრების წევრებს მალე სრულად და რაც მთავარია, ღირსეულად ჩაანაცვლებენ.
თავიანთ ასაკობრივ ჯგუფში უკვე აღარაფერი დარჩათ მოუგებელი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს - ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა (55 კგ) და დავით მარსაგიშვილს (84 კგ). ახალგაზრდულ ნაკრებში ჭიდაობის ბოლო სეზონი ორივემ შეუდარებლად ჩაატარა. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ყველა კონკურენტს უპრობლემოდ აჯობეს და ოქროს დუბლიც მიითვალეს.
ახალგაზრდებისგან, რომლებიც უკვე ძირითადი ნაკრების წევრები არიან და იქაც შედეგიანად ჭიდაობენ, ასაკობრივ პირველობაზე წარმატებული გამოსვლა არავის გაკვირვებია.
სერბეთის ქალაქ ზრენიანინში 21-22 ივნისს ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ნუგზარ სხირელის გუნდმა გადაზრდილი მოჭიდავეებით დაკომპლექტებულ რუსეთის ნაკრებთან ერთად გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო 30-31 ივლისს, ბუქარესტულ მსოფლიოს პირველობაზე მეორეზე გავიდა. ეს შედეგი მნიშვნელოვანწილად სწორედ ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა და დავით მარსაგიშვილის წარმატებების დამსახურებაა.
ევროპირველობის დასრულებისთანავე, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ დავით მარსაგიშვილი ტურნირის საუკეთესო თავისუფალი სტილით მოჭიდავედ დაასახელა. ქართველმა ჩემპიონმა ოთხივე მეტოქე: თურქი მურატ ოზკონი, უკრაინელი დავიდ კალაშიანი, რუსი ალბერტ ციპინოვი და სომეხი ვაჰე ტამრაზიანი ისე იოლად დაჩაგრა, არც ერთთან არა თუ სეტი, კინკილა ქულაც არ დაუკარგავს.
სეზონის ორივე უმთავრესი ტურნირის სამეულში შესვლა თედორე ებანოიძემაც მოახერხა. ახალგაზრდული ნაკრების დებიუტანტმა ევროპის ჩემპიონატზე 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, მსოფლიოზე კი უკვე 120 კილოგრამში გავიდა ხალიჩაზე და ჩემპიონობამდე გადამწყვეტი გამარჯვებაღა დააკლდა.
ევროპული ბრინჯაოთი აღნიშნა დებიუტი გენო პეტრიაშვილმა. ამ 17 წლის სპორტსმენმა ჭაბუკთა ნაკრებში კიდევ უფრო შედეგიანად იჭიდავა. თანატოლების ევროპირველობა წაუგებლად ჩაამთავრა და ჩემპიონი გახდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ვერცხლს დასჯერდა. თამაზ ბენდიანიშვილის გუნდმა კონტინენტის პირველობა ოქროს, 2 ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლით მოიარა, ხოლო მსოფლიო – ვერცხლითა და 2 ბრინჯაოთი.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ოქროს გარეშე ჩაამთავრა. ვლადიმერ ადეიშვილის შეგირდებმა 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს. ამ ტურნირიდან ერთ თვეში კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილით დაისაკუთრეს. რევაზ ნადარეიშვილი (84 კგ) და შოთა გოგისვანიძე (120 კგ) მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ) და სანდრო დიხამინჯია (96 კგ) ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ, ხოლო ქემალ ხარაბაძემ (60 კგ) მესამე ადგილი დაიკავა.
ვაჟა კრავეიშვილის გაწვრთნილი ჭაბუკთა ნაკრების წევრთაგან 42 კილოგრამში მოჭიდავე რამაზ ზოიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა შეხვედრა მოიგო და უნგრეთის ქალაქ სომბატჰეის დარბაზში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა. მიზნამდე გადამწყვეტი მოგება დააკლდა ზურაბ გედეხაურს. ლაშა გობაძე (76 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ამ უკანასკნელმა ორიოდ კვირით ადრე ევროპირველობის ფინალშიც იჭიდავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ევროვერცხლს დასჯერდა კუკური კირცხალიაც (85 კგ).
დასასრულ 2011 წლის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ჩემპიონ-პრიზიორი ჭაბუკებისა და ახალგაზრდების სრული სია:

თავისუფალი ჭიდაობა

ჭაბუკები
ევროპის ჩემპიონატი
ვარშავა. პოლონეთი. 9-10 აგვისტო


ოქრო – გენო პეტრიაშვილი (100 კგ)
ვერცხლი – შოთა ფანცულაია (50 კგ)
ვერცხლი – ომარ გურჯიძე (63 კგ)
ბრინჯაო – შოთა ფარტენაძე (54 კგ)

მსოფლიოს ჩემპიონატი
სომბათჰეი. უნგრეთი. 23-24 აგვისტო


ვერცხლი – გენო პეტრიაშვილი (100 კგ)
ბრინჯაო – შოთა ფარტენაძე (54 კგ)
ბრინჯაო – გიორგი ჩხარტიშვილი (76 კგ)

ახალგაზრდები

ევროპის ჩემპიონატი
ზრენიანინი. სერბეთი. 21-22 ივნისი


ოქრო – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ)
ოქრო – დავით მარსაგიშვილი (84 კგ)
ვერცხლი – ბექა პეტრიაშვილი (74 კგ)
ბრინჯაო – თენგიზ ჩოჩიშვილი (60 კგ)
ბრინჯაო – თედორე ებანოიძე (96 კგ)
ბრინჯაო – გენო პეტრიაშვილი (120 კგ)

მსოფლიოს ჩემპიონატი
ბუქარესტი. რუმინეთი
30-31 ივლისი


ოქრო – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55 კგ)
ოქრო – დავით მარსაგიშვილი (84 კგ)
ვერცხლი – მამუკა კორძაია (96 კგ)
ვერცხლი – თედორე ებანოიძე (120 კგ)
ბრინჯაო – დავით გალეგაშვილი (66 კგ)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

ჭაბუკები

ევროპის
ჩემპიონატი
ვარშავა. პოლონეთი
13-14 აგვისტო


ვერცხლი – ლაშა გობაძე (76 კგ)
ვერცხლი – კუკური კირცხალია (85 კგ)
ბრინჯაო – რამაზ ზოიძე (42 კგ)
ბრინჯაო – ედნარ შავაძე (50 კგ)
ბრინჯაო – შმაგი ბოლქვაძე (58 კგ)

მსოფლიოს ჩემპიონატი
სომბატჰეი. უნგრეთი
27-28 აგვისტო


ოქრო – რამაზ ზოიძე (42 კგ)
ვერცხლი – ზურაბ გედეხაური (100 კგ)
ბრინჯაო – ლაშა გობაძე (76 კგ)

ახალგაზრდები

ევროპის ჩემპიონატი
ზრენიანინი. სერბეთი
25-26 ივნისი


ვერცხლი – ნიკა ცეცხლაძე (50 კგ)
ვერცხლი – საჩინო დავითაია (60 კგ)
ბრინჯაო – ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ)
ბრინჯაო – სანდრო დიხამინჯია (96 კგ)

მსოფლიოს ჩემპიონატი
ბუქარესტი. რუმინეთი
26-27 ივლისი


ოქრო – რევაზ ნადარეიშვილი (84 კგ)
ოქრო – შოთა გოგისვანიძე (120 კგ)
ვერცხლი – ზურაბ დათუნაშვილი (74 კგ)
ვერცხლი – სანდრო დიხამინჯია (96 კგ)
ბრინჯაო – ქემალ ხარაბაძე (60 კგ)

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.169673