ფეხბურთი

16:24 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესი – პირველი წრის შეჯამება

 დასრულდა უმაღლესი ლიგის I წრე და რა შეფასება შეიძლება მიეცეს მას? წინა სეზონთან შედარებით, როცა "დინამო" და "დილა" დომინირებდნენ, ამჯერად დონე გათანაბრებულია. დღეს "დილა" იმ დონის ვეღარაა, ამიტომაც დუშან უჰრინის გუნდს გაცილებით მეტი შანსი აქვს ჩემპიონობისა. ქუთაისის "ტორპედოს" ბოლო სამ ტურში ფეხი რომ არ დასცდენოდა, დღეს უფრო დიდი არეულობა იქნებოდა ცხრილის ზედა ნაწილში, სამაგიეროდ, საჩხერის "ჩიხურამ" მოუმატა და მეორე ადგილზეა.  

აი, ერთ-ერთი მთავარი განსხვავება წინა სეზონებისგან: ლიდერმა მეორეადგილოსანს 6:1 მოუგო. ასეთი კონტრასტი წინა საუკუნის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონატში არ ყოფილა. პირობების მხრივ, დინამოელები იმდენად მაღლა დგანან სხვა გუნდებზე, რომ სხვაობა თამაშშიც იგრძნობა.

"ჩიხურა" თუ გამოცდილი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, "ტორპედო" პირიქით – ბევრი ახალგაზრდა ჰყავს, რომლებიც უმაღლესში პირველ სეზონს ატარებენ. მომენტებში ჟერარდ სარაგოსას გუნდს ეს ეტყობოდა, თუმცა მთლიანობაში მოსალოდნელზე კარგ შედეგს რომ აჩვენებენ, ფაქტია.  

საერთო შეფასებით, ეს ჩემპიონატი გასულს ჩამორჩება თამაშის დონით, რაც უკვე აღარ გვიკვირს: ფინანსურად გაუჭირდათ კლუბებს, რამდენიმე კარგმა ფეხბურთელმა უცხოეთს მიაშურა. ცალკე უნდა ითქვას მაყურებელთა რაოდენობის კლებაზე – მაგალითად, "მიხეილ მესხზე" თუ "მცხეთა პარკზე" ადრე საშუალოდ 150-200 კაცი თუ დადიოდა, ახლა 80-მდე დაეცა. გადახედავ ტრიბუნებს და უცებ დათვლი: 80? არა, 78, ან 83. უმაყურებლო ფეხბურთი კი პეწს და ლაზათს კარგავს. ამ 80 კაციდან უმეტესობას უკვე სახეზე ცნობ – მეტწილად, ფეხბურთელების ოჯახის წევრები, ნათესავები, ან შეყვარებულები არიან. 

66 მატჩში გასულია 174 გოლი (საშუალოდ - 2,65). ყველაზე უხვგოლიანი მატჩები "ჩიხურას" მონაწილეობით იმართება. მათ 25 გაიტანეს და 19 გაუშვეს, მათ თამაშში საშუალოდ 4 გოლი გადის. ყველაზე ნაკლები კი "ზესტაფონის" მონაწილეობით გადის. სულ 20 (საშუალოდ – 1,85). 6 მატჩი 0:0 დასრულდა.   

სერიების მხრივ, აღსანიშნავია თბილისის "დინამოს" ზედიზედ 7 მოგება (ბოლო ტურამდე) და ასევე, "მერანის" ზედიზედ 5 მარცხი. ძალიან იმოქმედა მარტვილელებზე მალხაზ ჟვანიას წასვლამ. მას შემდეგ, ანუ კახა ჩხეტიანის მწვრთნელობისას, "მერანს" ერთი ქულაც არ აუღია. ზედიზედ 7 მოუგებელი მატჩი მოუგროვდა აუტსაიდერ "ზუგდიდს".

ორი ჰეთ-თრიქია შესრულებული და ორივე დინამოელი ლეგიონერების მიერ: რუმინელმა დორინ გოგამ "სიონთან" (4:1) და ესპანელმა ჩისკომ "ჩიხურასთან" (6:1).

გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ "გურიას" ფორვარდმა ვილი ისიანმა 4 გოლიდან 3 ისეთი გაიტანა, რომ ერთადერთი გამოდგა იმ შეხვედრაში – ანუ, "გურიამ" 1:0 მოიგო.

ბომბარდირთა შორის, ირაკლი მოდებაძე პირველია (9 გოლი), ხოლო მეორეზე დიმიტრი ტატანაშვილი გახლავთ 8 გოლით. გამოცდილი ფორვარდები არიან, შედეგიანობას დიდად არც ადრე უჩიოდნენ, თუმცა ორივე მათგანს ტრავმა ხშირად უშლიდა ხელს – განსაკუთრებით ეს მოდებაძეზე ითქმის. ვინ იცის, მოდებაძე ამ ზაფხულს ვენის "რაპიდთანაც" ჯანმრთელად რომ ყოფილიყო, "დილას" სხვა შედეგი მიეღო. გიორგი დევდარიანს თავდამსხმელის გარეშე უწევდა თამაში.  

I წრის სიმბოლური ნაკრები:

მეკარე – როინ კვასხვაძე (ზესტაფონი); მცველები – დავით ხურცილავა (დინამო), თედო გრიგალაშვილი (ზესტაფონი), თენგიზ ჩიკვილაძე (გურია); ნახევარმცველები – მერაბ გიგაური (ტორპედო), ელგუჯა გრიგალაშვილი (დინამო), რევაზ გეწაძე (მეტალურგი), გიორგი ჯანელიძე (ვიტ ჯორჯია), გიორგი კუხიანიძე (ტორპედო); თავდამსხმელები – ირაკლი მოდებაძე (დილა), დიმიტრი ტატანაშვილი (ჩიხურა).   

ჩემპიონატის აღმოჩენად კი "ტორპედოს" შემტევ თორნიკე კაპანაძეს დავასახელებდით. ამ ფეხბურთელმა წინა ორი წელიწადი წყალტუბოს "სამგურალში" გაატარა, გასულ სეზონში კი პირველ ლიგაში 27 გოლი გაიტანა. ამ სეზონში კი 5 გოლი აქვს და შეიძლება ითქვას, ხუთივე ფასეული, მათ შორის, თბილისის "დინამოსთან" შეხვედრაში.

0.162374