ლაშა გვალიამ 20 დღის წინ გააფორმა კონტრაქტი ეკატერინბურგის "ურალთან", თუმცა გუნდში ჯერაც არ გამოჩენილა. მიზეზს "ურალის" პრეზიდენტი გრიგორი ივანოვი ხსნის – მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფერხებს ფეხბურთელის რუსეთში ჩასვლას.
"როცა გვალიასთან კონტრაქტს ვაფორმებდით, ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდით. საემიგრაციო სამსახურმა ნებართვა მოგვცა, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად დგას. ლაშა კარგი, სწრაფი ფეხბურთელია და ეტყობა, რომ ფეხბურთის თამაში შეუძლია, თუმცა ჯერ არ აძლევენ საშუალებას".
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრის ცნობით, საქმეს ის ართულებს, რომ საქართველოსთან არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ მუშაობა მიდის და გვალიაც სავარაუდოდ მალე შეუერთდება "ურალს".
შეხსენებისთვის, გვალია გორის "დილაში" გამოდიოდა და კარგი მატჩები ჩაატარა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე.