ფეხბურთი

16:28 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

უკვე მერამდენედ: რა ხდება?

მე-14 ტურის მთავარი ამბავი მაინც ალბათ ლანჩხუთის “გურიას” გარშემო ატეხილი დავიდარაბა იყო. მართლაც საოცარი გუნდია “გურია,” ჯერ იყო და 11 წლიანი პაუზის შემდეგ უმაღლესში დაბრუნებული, სეზონის წინ კინაღამ დაიშალა, ლამის მთელმა ძირითადმა შემადგენლობამ დატოვა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ წლევანდელ სეზონში გავარდნის უმთავრესი კანდიდატი იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. გულშემატკივარმა თვითმყოფადი და მებრძოლი გუნდი იხილა, რომელიც საკუთარი სტადიონის გაუმართაობის გამო “საშინაო” მატჩებს ქობულეთში ატარებს და პირველი წრის შემდეგ “დინამოსთან” ერთად იმ გამონაკლისს წარმოადგენდა, რომელსაც ყველა “საშინაო” მატჩი ჰქონდა მოგებული (ეს ტრადიცია სწორედ გუშინ დაირღვა). ამასობაში, ხმები მოდიოდა ფეხბურთელებს ხელფასებს უგვიანებენო. კლუბის ხელმძღვანელობა სპონსორის პოვნას ცდილობოდა, მაგრამ დღემდე არავინ გამოჩენილა. “გურია” მუნიციპალური გუნდია და წესით, მისი დაფინანსება მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა. თუმცა აქაც გაუგებრობაა, კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ 2014 წლის ბიუჯეტში 1,7 მილიონი ლარის მოთხოვნა წარუდგენიათ, რომელიც ფეხბურთელების და კლუბის თანამშრომელთა ხელფასებს უნდა მოხმარებოდა, ლანჩხუთის საკრებულოში კი გაკვირვებული არიან: მუნიციპალიტეტის ადგილობრივი შემოსავალი სულ 1,2 მილიონს შეადგენს და 1,7 მილიონს როგორ გადავუხდიდითო.

დღეს კი საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციამ “გურიას” დირექტორ კობა მირზაშვილსა და ფეხბურთის ფედერაციას წერილით მიმართა, რომლის მიხედვითაც თუ ლანჩხუთელი ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება ორ დღეში არ დაიფარება, ისინი “საქართველოს შრომის კოდექსით” გათვალისწინებულ გაფიცვის უფლებას გამოიყენებენ, რის შემდეგაც გუნდი კალენდარულ მატჩებზე სათამაშოდ აღარ გამოცხადდება.

შემაშინებელი წერილია, მაგრამ ერთი რამაა საკითხავი. ვთქვათ, დათქმულ დროში ვერ გადაუხადეს დავალიანება და ფეხბურთელებმაც თამაშზე უარი თქვეს, მაშინ რა გამოვა? ფეხბურთის ფედერაცია, სადისციპლინო კოდექსის მიხედვით, იძულებული იქნება ჯერ საჯარიმო სანქციები დაუწესოს (თამაშზე გამოუცხადებლობის გამო ჯარიმა უმაღლეს ლიგაში 5 ათასი ლარია), შემდეგ კი საერთოდ მოხსნას გათამაშებიდან და ვინ დარჩება მოგებული? ვფიქრობთ, ყველა წააგებს. ჩემპიონატი ძალიან სიმპათიურ გუნდს დაკარგავს, ფეხბურთელები კი სამსახურს. ამ შემთხვევაში, ალბათ, ფედერაცია უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს საქმეში და როგორმე კომპრომისულ ვარიანტზე შეათანხმოს მხარეები, თორემ ულტიმატუმებით საუბარს რომ არასდროს არავისთვის მოუტანია სიკეთე, ეს ყველამ კარგად იცის.

ლანჩხუთელები “სიონთანაც” არ აპირებდნენ მინდორზე გასვლას, მაგრამ მაინც ითამაშეს და მერე თქვეს: ეს გულშემატკივრებისა და მამა საბას პატივისცემის გამო გავაკეთეთო.

Mმოლკედ, არეულ-დარეულია ყველაფერი. სამწუხარო რეალობაა და ეს მხოლოდ “გურიას” არ ეხება. მუნიციპალურ გუნდებზე რომ არაფერი ვთქვათ, თითქოს “ზესტაფონი” კერძო კლუბია, მაგრამ მის პატრონობას ილია კოკაია ახალ წლამდე აპირებს. მერე, თუ სახელმწიფომ დანაპირები არ შეასრულა და ფინანსურად არ დაეხმარა, ისიც გაცლას ფიქრობს.

“ზესტაფონი” ვახსენეთ. მარგველებმა გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ზედიზედ მეორედ გაიმარჯვეს და ტოპ-ექვსეულს შეუერთდნენ.

ზედიზედ მე-5 თამაში წააგო “ტორპედომ.” გუნდს, რომელმაც პირველი წრე მეორე ადგილზე დაამთავრა, ახლა საუკეთესო ექვსეულში მოხვედრაც კითხვის ნიშნის ქვეშ დაუდგა. სხვა დროს ალბათ კრიზისზე ვისაუბრებდით, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა ნათელია, ქუთაისელებს ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავთ, გამოუცდელები არიან და უბრალოდ უმაღლესი ლიგის წნეხს ვერ გაუძლეს. ახლა, მთავარია ეს ჩავარდნა ღირსეულად გადაიტანონ და როგორმე ზედა ექვსეულში შეინარჩუნონ ადგილი. მერე კი, ალბათ, ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება.

 

ჩიხურა (საჩხერე) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:0 (0:0)

გოლები: 1:0 დიმიტრი ტატანაშვილი (53), 2:0 ბესიკ დეკანოიძე (59), 3:0 დიმიტრი ტატანაშვილი (86)

 

ზუგდიდი – მერანი (მარტვილი) 0:0

 

გურია (ლანჩხუთი) – სიონი (ბოლნისი) 1:2 (1:2)

გოლები: 1:0 თენგიზ ჩიკვილაძე (პენ, 24), 1:1 გიორგი განუგრავა (40), 1:2 გიორგი კახელიშვილი (44) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – დინამო (თბილისი) 0:4 (0:1)

გოლი: 0:1 პატრიკ ვუო (3), 0:2 დავით კვირკველია (48), 0:3 ჩისკო (50), 0:4 დორინ გოგა (74)

 

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი) 3:0 (0:0)

გოლი: 1:0 მიხაილ გორელიშვილი (60), 2:0 ნიკოლოზ სადაღაშვილი, 3:0 გიორგი ქვილითაია (88) 

 

ზესტაფონი – მეტალურგი (რუსთავი) 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ლევან შარიქაძე (9), 2:0 გიორგი ჭანკოტაძე (49), 2:1 გიორგი ჩირგაძე (69)

 

1      დინამო (თბ)      14           10           3           1           34:11           33         
2 ჩიხურა       14 9 2 3 31:20 29
3 გურია        14 8 0 6 16:18 24
4 დილა        14 6 4 4 20:14 22
5 მეტალურგი  14 6 4 4 20:19 22
6 ზესტაფონი   14 6 3 5 16:11 19
7 ტორპედო        14 5 4 5 17:15 19
8 სიონი  14 5 4 5 18:18 19
9 ვიტ ჯორჯია                                                14 4 3 7 17:22 15
10 მერანი        14 4 1 9 13:28 13
11 სპარტაკი    14 3 1 10 11:23 10
12 ზუგდიდი    14 1 5 8 5:19 8

 

 

XV ტური. 4 დეკემბერი. ოთხშაბათი: მეტალურგი – დილა, ზესტაფონი – ჩიხურა, დინამო – გურია, სიონი – ზუგდიდი, მერანი – ვიტ ჯორჯია

5 დეკემბერი. ხუთშაბათი: ტორპედო - სპარტაკი 

 

მეგოლეები:

11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)

9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)

8 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - ჩისკო (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)

4 – ჯაბა დვალი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”)  

3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი, გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

 

  შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

0.115973