ჭიდაობა

16:26 | 12.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

უპრეცედენტო ფალავნობა – ვინ დაბრუნდება ცირკიდან მოგებული მერსედესით?

 

15 დეკემბერს, თბილისის ცირკი ქართულ ჭიდაობაში სეზონის დამაგვირგვინებელ შეჯიბრებას – ფალავნობას უმასპინძლებს. ტრადიციულ ყოველწლიურ ტურნირში სავარაუდოდ ტიტულოვანი ძიუდოისტების, სამბისტებისა და თავად ქართულ ჭიდაობაში სახელმოხვეჭილი სპორტსმენების სიუხვეს უნდა ველოდოთ, რადგან წლეულს საპრიზო ფონდი უპრეცედენტოდ მაღალია – 35 ათასი ლარი. საქართველოს 2013 წლის ფალავანს კი საჩუქრად ავტომობილი “მერსედესი” გადაეცემა.

ფალავნობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. დღეს სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში წინასაშეჯიბრო პრესკონფერენცია გაიმართა. “ქართული ჭიდაობა ჩვენთვის სპორტის პრიორიტეტული სახეობაა. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს მის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესატანად” – განაცხადა სპორტის მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ.

რაც შეეხება წმინდა სპორტულ მხარეს, მასზე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გელა ბერუაშვილმა და სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ ისაუბრეს.

ბერუაშვილის განცხადებით, მომავალ ტურნირში საპრიზო ფონდიდან გამომდინარე, მონაწილეთა მოზღვავებას ელის, მაგრამ რაოდენობა შეზღუდული არაა და მთავარი პრიზისთვის ბრძოლაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ჩემპიონ-პრიზიორები 4 წონით კატეგორიაში: 80, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. ფალავნობისთვის ბრძოლაში კი ოთხივე წონის ჩემპიონ-პრიზიორები ჩაერთვებიან.

“ძალიან კარგ ღონისძიებას ვგეგმავთ, რომელზე დასწრებაც უფასო იქნება და გვინდა, მაყურებელი მრავლად მოვიდეს. უკვე დაგვიკავშირდნენ ჩვენი ძიუდოისტთა ნაკრების წევრები, რომლებიც იაპონური შეკრებიდან ჩამოსვლას ფალავნობის დაწყებამდე ასწრებენ და სურთ შეჯიბრებაში ჩაერთონ” – გვითხრა გელა ბერუაშვილმა.

ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მხარში დგომისთვის სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა. არც ფონდი “ქართუ” დაივიწყა, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც ფედერაციამ წლეულს მთელი საქართველოს მასშტაბით 17 ახალი საჭიდაო არენა ააშენა. ამავე პროექტის ფარგლებში 2014-2015 წლებში 70-მდე არენის აშენებაა დაგეგმილი.

ირაკლი დოლაბერიძემ განაცხადა, რომ ქართული ჭიდაობა ქართული საჭიდაო სკოლის საფუძველია და გაცილებით მეტია, ვიდრე სპორტი. მან ფედერაციის ხელმძღვანელობას მომავალი ფალავნობის საორგანიზაციო მხარის მაქსიმალურად მაღალ ხარისხამდე აყვანა სთხოვა და იმედი გამოთქვა, რომ ამ ლამაზ ღონისძიებას გულშემატკივრების სიმრავლეც გაალამაზებს.

ფალავნობა 2013 კვირას, დილის 11 საათიდან დაიწყება. ფინალური შეხვედრები კი 17 საათიდან შედგება.

0.604874