განა ბევრი გუნდი გააკეთებს იმას, რაც პარაგვაის ნაკრებმა აწდასრულებულ კოპა-ამერიკაზე შეძლო?! ბევრი გუნდი გინახავთ ისეთი, რომელსაც რომელიმე ტურნირის ფინალამდე ფრეებით გაეღწიოს და გზად ბრაზილიის დარი “ვეშაპი გადაეყლაპოს?!“ მაგრამ ამის მიუხედავად, ნეიტრალური ქომაგის აბსოლუტური უმრავლესობა ფინალში მაინც ურუგვაის ნაკრებს გულშემატკივრობდა და ეს, ბუნებრივიცაა. ჩვენს ბაბუებზე რა გითხრათ, მაგრამ ჩემს თაობაში მეეჭვება, ვინმეს გვახსოვდეს იმაზე კარგი ურუგვაის ეროვნული გუნდი, რაც ჩვენ ჯერ გასულ წელს – მსოფლიოს ჩემპიონატზე და წლეულს კოპა-ამერიკაზე ვნახეთ. სწორედ ურუგვაელებმა დაადუმეს წუწუნისმოყვარე ევროპელი საფეხბურთო სპეციალისტები, რომლებიც გამუდმებით ქოთქოთებდნენ იმაზე, რომ თითქოს კოპა-ამერიკა ვერაფერიშვილი სანახაობა იყო და ლათინური ამერიკის ნაკრებებს კარგად მხოლოდ ჯაჯგური და წიხლაობა შეეძლოთ. ჯაჯგურით, იცოცხლეთ – ურუგვაიმაც გვარიანად იჯაჯგურა, მაგრამ ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ალბათ, სწორედ ეს გუნდი იყო ერთადერთი, რომელიც ყველაზე მეტად ტოვებდა ტურნირის ფავორიტის შთაბეჭდილებას და როდესაც ჩემპიონატის მასპინძელი – არგენტინის გუნდიც დამარცხა, ყველა ძველი ურუგვაის დაბრუნებაზე ალაპარაკდა.
საერთოდ, ნებისმიერი დიდი ჩემპიონატი, უპირველესად, კონკრეტული, გამორჩეული მატჩებით გვახსენდება და როდესაც გავა წლები და 2011 წლის კოპა-ამერიკის გათამაშებას გავიხსენებთ, გონებაში ჯერ ალბათ არგენტინა-ურუგვაის მეოთხედფინალური მატჩი ამოგვიტივტივდება. სანახაობრივად, ამ შეხვედრაზე ნაკლები არც ფინალი და სხვა მატჩები ყოფილა, მაგრამ სულ სხვაა, როცა ურუგვაი არგენტინას არგენტინაშივე ამარცხებს და ამას დამსახურებულად, ჭეშმარიტად რაინდულად აკეთებს. როდესაც არგენტინის ქომაგი ხარ, რაც არ უნდა ობიექტურობა გასწიო, მაინც გიჭირს დარდის გარეშე გაიხსენო, როგორ გმირულად უძალიანდებოდა შენს ნაქებ, ვარსკვლავით გადაძეძგილ გუნდს პატარა ურუგვაის ნაკრები. როგორ ყრიდა ცოფებსა და ცრემლებს, ქალაქ სანტა-ფეში შეკრებილი პუბლიკა და როგორი ბედნიერი, მაგრამ შეშლილი სახე ჰქონდა დიეგო ფორლანს თამაშის დასრულების შემდეგ. მთელი ცხოვრების განმავლობაში, წლევანდელი კოპა-ამერიკის ამსახველი ვიდეოკადრები ათასჯერაც რომ ნახო, დიეგო ფორლანის შეშლილი სახე, ალბათ, მაინც ყველა მოგონებას დაჩრდილავს და კიდევ ერთხელ გადაასხავს “ცივ წყალს“ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ფეხბურთს კარგად მხოლოდ და მხოლოდ აღიარებული გრანდები უნდა თამაშობდნენ. რა თქმა უნდა, მრავლად მოიძებნება ისეთი ხალხი, რომლებიც ურუგვაის დიდებულ გუნდს მხოლოდ და მხოლოდ არგენტინის, ანდა ბრაზილიის ნაკრებების ზიზღის გამო გულშემატკივრობდნენ და მათთვის ტურნირიდან ამ ორი გრანდის გამოვარდნა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მთელი კოპა-ამერიკის მანძილზე ლუის სუარესის დიდებული თამაში. ასეთი ხალხი მუდამ იქნება, მაგრამ ხომ იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ურუგვაის ნაკრების გარჯამ დიდი სიამოვნება მიანიჭა და ის ძველი და ტკბილი დრო გაახსენდათ, როდესაც ფეხბურთელები გაქსუებული მილიონერები კი არა, ჩვეულებრივი მონტევიდეოელი, ბუენოს-აირესელი, თუ სოხუმელი ბიჭები იყვნენ, რომლებიც თამაშის დასრულების შემდეგ, პორტებში მიდიოდნენ მტვირთავებად, რომ წაემუშავათ.
დღეს, დიეგო ფორლანსა და მის მეგობრებს, რა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემები აღარ აწუხებთ და თავინთი ჯანის დახარჯვით იმდენი ფული ნამდვილად აქვთ ანგარიშზე, რომ კარიერის დასრულების შემდეგ, მშვიდად და უდრტვინველად იცხოვრონ, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმ ალალ, ვაჟკაცურ თამაშზე, რითაც ურუგვაიმ ძველი დრო გაგვახსენა და გულში ქართული ფეხბურთის წარსულის მცირე ნოსტალგიაც შემოგვაპარა. წარსულის ხლართებში გადაჭრას ნამდვილად არ ვაპირებთ, მაგრამ მაინც გავიხსენოთ, რომ ერთ დროს, ჩვენებურ ფეხბურთელებს “პატარა ურუგვაელებს“ ეძახდნენ და ეს მეტსახელი უფროსი თაობის ქართველ ქომაგებს წლების მანძილზე საამაყოდ ჰქონდათ. მათ ხომ ლეგენდარული ურუგვაი ახსოვთ. მათ ნამდვილად იცოდნენ ჭეშმარიტი, რაინდული ფეხბურთის ფასი და იმასაც ხვდებოდნენ, რამხელა დაფასებაა, როდესაც შენს თანამემამულეებს იმ ქვეყნის ფეხბურთელებს ადარებენ, რომლებმაც ქვეყანაში არსებული საშინელი ეკონომიკური სიდუხჭირის მიუხედავად, ორჯერ მსოფლიოში გაპირველება და 15-გზის კონტინენტის ჩემპიონობა მოიპოვეს. მაშ ასე, დროა დავივიწყოთ ვინ რომელ ნაკრებს ვქომაგობთ და თუკი ფეხბურთი გვიყვარს, ყველას უნდა გვიხაროდეს, რომ სამხრეთ ამერიკის კონტინენტს, ურუგვაის ნაკრების სახით, ასეთი ღირსეული ჩემპიონი ჰყავს! გაუმარჯოს ამ ურუგვაის ნაკრებს!
ლევან სეფისკვერაძე