ჭიდაობა

21:32 | 22.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

უმედლო და ულიცენზიო დღე

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სოფიას საერთაშორისო ტურნირი ერთადერთი ლიცენზიით ჩაამთავრა. ოლიმპიური ნორმატივი გუშინ, 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა შეასრულა. დღეს კი ხალიჩაზე 96 და 120 კილოგრამის მოჭიდავეები – სანდრო დიხამინჯია და სერგო გოგისვანიძე გავიდნენ და ვერც ლიცენზიას შეწვდნენ და ვერც საპრიზო სამეულს.
დიხამინჯია შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და პოლონელ მარჩინ ოლეინიჩაკს ორ სეტში აჯობა, მაგრამ მეოთხედფინალში ასევე ორ სეტში დამარცხდა ბერძენ გეორგიოს კუციუმპასთან. ამ უკანასკნელმა ფინალში გასვლა ვერ შეძლო და ქართველს რეპეშაჟის გზაც ჩაეკეტა.
გოგისვანიძეს ლონდონამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა – ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, სომეხ იური პატრიკეევთან წააგო. ამ შეხვედრამდე საქართველოს ნაკრების უმძიმესმა წევრმა იტალიელი როკო დანიელე ფიკარასა და რუმინელი ალინ ალექსუს-ციურარიუს ძლევა მოასწრო. “ბრინჯაოს ფინალში” კი ბერძენ ქსენოფონ კუციუმპასთან დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

96 და 120 კილოგრამებში კვარცხლბეკზე ქართველი სპორტსმენები მაინც ავიდნენ, ოღონდ სხვა ქვეყნების სახელით. შალვა გადაბაძემ (96 კგ) ბრინჯაო აზერბაიჯანს მოუტანა, ხოლო იოსებ ჩუგოშვილმა (120 კგ) - ბელარუსს.
27-29 აპრილს ლონდონის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირს ჩინეთის ქალაქი ტაიუანი უმასპინძლებს, ხოლო 4-6 მაისს – ფინეთის დედაქალაქი ჰელსინკი. ჩინეთში ოლიმპიურ ლიცენზიებს თითოეული წონითი კატეგორიის სამ-სამი საუკეთესო მოჭიდავე მიიღებს, ფინეთში კი მხოლოდ ფინალისტები.
შეგახსენებთ, ბეგი დარჩიას გუნდს შვიდი წონითი კატეგორიიდან მხოლოდ ორში: 66 და 74 კილოგრამებში აქვს ლონდონის საგზური განაღდებული.

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
სალიცენზიო ტურნირი
სოფია
23 აპრილი


96 კგ
1 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)
2 არდო არუსაარი (ესტონეთი)
3 შალვა გადაბაძე (აზერბაიჯანი)
3 დიმიტრი ტიმჩენკო (უკრაინა)

120 კგ
1 იური პატრიკეევი (სომხეთი)
2 ევგენი ორლოვი (უკრაინა)
3 ქსენოფონ კუციუმპასი (საბერძნეთი)
3 იოსებ ჩუგოშვილი (ბელარუსი)
5 სერგო გოგისვანიძე (საქართველო)
 

ოთარ მაღლაკელიძე
 

0.116823