მიუნხენის “ბაიერნი” მსოფლიოს წამყვან საფეხბურთო კლუბთაგან ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. ამას მყარი საძირკველი ბავარიელთა კლუბის წინა თაობებმა ჩაუყარეს, ამჟამინდელი პრეზიდენტი ული ჰიონესი კი წინამორბედთა საქმიანობას წარმატებით აგრძელებს.
- ისეთი კლუბები, როგორიც “ჩელსი”, “მანჩესტერ სიტი” ან “პარი სენ ჟერმენი” არიან, დიდწილად ჯიბესქელი ინვესტორის ფულით საზრდოობენ. რას ეტყვით რომელიმე შეიხს, რომელიც, მაგალითად, 500 მილიონი ევროს სანაცვლოდ კლუბის გაყიდვის თაობაზე მოგმართავთ?
- უარით გავისტუმრებ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კლუბის წესდება არ იძლევა იმის უფლებას, რომელიმე ინვესტორს აქციათა 30 პროცენტზე მეტი გადავცეთ. როგორ გგონიათ, არაბი მულტიმილიონერი ამ რაოდენობას დათანხმდება? ვფიქრობ, პასუხი ნათელია. მას ხომ მართვის არანაირი მექანიზმი არ ეპყრობა ხელთ. აქციათა გასხვისების მხრივ სხვა გერმანული კლუბები როგორ მოქმედებენ, ნაკლებად მაინტერესებს. მართვის სადავეები თუნდაც 100 შეიხისთვის, რუსი მილიარდელის ან ჩინელი ბიზნესმენისთვის გადაუციათ – ჩვენ ასე არ მოვიქცევით.
- “ბაიერნს” აქციათა 12 პროცენტი გასაყიდად აქვს გამოტანილი. მათი რეალიზების შემთხვევაში რას მოიმოქმედებთ?
- ხსენებული აქციები რომ გაგვეყიდა, სტადიონს გამოვისყიდიდით. თუმცა, ამის დროც აუცილებლად მოვა. თუკი ჩვენი ფინანსური მდგომარეობა ასევე სტაბილური იქნა, 6-7 წლის შემდეგ “ბაიერნს” საკუთარი სარბიელი ექნება. ამის შემდეგ, კლუბის კაპიტალის გათვალისწინებით, პლანეტის ყველაზე მდიდარი კლუბი გავხდებით. შესაძლოა, “მანჩესტერ სიტის” მეტი საბრუნავი კაპიტალი ჰქონდეს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი მეპატრონის დამსახურება იქნება. სამაგიეროდ, “ბაიერნი” ფინანსურად დამოუკიდებელი და ყველაზე ჯანსაღი კლუბის რეპუტაციით სამართლიანად იამაყებს.
- 6-7 წელი დიდი დრო ხომ არაა? ალბათ უკვე ოცნებობთ იმ დროზე, როდესაც “ბაიერნის” საასპარეზო არენა მთლიანად წითელი სავარძლებით იქნება შეფერილი და მის მინდორზე არ ითამაშებს თქვენი შეურიგებელი მოწინააღმდეგე “მიუნხენ 1860”...
- ვადის მხრივ არაფერი შეიცვლება, თუკი, მანამდე “მიუნხენ 1860”-მა საკუთარი არენა არ ააგო.
- კლუბიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, ხელმძღვანელობაში ცვლილებებია მოსალოდნელი. კლუბის სტრუქტურაც ხომ არ შეიცვლება?
- ამ საკითხზე მოუღლელად ვმუშაობთ. ეს ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი საკითხია. უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვლება, 2017-სთვის კი “ბაიერნის” ხელმძღვანელ პოსტებზე კარლ-ჰაინც რუმენიგე, კარლ ჰოპფნერი და მე აღარ ვიმუშავებთ.
- თქვენ და რუმენიგე კლუბის ყოფილი ფეხბურთელები ხართ. დღევანდელი თავკაცების წასვლის შემდეგ ტრადიცია გაგრძელდება?
- წინასწარ ვერ გეტყვით. ჯერ უნდა გადავწყვიტოთ, დავასაქმებთ თუ არა “ბაიერნში” ოლივერ კანს, მეჰმეტ შოლს, ჰანს იორგ ბუტს, ვილი სანიოლს, იენს იერემისს, შტეფან ეფენბერგს. ჩვენ მათ ვაკვირდებით და ვფიქრობ, ამ ვეტერანების “ბაიერნის” სამსახურში ჩაყენება იდეალური ვარიანტი იქნებოდა. ცხადია, მრეწველობის სფეროს ტოპმენეჯერებთანაც გვსურს ნაყოფიერი თანამშრომლობა.
- წინ დიდი ცვლილებები გელით, თუმცა, მაინც კმაყოფილი გამოიყურებით, თითქოს, გაწეულმა სიახლეებმა უკვე სასიკეთო ნაყოფი გამოიღო...
- ყველაფერი კარგად გათვლილი და მოფიქრებული გვაქვს. სწრაფი ცვლილებების მომხრე არ გახლავართ. რაც მთავარია, ”ბაიერნი” მიმდინარე სეზონს კარგად ატარებს, რაც გულშემატკივრების მხრიდან ზეწოლას გამორიცხავს. ეს მშვიდ სიტუაციაში საქმის კეთების საშუალებას გვაძლევს. სადღეისოდ ჩვენ ევროპის წამყვან კლუბებთან ერთ დონეზე ვართ. რა მოხდება ხუთიოდე წლის შემდეგ, ზემოთ მოგახსენეთ.
- და ბოლოს, როგორ გგონიათ, მსოფლიოს 2022 წლის ყატარში ჩატარება რეალურია?
- რეალურია, ოღონდ ზამთარში და ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში. ყატართან ერთად მუნდიალის მატჩებს არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა და ქუვეითმა უნდა უმასპინძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 32 ქვეყნის ნაკრებისა და მათი გულშემატკივრის მასპინძლობას ყატარი ვერ მოახერხებს. შეუძლებელია ასეთმა პატარა ქვეყანამ დამატებით 500 სასტუმრო ააშენოს. ასე რომ მოხდეს, ტურნირის შემდეგ ეს სასტუმროები უფუნქციოდ დარჩებიან, თანაც, სტადიონებს მარტო ჩამოსული გულშემატკივრები ხომ არ შეავსებენ? ვშიშობ, ტრიბუნები სანახევროდ ცარიელი დარჩება.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ