ჩოგბურთი

20:28 | 4.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

უიმბლდონის ჩემპიონობისთვის ლისიცკი და ბარტოლი იბრძოლებენ

 მაშ ასე, უიმბლდონის ქალთა ერთეულთა შეჯიბრების ფინალში ჩემპიონობისთვის ფრანგი მარიონ ბარტოლი და გერმანელი საბინ ლისიცკი იბრძოლებენ. ამ უკანასკნელმა მსოფლიო რეიტინგსიის პოლონელი მეოთხე ნომერი აგნეშკა რადვანსკა 6:4, 2:6, 9:7 დაამარცხა და პირველად გავიდა სადიდსლემო ტურნირის ფინალში.

პირველი სეტი 23 წლის ლისიცკიმ მოიგო, მეორეში 24 წლის რადვანსკამ იმარჯვა. მეტად საინტერესოდ წარიმართა გადამწყვეტი მესამე სეტი. თავდაპირველად რადვანსკა 3:0 დაწინაურდა, მაგრამ ლისიცკიმ ასევე მიჯრით 3 გეიმის მოგება მოახერხა. გერმანელმა მეცხრე გეიმი პოლონელი მოწოდებაზე მოიგო და 5:4 დაწინაურდა, თუმცა, შემდეგ საკუთარი მოწოდება დაუთმო მეტოქეს და მატჩის მოგების რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. გადამწყვეტი 15-ე გეიმი გამოდგა, რომელიც ლისიცკიმ რადვანსკას მოწოდებაზე მოიგო, შემდეგ თავისივე მოწოდებაც აიღო და ფინალში გავიდა. მეტოქეებმა კორტზე 2 საათი და 18 წუთი გაატარეს, ორივემ 6 ბრეიკი შეასრულა, ეისებით კი ლისიცკიმ რადვანსკას აშკარად აჯობა – 9 ერთის წინააღმდეგ.

საბინ ლისიცკისა და აგნესკა რადვანსკას პირადი შეხვედრების ანგარიში 2:1 გახდა გერმანელის სასარგებლოდ.

აქვე მოგახსენებთ, რომ ქალთა ერთეულთა თანრიგში უიმბლდონის ფინალში გერმანიის ბოლო წარმომადგენელი ლეგენდარული შტეფი გრაფი გახლდათ, რომელმაც ბოლოჯერ გადამწყვეტ მატჩში 1999 წელს ითამაშა და ამერიკელ ლინდსი დევენპორტთან წააგო.

0.117919