ქართველ ფორვარდ ვიქტორ სანიკიძეს და ესპანურ “უნიკახას” შორის კონტრაქტის გაფორმება ბოლო წამს შეყოვნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დიარიოსურ.ეს ავრცელებს.
როგორც ირკვევა, მალაგელებს და ქართველ კალათბურთელს ხელშეკრულების ყველა დეტალი შეთანხმებული ჰქონდათ, თუმცა, უკანასკნელ მომენტში კლუბმა გარკვეული საკითხების გასარკვევად დრო ითხოვა.
საუბარია ერთწლიან კონტრაქტზე და თუკი არსებული გაუგებრობა აღმოიფხვრა, კონტრაქტი მაინც გაფორმდება.
სხვა საქმეა, რომ ამასობაში “უნიკახამ” უკვე გადაიბირა ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი მძიმე ფორვარდი უილ ტომასი. ეს უკანასკნელი გასულ სეზონში იტალიური “აველინოს” ღირსებას იცავდა და საშუალოდ 15.3 ქულას და 7.4 მოხსნას აგროვებდა.