ლონდონის “არსენალის” შემტევი თეო უოლკოტი, სავარაუდოდ, მოედანს მალე დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის 4 იანვარს, “ტოტენჰემის” წინააღმდეგ გამართულ სათასო დაპირისპირებაში, ახალგაზრდა ინგლისელმა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. თავდაპირველად, უოლკოტს დაბრუნებას ექვს თვეში უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ტრავმა უფრო სერიოზული გამოდგა და უკვე შვიდი თვეა, თეო მკურნალობის კურსს გადის.
“მეთოფეთა” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას თეოს ტრავმასაც შეეხო:
“სავარაუდოდ, უოლკოტი გუნდთან ერთად ვარჯიშს 31 აგვისტოს დაიწყებს. შესაძლოა, ეს რამდენიმე დღით გვიან მოხდეს, მაგრამ თეო, დაახლოებით, ერთ თვეში დაგვიბრუნდება. ჯერჯერობით, ის მზად არაა.” – განაცხადა ვენგერმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტრავმის გამო, 25 წლის შემტევი ინგლისის ეროვნულ ნაკრებს წლევანდელ მუნდიალზე ვერ დაეხმარა.
ლევან გოგოტიშვილი