ჩემპიონთა ლიგის ხვალინდელი ფინალის წინ, “ბაიერნის” შეფი ული ჰიონესი ოპტიმისტურადაა განწყობილი და გერმანიის ჩემპიონობისა და თასის მოპოვების შემდეგ, “ინტერის” დამარცხებაშიც, ლამის, დარწმუნებულია.
- ჰერ ჰიონეს, მიუხედავად იმისა, “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩი რომ დარჩა ჩასატარებელი, გუნდის საამსეზონო გამოსვლით კმაყოფილი უნდა იყოთ...
- მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა, არა მარტო თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაცია მოახერხეს, საქმესაც გულიანად მიუდგნენ და თავდაუზოგავად იმუშავეს. ამ 2 მომენტის ერთობლიობამ წარმატება მოგვიტანა. დამრიგებლებსა და მოთამაშეებს გარდა, სამადლობელი სიტყვებით კლუბის გამგეობის წევრების და საერთოდაც, ყველა თანამშრომლის საქმიანობა მსურს მოვიხსენიო. განსაკუთრებული მადლიერებით კი, სამედიცინო სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოა აღსანიშნავი. სწორედ მათი დამსახურებაა, სეზონის გადამწყვეტ ნაწილში ბიჭები ოპტიმალურ ფორმაში რომ არიან. მედიკოსთა პერსონალი ტრავმირებულებსაც კვალიფიცირებულად მკურნალობდა, ფორმაში დროულად აყენებდა მოთამაშეებს და მწვრთნელებსაც თითოეული ფეხბურთელის მდგომარეობაზე ზუსტ და ამომწურავ ცნობას აწვდიდა.
- რა სხვაობას ამჩნევთ წლევანდელსა და გასულ, ნაკლებად წარმატებულ სეზონს შორის?
- ბოლოხანს, რაღაც გვაკლდა. მას შემდეგ, რაც იუპ ჰაინკესს დავემშვიდობეთ, ავტორიტეტული და გამოცდილი სპეციალისტის ძიებაში გახლდით. ჩათვალეთ, რომ ეს ამოცანა წარმატებით გადავჭერით. გვსურდა, ფეხბურთელებს სათამაშო კლასი კიდევ უფრო აემაღლებინათ და ამის გაკეთება ლუის ვან გაალმა შეძლო. სწორედ ესაა “ბაიერნის” წლევანდელი წარმატების საიდუმლო. კლუბის ხელმძღვანელები, ჰოლანდიელ დამრიგებელს ვემადლიერებით.
- ფინალში რიბერი ვერ ითამაშებს. როგორ დაამშვიდეთ ფრანგი გარემარბი?
- ფრანკთან პირადად არ მისაუბრია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, იგი გუნდის მხარდაჭერას გრძნობს. რიბერის პირადი ხასიათის სირთულეები ჰქონდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა მას ყოველთვის თბილად და გაგებით ეპყრობოდა. საერთოდაც, “ბაიერნისთვის” დამახასიათებელია გუნდში მეგობრული ატმოსფეროს არსებობა. ეს მომენტი, სამომავლოდაც კარგ სამსახურს გაგვიწევს.
- “ინტერთან” საჩემპიონთალიგო გადამწყვეტ მატჩს, ოპტიმისტურად ელოდებით?
- რიბერის დისკვალიფიკაცია ჩვენთვის მძიმე დარტყმაა, თუმცა, ლიონში “ბაიერნმა” ფრანკის გარეშეც, ლამის, იდეალური თამაში აჩვენა. ცხადია, “ნერაძური” “ლიონზე” ძლიერია, მეტიც, ჟოზე მოურინიოს გუნდი “მანჩესტერ იუნაიტედსაც” აღემატება, მაგრამ წარმატებულმა ასპარეზობამ დამაჯერებლობა კიდევ უფრო გაგვიზარდა და ვფიქრობ, ფინალის მოგებაც შეგვიძლია. კარგა ხნის განმავლობაში, გულშემატკივარს “დიდი გუნდის” შექმნას ვპირდებოდით და დღეს, უკვე თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს შევძელით - “ბაიერნი” ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს!
- “სანტიაგო ბერნაბეუზე” მარცხის შემთხვევაშიც კი, სეზონს წარმატებულად ჩათვლით?
- არ მგონია, წავაგოთ. მაგრამ, ღმერთმა დაგვიფაროს და ასეც რომ მოხდეს, აზრს მაინც არ შევიცვლი და ზუსტად იმას გავიმეორებ, რაც ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ. “ბაიერნმა” ხომ აზარტული, მიმზიდველი, შედეგიანი ფეხბურთი აჩვენა და კომერციული თვალსაზრისითაც მშვენიერი საფეხბურთო წელი (2009-10 წლების სეზონი-რედ) გვქონდა. კლუბის შემოსავლებმა სარეკორდო ნიშნულს მიაღწია და სამომავლოდ, შემადგენლობის მოძლიერებაზეც ვიზრუნებთ.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ