ქალთა შორის მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერმა, უიმბლდონის ხუთგზის ჩემპიონმა (2002, 2003, 2009, 2010, 2012) სერენა უილიამსმა წლევანდელ ტურნირზე მესამე ეტაპის ბარიერი ვერ გადალახა. უილიამს-უმცროსს 24 წლის ფრანგმა ალიზ კორნემ 1:6, 6:3, 6:4 მოუგო. სერენასა და კორნეს ურთიერთდაპირისპირებათა ანგარიში 3:3 გახდა.
2009 წლიდან მოყოლებული კორნე პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოუგო სერენა უილიამსს. მატჩი 2 საათსა და 4 წუთს გაგრძელდა. კორნეს მომდევნო მეტოქე კანადელი ეჟენი ბუშარი იქნება.
მატჩის დასრულების შემდეგ კორნემ ბალახს აკოცა და ემოციურად შემდეგი განაცხადა: “სულ რაღაც ორიოდე წლის წინ ბალახის საფარიან კორტზე ცუდად ვთამაშობდი, ახლა კი სერენას მოვუგე. ჯერჯერობით ძნელად ვიჯერებ მომხდარს, ფანტასტიკური დღე მაქვს”.
კორნესთან შედარებით სერენა საპირისპირო ხასიათზე იყო: “ნებისმიერი მეტოქე ჩემ წინააღმდეგ გამოსვლისას საუკეთესო თვისებებს ავლენს. დარწმუნებული ვარ, კორნე მომდევნო შეხვედრას ასეთი აღმაფრენით ვერ ჩაატარებს. წაგება კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მძენს და სამომავლოდ შესაფერისი შედეგის მიღწევას აუცილებლად შევეცდები”.