საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისში, „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე საერთაშორისო, ამხანაგური მატჩი გამართა. ქართველებმა უკრაინას უმასპინძლეს და თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ უშანსოდ წააგეს – 59:77.
უკრაინელებს ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონისთვის უნდა ემასპინძლათ, მაგრამ მათ ქვეყანაში შექმნილი არეულობის გამო ტურნირი ბულგარეთში გადაიტანეს. შესაბამისად, უკრაინელებს, როგორც მნიშვნელოვანი ევროფორუმის მასპინძლებს, საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ. ეს საქართველოს ნაკრებმა საკუთარ თავზე გამოსცადა.
არჩილ ჟღენტის გუნდი უკრაინელთა სამწამიან ზონაში ფაქტობრივად ვერ შევიდა, ხოლო რაც შორი სროლებით და ჯაჯგურში ჩაგდებული ბურთებით გამოუვიდა, გამარჯვებას არ ეყო. სიმაღლეში უპირატესობა უკრაინელებმა კარგად გამოიყენეს და ქართველებზე 12-ით მეტჯერ მოხსნეს ფარიდან ასხლეტილი ბურთი.
მატჩის დასაწყისში, სანამ თამაში დალაგდებოდა და მეტოქეები ერთმანეთს დაზვერავდნენ, თანაბარი ბრძოლა მიდიოდა. საქართველოს ნაკრები ლევან მასხულიას 2 სამქულიანის წყალობით ლიდერობდა, თუმცა უკრაინელებმა სწრაფი შეტევებით და ფარქვეშ გაბატონებით უპირატესობა მოიპოვეს და საწყისი მეოთხედის ბოლოს გალიდერდნენ – 26:22.
მეორე პერიოდიდან უკრაინელებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს, ქართველებს ფარქვეშ არ უშვებდნენ, პერიმეტრზეც ავიწროვებდნენ, თავად კი შეტევაში ხეირობდნენ და უპირატესობას პერმანენტულად ზრდიდნენ. მეორე ათწუთეული სტუმრებმა 17:9 მოიგეს, მესამეში კი კიდევ უფრო შედეგიანები იყვნენ – 20:7. უკრაინის უპირატესობამ 30 ქულას მიაღწია და მატჩის ბედიც მესამე მეოთხედში გაირკვა.
ბოლო პერიოდში ძირითადად სათადარიგოებმა ითამაშეს და ქართველებმა ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს. ჟღნტის გუნდმა ბოლო ათწუთეული 21:14 მოიგო და შეხვედრა 18 ქულით დათმო. გუნდები თბილისში მეორე სპარინგ-მატჩსაც ჩაატარებენ.
საქართველო – უკრაინა 59:77 (22:26, 9:17, 7:20, 21:14)
საქართველო: ტაბაღუა (2), მასხულია (17), რევაზაშვილი (8ქ, 5მ), ისიანი (14), გუგეშაშვილი (3); მაჭავარიანი (4), კუტალაძე, გოგობერიშვილი (4), ცირეკიძე, ტურძელაძე, გიორგაძე, გაგუა (7).
უკრაინა: მიროშნიჩენკო (2), მიხაილჩუკი (17), ანტონენკო (6), კარასენკო (9), კობეტცი (16); კაჩენკო (6), ბერიოზკინი (4), ზოტოვი (2), ვოევოდა, რუსლო (5), ლებედინცევი (7), შალამოვი (3).
www.gbf.ge