ჩოგბურთი

10:35 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონის ისტორია – შილინგიდან 1000 გირვანქამდე

 დღეს პლანეტის ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ასპარეზობა უიმბლდონის ტურნირი იღებს სტარტს. ტრადიციულად ორშაბათის პროგრამას მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის მოქმედი ჩემპიონი გახსნის. ამჯერად მესამე ნომრად განთესილი შვეიცარიელი როჯერ ფედერერი რუმინელ ვიქტორ ჰანესკუს დაუპირისპირდება. ასევე ტრადიციულად ქალთა ერთეულთა შეჯირების გამარჯვებული ასპარეზობაში სამშაბათიდან ჩაერთვება – სერენა უილიამსი ლუქსემბურგელ მენდი მინელას შეხვდება.დღევანდელ განრიგს რაც შეეხება, ფავორიტთაგან ბრიტანელი ენდი მარეი (2), ესპანელი რაფა ნადალი (5), ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა (6), ხორვატი მარინ ჩილიჩი (10), აგრეთვე ქალები ბელარუსი ვიკტორია აზარენკა (2), რუსი მარია შარაპოვა (3), იტალიელი სარა ერანი (5), ჩეხი პეტრა კვიტოვა (8) და დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი (9) გავლენ.

...უიმბლდონის ისტორია სათავეს შეჯიბრების პირველი მატჩის ჩატარებამდე 9 წლით ადრე იღებს. 1868 წელს ლონდონში დაარსდა კლუბი, რომელიც იმდროინდელ ინგლისში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობის, კრიკეტის მოყვარულებს აერთიანებდა. 1875-ში “სრულიად ინგლისის კრიკეტ-კლუბის” (ოფიციალურად ამგვარი სახელი ერქვა გაერთიანებას) ერთ-ერთმა წევრმა ამხანაგებს “ლაუნ-ტენისის” (ბალახის, უფრო სწორად თუ ვიტყვით, მდელოს ჩოგბურთი) თამაშმა მოწონება დაიმსახურა და 1877 წელს პირველი შეჯიბრებაც ჩატარდა. ასპარეზობაში მონაწილეობის სურვილი 23 ადამიანმა გამოთქვა, ერთმა კი ზედ სტარტის წინ კორტზე გასვლა იუარა და ერთ კვირაში ტურნირიც მორჩა. პირველი ჩემპიონი სპენსერ გორი გახდა, რომელმაც 200 გულშემატკივრის თვალწინ მოიპოვა საუკეთესოს ტიტული, ფინალზე დასასწრები ბილეთი კი ერთი შილინგი ღირდა. ასე დაიწყო უიმბლდონის ისტორია, რომელმაც ჩოგბურთის მოყვარულებში უდიდესი ავტორიტეტი მოიხვეჭა და თუკი პირველ ფინალურ პაექრობაზე ბილეთის ფასი შილინგი იყო, სადღეისოდ მამაკაცთა და ქალთა ასპარეზობების ერთეულთა თანრიგის გადამწყვეტ მატჩზე დასასწრები ზოგიერთი ბილეთის ფასი ათას გირვანქას სცდება.

მეცხრამეტე საუკუნეში როგორც ჩოგბურთი, ასევე უიმბლდონის ტურნირი სულ უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭდა, კრიკეტი კი თანდათან მეორე პლანზე გადავიდა. იმავე ასწლეულის 70-იან წლებში ჩამოყალიბდა ჩოგბურთის ძირითადი წესები და დღევანდლამდე მათ არცთუ დიდი მეტამორფოზა განიცადეს. თუმცა, თავად უიმბლდონის ტურნირის ჩატარების წესი საგრძნობლად გადასხვაფერდა. არ იყო თაი-ბრეიკის წესი, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგანაც ეს იდეა მეოცე საუკუნის 60-იან წლებში დაინერგა. ამასთან, 1921 წლამდე უიმბლდონის წინა გათამაშების ჩემპიონი ძირითად ტურნირში მონაწილეობას არ იღებდა. იგი Challenge round-ად წოდებულ ფინალში ავტომატურად გახლდათ დაშვებული და მხოლოდ ერთ მატჩში უწევდა ტიტულის დაცვა. თუკი მოქმედი ჩემპიონი ტიტულის დაცვაზე ამა თუ იმ მიზეზით უარს იტყოდა, გამარჯვებულად პრეტენდენტთა შეჯიბრების გამარჯვებული ცხადდებოდა. 1922 წლამდე ამგვარი რამ ექვსჯერ მოხდა.

1922 წლიდან ჩემპიონის გამოვლენის ეს წესი გაუქმდა და იმავე სეზონიდან დღემდე უიმბლდონის ტურნირის მატჩები Church Road-ის კორტებზე ტარდება. ახალ სარბიელზე გადასვლის პირველ წლებში უიმბლდონს ფრანგები, ჟან ბოროტრა, რენე ლაკოსტი და ანრი კოშე იგებდნენ. თითოეულმა “მუშკეტერმა” ორ-ორი ტიტული მოიგო, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე კი წყვილად გამარჯვება ინგლისელებმაც, ფრედ პერიმ და დონალდ ბაჯმა მოახერხეს. პირველი მათგანი უკანასკნელი ბრიტანელია, რომელმაც უიმბლდონის ჩემპიონის ტიტული მოიხვეჭა, ბაჯმა კი 1938 წელს ოთხივე სადიდსლემო შეჯიბრება მოიგო, მაგრამ პროფესიონალებში გადაბარგდა და უიმბლდონზე ასპარეზობის უფლებაც ჩამოერთვა. მეორე მსოფლიო ომის გამო 1946 წლამდე უიმბლდონის კორტებზე სიჩუმე იყო დასადგურებული...

1953 წელს კი ამერიკელი ქალი მორინ კონოლი “სუსტი სქესის” პირველი წარმომადგენელი გახდა, რომელმაც დიდი სლემის ოთხივე ასპარეზობაზე იმარჯვა, მომდევნო სეზონში მან კიდევ ერთხელ მოიპოვა უიმბლდონის ჩემპიონის ტიტული და საჩოგბურთო კარიერა დაასრულა. საამისო მიზეზი კი მძიმე ტრავმა შეიქნა, რომელიც კონოლიმ ცხენზე ჯირითობისას მიიღო – მოყვარულ ჟოკეისა და მის ოთხფეხა მეგობარს სათვირთო ავტომობილი შეეჯახა. ამით მორინის სპორტულ კარიერას წერტილი დაესვა, 1969 წელს კი იგი კუჭის კიბომ იმსხვერპლა.

იმავე 1969 წელს საჩოგბურთო სამყაროში მნიშვნელოვანი რამ მოხდა. “ღია ეპოქის” დადგომის შემდეგ უიმბლდონზე დაბრუნებულმა ავსტრალიელმა როდ ლეივერმა ფინალში თანამემამულე ჯონ ნიუკომბს სძლია, რამდენიმე თვეში აშშ-ის ღია პირველობაც მოიგო და კარიერაში მეორედ მოახერხა სეზონის განმავლობაში “დიდი სლემის” “შეგროვება”. “ღია ეპოქაში” ლეივერის მიღწევის გამეორება მამაკაცთაგან ვერავინ შეძლო, 1988 წელს კი ავსტრალიელის შედეგი გერმანელმა ქალმა შტეფი გრაფმა აჩვენა.

გასული საუკუნის 70-იანმა წლებმა დიდწილად განსაზღვრა ჩოგბურთის შემდგომი განვითარება. მამაკაცთა შორის განსაკუთრებულ ინტერესს შვედი ბიორნ ბორგისა და ამერიკელი ჯიმი კონორსის, შემდეგ კი სკანდინავიელისა და ასევე “იანკის” ჯონ მაკინროის დაპირისპირება იწვევდა, ქალებში კი ყველაზე დიდი ინტრიგა კრის ევერტისა და ბილი-ჯინ კინგის პაექრობები, მოგვიანებით კი კონორსის ყოფილი მეუღლის ევერტისა და მარტინა ნავრატილოვას პაექრობებს ჰქონდა. კარიერის დასრულების შემდეგ ბორგმა განაცხადა, მე და ჯონმა ჩოგბურთი თვისობრივად ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანეთო.

მიუხედავად იმისა, ინგლისელები თავიანთი კონსერვატიულობით რომ არიან ცნობილნი, უიმბლდონის ტურნირის ჩატარებისას მათ რამდენიმე “პიონერული” ცვლილებაც განახორციელეს. 1971 წელს სწორედ ამ ტურნირზე შემოვიდა თაი-ბრეიკის მცნება. 2007 წლიდან ლონდონში Hawk-eye  (“ქორის თვალი”) დანერგეს, ხოლო 2009 წლიდან მოყოლებული უიმბლდონის ცენტრალურ კორტს სახურავი დაუმონტაჟეს, რომელიც წვიმის შემთხვევაში კორტსა და ტრიბუნებს “საკუთარი ფრთის ქვეშ” შეიფარებს.

ბოლოს კი, უიმბლდონის ტურნირის რამდენიმე რეკორდზე შევაჩერებთ თქვენ ყურადღებას. “ღია ეპოქაში” მამაკაცთაგან ყველაზე მეტი საჩემპიონო წოდება ამერიკელმა პიტ სამპრასმა და შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მოიპოვეს. ისინი შვიდჯერ გახდნენ ერთეულთა შეჯიბრების გამარჯვებულნი. ამავე თანრიგში ქალთაგან კი ყველაზე მეტი ტიტული, 9 მარტინა ნავრატილოვას ანგარიშზეა. ყველა თანრიგის გათვალისწინებით კი უიმბლდონზე პირველობას ნავრატილოვა და ბილი ჯინ კინგი ინაწილებენ – მათ ერთეულთა წყვილთა და შერეულ წყვილთა შორის 20-20-ჯერ მოიგეს ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ასპარეზობა. ბორის ბეკერმა ყველაზე ახალგაზრდამ შეძლო უიმბლდონის შეჯიბრების მოგება. 1985 წლის ფინალური ასპარეზობის დღეს გერმანელი 17 წლისა და 227 დღის ასაკისა გახლდათ. შარშანწინ კი ტურნირის პირველ წრეში ამერიკელმა ჯონ იზნერმა და ფრანგმა ნიკოლა მაუმ გამარჯვებულის გამოვლენას 11 საათი და 5 წუთი (!) მოანდომეს. ბოლო სეტი იზნერმა საკალათბურთო ანგარიშით, 70:68 მოიგო. 

თეგებიუიმბლდონი
0.116359