"აუგსბურგმა" გასულ სეზონში მიუნხენის "ბაიერნის" მოუგებელი სერია შეწყვიტა, თუმცა დღეს განსხვავებულ ვითარებაში მოუწია ვაინცირლის გუნდს თამაში. დორტმუნდელები პირველ ტურში დამარცხდნენ, იურგენ კლოპის ფეხბურთელებმა ქულები ლევერკუზენის “ბაიერთან’’ დაკარგეს და შესაბამისად მათ დღევანდელ მიზანს სამი ქულის მოპოვება წარმოადგენდა. კლოპმა შემადგენლობა შეცვალა და მისმა გადაწყვეტილებამაც გაამართლა.
“იმპულს არენაზე’’ "ბორუსიამ" საწყისი წუთებიდანვე შეუტია. ერთადერთი ფიგურა, რომლის გაჩერება "აუგსბურგის" ფეხბურთელთა ძალებს აღემატებოდა, იყო მარკო როისი. მან ჯერ თავად გაიტანა, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ სოკრატის პაპასტატოპულოსს გაატანინა.
სხვა საკითხია როგორ ითამაშებდნენ სტუმრები როისის გარეშე, თუმცა ფაქტია გერმანელი მოედანზე იყო და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
გაშვებული გოლების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ. გოლის გატანას ცდილობდა ტობიას ვერნერი. გამოცდილმა ცაციამ უშედეგოდ ირბინა, თუმცა მეორე ტაიმის მიწურულს შეხვედრა დაიძაბა და იყო შანსი მატჩის ფრედ დამთავრებისა. აუგსბურგელთა სამწუხაროდ, ბოლო წუთებში ვერნერის დარტყმა არაზუსტი გამოდგა.
მოედანზე იყო დორტმუნდელთა ყოფილი ფეხბურთელი მარკუს ფოილნერი. "აუგსბურგის" ფორმაში გამოწყობილმა ნახევარმცველმა ცუდი შტაბეჭდილება არ დატოვა, თუმცა ვიხსენებ მისი კარიერის საწყის პერიოდს, როცა იგი ოტმარ ჰიტცფელდის "ბაიერნში" გამოდიოდა და გული ბევრ რამეზე მწყდება. მაგალითად იმაზე, რომ მარკუსმა გერმანიის ეროვნული ნაკრების მაისური ერთხელაც ვერ მოირგო.
აღსანიშნავია ერთი ფაქტორი. ვაინცირლმა სასტარტოში ათამაშა დურდიჩი და ბაბა, რომლებმაც გასული სეზონი მეორე ბუნდესლიგაში, კერძოდ ფიურტში გაატარეს, ხოლო ინგოლშტადის ყოფილი ფეხბურთელი კაიუბი სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
ხსენებულმა ბაბამ თავი ორი საგოლე პასით გამოიჩინა. მის პასს არგენტინელი რაულ ბობადილასა და მატავზის გოლები მოჰყვა. იმის თქმა მსურს, რომ გერმანიის მეორე ბუნდესლიგა საკმაოდ მაღალი დონის ტურნირია. ვაინცირლის მიერ განხორციელებული ტრანსფერებიც ამ ფაქტზე მიუთითებს.
მანამდე რამოსმა შეაგდო, კოლუმბიელმა სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა და შესაძლოა შემდეგი ტურიდან კლოპმა ყოფილი ბერლინელის სასტარტოში დაყენებაც გადაწყვიტოს.
დორტმუნდელები შემდგომ ტურში საკუთარ მოედანზე "ფრაიბურგს" უმასპინძლებენ, ხოლო "აუგსბურგი" ფრანკფურტში ჩადის.
აუგსბურგი. იმპულს არენა. 30 660 მაყურებელი
აუგსბურგი – ბორუსია 2:3 (0:2)
აუგსბურგი: ჰიტცი, კალსენ-ბრაკერი, ვერჰაეგი, კლავანი, ბაბა, ფოილნერი (მატავზი 69) , ვერნერი, ბაიერი, ალთინტოპი, დურდიჩი (კოჰი 82), პარკერი ( ბობადილა 61).
მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი
ბორუსია: ვაიდენფელერი, პისჩეკი, სუბოტიჩი, პაპასტატოპულოსი, დურმი, კელი, მხითარიანი, როისი (ჰოფმანი 87), გროსკროიცი (რამოსი 73), ჯოჯიჩი (ბენდერი 64), ობამეიანგი.
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
გოლები: 0:1 როისი 11, 0:2 პაპასტატოპულოსი 14, 0:3 რამოსი 78, 1:3 ბობადილა 82, 2:3 მატავზი 89.
გაფრთხილება: ვერნერი 42, ვერჰაეგი 43, ჯოჯიჩი 54, სუბოტიჩი 70, ბენდერი 73.
მთავარი მსაჯი: კნუტ კირხერი
დიმა შარიქაძე