რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე მსოფლიოს XXVII უნივერსიადაში დღეს ბოლო ქართველი ძიუდოისტი ჩაება, თუმცა, თანაგუნდელთა მსგავსად, წარმატებას ვერც მანც მიაღწია.
60 კგ. წონით კატეგორიაში პაატა მერებაშვილი პირველ რაუნდში შვეიცარიელ მიშელ იტენთან იპონით დამარცხდა, რეპეშაჟში გადასულმა კი ჯერ ფრანგი რეიმონდი ასევე წმინდად დაამარცხა, შემდეგ კი მონღოლ ამარტუვშინ დაშდავაასთან იპონით წააგო.
გრძელდება საქართველოს სტუდენტ წყალბურთელთა მარცხიანობაც. მე-4 ტურში ქართველები იაპონიას დაუპირისპირდნენ და აუტსაიდერობის კვალობაზეც კი, თამაში სამარცხვინო ანგარიშით – 6:35 (1:10, 1:9, 3:6, 1:10) დათმეს.
ქართველ წყალბურთელებს A ჯგუფში ოთხივე შეხვედრა წაგებული აქვთ, დასკვნით მატჩს კი 11 ივლისს ერთ-ერთ ლიდერ რუსეთთან ჩაატარებენ.