ცუდი ფაქტი, რომელიც სამტრედიაში, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო ტურში მოხდა, მასმედიის განსჯის საგანი გახდა. “სამტრედიასა” და ქუთაისის “ტორპედოს” (0:1) შორის გამართული შეხვედრის გასაშუქებლად ჩასულ “რუსთავი-2”-ის გადამღებ ჯგუფს, იმის გარდა, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს, ადგილობრივი მაყურებლებისაგან შემდგარმა ჯგუფმა სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.
ანალოგიური ქმედება, ადგილობრივი გუნდის უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ, “ეროსი მანჯგალაძეზე” ახალი ამბავი არაა. 2009 წლის ოქტომბერში, სამტრედიაში, თბილისის “ვიტ ჯორჯიას” სტუმრობისას (2:2), ცუდი დღე დაადგა “რუსთავი-2”-ის კიდევ ერთ გადამღებ ჯგუფს.
მაშინდელ ფაქტს ვებ-გვერდი www.goli.ge-ს ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი ასე იხსენებს: “ჟურნალისტ ჯემალ ფარცახაშვილს, იქვე სტადიონის გასახდელთან ურჩევდნენ საქმეს, მე კი 15-მდე ქვებით და რაღაც საგნებით მომარჯვებული ადამიანი, მგონი, ჩაქოლვას მიპირებდა. “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელი ლექსო კვახაძე რომ არ გამომსარჩლებოდა, ალბათ ქვებს დამიშენდნენ. იმ დღეს იყო, მსაჯს ვიღაცამ თავში ჩექმა რომ გაარტყა”.
ჩვენი კოლეგა გასული სეზონის IV წრეში, სამტრედიაში “ვეტერინართა” კიდევ ერთ სტუმრობას იხსენებს: “იმ მატჩს ავადმყოფობის გამო ვერ დავესწარი, მაგრამ უკან დაბრუნებული რამდენიმე ფეხბურთელის ოჯახის წევრი კარგა ხანი შოკიდან ვერ გამოვიდა - ქალბატონებს კარის მეზობლები და დალაქიც კი არ დაუტოვეს უგინებელი”.
“მსოფლიო სპორტი” ტელეფონით დაუკავშირდა ს/კ “სამტრედიას” პრეზიდენტ ირაკლი ახობაძეს, რომელმაც ურჩი მაყურებლის წინააღმდეგ ბრძოლის თავისებურ ხერხებზე ისაუბრა.
- გეცოდინებათ, სამტრედიაში ფეხბურთის მატჩისას 6 მარტს მომხდარი ინციდენტი პირველი არაა.
- სამწუხაროდ, სამტრედიას დასჩემდა სკანდალები.
- როგორ ფიქრობთ, სტადიონზე მყოფმა პოლიციელმა წესრიგი უნდა დაიცვას, თუ საკუთარი თავი?
- იქ იყო მხოლოდ გინება და აგრესიის ამ მხრივ გამოხატვა. პოლიცია ადამიანს გინებას როგორ დაუშლის? რომ ყოფილიყო მოედანზე გადმოსვლა და შეხლა-შემოხლა, მაშინ ჩაერეოდა პოლიცია. ვიღაც ვიგინდარა ტრიბუნიდან იგინება, პოლიციამ ეს როგორ უნდა აღკვეთოს.
- იმის გარდა, რომ კლუბის პრეზიდენტი ხართ, სამტრედიის საკრებულოს წევრიც ხართ. თუ აპირებთ მაყურებელთან შეხვედრებს და შესაბამისი ზომების გატარებას?
- რამდენიმე ადამიანი უტეხავს სხვებს სახელს და სხვა გზა არ არის - რამენაირად დავამუშავებთ და მივხედავთ მათ.
- სამტრედია კი არა, საქართველოა პატარა და ყველა ყველას იცნობს. თუ იცით იმ რამდენიმე ადამიანის ვინაობა?
- როგორ არ ვიცით, 5-6 ადამიანია და მათთან გვექნება ჩვენ აუცილებლად საუბარი. თუმცა, ერთი უნდა ვთქვა - არც ისეთი ამბავი იყო, როგორც გააბუქეს. ქვებს ისროდნენო და ფიზიკურად შეგვეხნენო. იყო გინება და მეტი არაფერი.
- თვითმხილველებისაგან შევიტყვეთ, რომ ის 5-6 კაცი რაიონის გამგებელსაც აგინებდა და მაჟორიტარ დეპუტატსაც. შესაძლოა, ისინი არ იყვნენ სამთავრობო ლოჟაში, მაგრამ გუნდის ცუდ დღეში ყოფნის ფონზე, გინების მიზეზი სავსებით გასაგები შეიძლება იყოს...
- მე ასეთი რამ არ გამიგონია, მაგრამ რადგან ეს ხალხი სტუმრის გინებას კადრულობს, ალბათ არც ასეთ რამეზე დაიხევს უკან.
- ალბათ ფედერაციისაგან სანქციის მოლოდინში ხართ...
- სანქციას ნამდვილად არ ველოდებით. თამაში უკვე დასრულებული იყო, ოქმში კომისარს არაფერი არ ჩაუწერია და რატომ უნდა დაგვსაჯონ? ყველაფერი მოხდა ინტერვიუს ჩაწერის მომენტში, როცა რამდენიმე გულშემატკივარმა გამოიჩინა აგრესია ჟურნალისტების მიმართ. იქ ბოთლების და ქვების სროლა არ ყოფილა, იყო მხოლოდ გინება.
- უკეთესობისკენ ცვლილება ხომ არაა გუნდის დაფინანსების მხრივ?
- არა, ყველაფერი ძველებურადაა. ჩემპიონატის ჩასამთავრებელი ბიუჯეტი არსებობს, მაგრამ თუ რამე დაგვემატა, იგი გუნდის კეთილდღეობას მოხმარდება. როგორც ხედავთ, ბრძოლით კი იბრძვიან ბიჭები. დარჩენის თეორიული შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ ამას პრაქტიკულად როგორ გამოვიყენებთ, ბოლოს გამოჩნდება.
ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ სტადიონზე სტუმრის სტატუსით მისული ადამიანის შეურაცხმყოფელი არსებები გუნდის ნამდვილ ქომაგთან გავაიგივოთ. ამიტომაც მხარს ვერანაირად ვერ დავუჭერთ დამნაშავეთა საქციელისთვის საფეხბურთო გუნდის დასჯას. უბრალოდ, მიგვაჩნია, რომ თუ სტადიონზე მყოფთა შორის დაუმორჩილებელთა რაოდენობა ასე ცოტაა, მათი ლოკალიზებისთვის (და არა “დამუშავებისთვის”) ადგილობრივ სამართალდამცველთა ძალები კი უნდა იყოს საკმარისი.
ფრიდონ კერვალიშვილი