ფეხბურთი

13:33 | 13.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ურუგვაი – მხოლოდ ფავორიტობა არ კმარა

13 და 21 ნოემბერს, ურუგვაისა და იორდანიის ეროვნული ნაკრებები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებენ. ცხადია, ორთაბრძოლის უდავო ფავორიტები სამხრეთამერიკელები არიან, თუმცა ამ სტატუსს მოედანზე საქმით დამტკიცება სჭირდება.

იორდანიაში, ეროვნული ნაკრების ასეთ წარმატებას არავინ ელოდა. ძნელად სავარაუდო იყო, რომ აზიელები ამ ეტაპამდე მიაღწევდნენ და მუნდიალამდე ერთ ნაბიჯში იქნებოდნენ. ისიც სათქმელია, რომ ამ უკანასკნელი ნაბიჯის გადადგმა ყველაზე რთული იქნება. რაც არ უნდა იყოს, იორდანიის ნაკრებს დასაკარგი არაფერი აქვს. ვფიქრობთ, მარცხის შემთხვევაშიც კი ძნელად თუ გაამტყუნებს ვინმე მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს.

ამ დუელში, ურუგვაის ეროვნული გუნდი ერთხმად აღიარებული ფავორიტია და შესაძლოა, ეს სტატუსი დამღუპველიც აღმოჩნდეს. იორდანიელებთან შედარებით, ურუგვაელებს უდიდესი საფეხბურთო ისტორია აქვთ და დამსახურებულადაც ითვლებიან ფავორიტებად. მიუხედავად ყველაფრისა, ოსკარ ტაბარესის გუნდს მეტოქის დასამარცხებლად და მუნდიალის საგზურის მოსაპოვებლად 100%-იანი კონცენტრაცია მართებს. საგულისხმოა, რომ ურუგვაის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ბრძოლა პლეი ოფში მეოთხედ უწევს.

რა გასაკვირია, რომ ურუგვაელთა მთავარი კოზირი შეტევის ხაზი იქნება – ლუის სუარესი და ედინსონ კავანი იორდანიელთა დაცვის ხაზს ბევრ პრობლემას შეუქმნიან. აღსანიშნავია, რომ მეტ-ნაკლებად სახიფათო ფორვარდი იორდანიელებსაც ჰყავთ. საუბარია აჰმად იბრაჰიმზე, რომელმაც აზიის საკვალიფიკაციო ეტაპზე 18 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი მიითვალა.

ჰოსამ ჰასანი (იორდანია): “ეს მატჩები იორდანიის ნაკრების ამ თაობის ფეხბურთელთათვის უმნიშვნელოვანესია. იორდანია მსოფლიოს ჩემპიონატთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. მიზნის მისაღწევად დიდი ყურადღება და მონდომება გვმართებს”.

ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი): “იორდანიის ნაკრების შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აზიელები ჩვენს დასამარცხებლად ყველაფერს გაიღებენ. იორდანიელთა თამაში უზბეკეთისა და ომანის ნაკრებების წინააღმდეგ ვნახე. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ. პროგნოზის გაკეთება ძნელია. იორდანია მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს და ჩვენც ასე მოვიქცევით”.


 

0.155447