ჭიდაობა

23:16 | 21.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

უიღბლო და დაჩაგრული ხუციშვილი და ბრინჯაოს სიურპრიზი

თბილისური ევროპირველობის ერთი დღეც და, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში შვიდივე წონითი კატეგორია დალაგდება. ამჟამინდელი მონაცემებით კი, მედლები ექვს წონით კატეგორიაშია გათამაშებული და სამში, ჩემპიონ-პრიზიორთა შორის, საქართველოს ნაკრების წევრიცაა. გიორგი ედიშერაშვილის (55 კგ) ოქროსა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (60 კგ) ბრინჯაოს, დღეს თავისი წილი ბრინჯაო გენო პეტრიაშვილმა მიამატა. ეროვნული ნაკრების ახალწვეულმა მძიმეწონოსანმა, რომელიც ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, მშვენიერი ევროდებიუტი მოიწყო. მართალია, უმაღლესი სინჯის მედალს ვერ შესწვდა, მაგრამ მისი ტალანტის და რაც მთავარია, შრომისმოყვარეობის გათვალისწინებით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ გაცილებით დიდი მიღწევები წინ აქვს. ერთადერთი, რაც ჯერ აკლია, უმაღლეს დონეზე ჭიდაობის გამოცდილებაა.

სწორედ გამოცდილების ნაკლებობაზე გაამახვილა ყურადღება პეტრიაშვილის პირადმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა, რომელმაც ჯერ კიდევ ევროპირველობის დაწყებამდე უთხრა “მსოფლიო სპორტს”, რომ ამ ეტაპზე, სპორტსმენისთვის საუკეთესო შედეგი სამეულში მოხვედრა იქნებოდა.

მძიმე წონაში სულ 15 მონაწილე მოგროვდა. გენო პეტრიაშვილს წილისყრამ მე-12 ნომერი არგუნა და შეჯიბრება პირველივე წრიდან, მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც მაკედონიელ ბობან დანოვს აუღელვებლად აჯობა. პირველ პერიოდში, მეტოქის ხალიჩიდან გაყვანით მიღებულ ერთადერთ ქულას დასჯერდა, მეორეში კი, დანოვს ოთხი ქულა აუღო ისე, რომ თავად ერთიც არ დაუკარგავს.

მეოთხედფინალში, ქართველ მძიმეწონოსანს გაცილებით ძლიერი მოწინააღმდეგე ელოდა რუსეთის ნაკრების წევრის, მაგომედგაჯი ნურასულოვის სახით. ამ სპორტსმენთან პეტრიაშვილს, შარშანდელი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ნახევარფინალში განცდილი მარცხისთვისაც ჰქონდა ანგარიში გასასწორებელი. რევანში შედგა და თან საოცრად შთამბეჭდავი. პირველი ქულა ნურასულოვმა აიღო, მაგრამ პეტრიაშვილმა ლამაზი სამქულიანი გდებით შეატრიალა პერიოდი სათავისოდ და ორწუთეულის მიწურულს, მეტოქეს ოდენ ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირების საშუალება მისცა. მეორე პერიოდში კი, საფინალო სირენას აღარც დალოდებია, ისე გაინაღდა ნახევარფინალის საგზური – 7:0.

გამოცდილების ნაკლებობამ თავი უკრაინის სახელით მოჭიდავე ოსთან, ალენ ზასეევთან დაჭიდებისას იჩინა. ამ უკანასკნელმა, პირველი პერიოდი ბოლო წამებზე აღებული ერთადერთი ქულით მოიგო, მეორეში კი უნაკლო ტაქტიკური ჭიდაობით ააგროვა ფინალში გასასვლელი ქულები.

გენო პეტრიაშვილმა კი რეპეშაჟის ფინალში გადაინაცვლა და გერმანელ ნიკ მატუჰინს ორ პერიოდში 9:2 (4:2 5:0) მოუგო.

74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე დავით ხუციშვილმაც ყოჩაღად დაიწყო – პირველ წრეში, ავსტრიელ ფილიპ კრეპაჟს ქულადაუკარგავად გასცდა (1:0, 5:0). მერვედფინალში კი უმთავრეს კონკურენტთან, რუსეთის ნაკრების ყაბარდოელ წევრ ანიუარ გედუევთან ჭიდაობისას მხარი ამოუვარდა და ძირითად ბადეში გამოსვლაც დაასრულა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გედუევმა შემდეგი შეხვედრებიც მოიგო და ფინალში ჭიდაობა გაინაღდა, ჩვენებურს ბრინჯაოს გზა გაეხსნა.

პოლონელ ტომაშ როგიშთან შეხვედრა ჩვეულად, აქტიურად დაიწყო და პერიოდს მშვიდად იგებდა, როდესაც უეცრად მხარი ისევ ამოუვარდა. შედეგად, პოლონელმა პერიოდი სათავისოდ შეატრიალა 4:3. თითქოს, ხუციშვილის ხალიჩაზე დაბრუნებას აზრიც აღარ ჰქონდა, მაგრამ მაინც გავიდა და... სასწაული მოახდინა – მოწინააღმდეგეს ცალი ხელით ზედიზედ ორი პერიოდი მოუგო. ტრავმის სერიოზულობის აღსაქმელად იმასაც გეტყვით, რომ მსაჯმა, გამარჯვებულ ქართველ მოჭიდავეს ხელიც ვერ ააწევინა.

თხუთმეტიოდე წუთში, ტრავმირებული ხუციშვილი უკვე ახალი მოწინააღმდეგის, ბულგარელი ლეონიდ ბაზანის პირისპირ იდგა. ერთი ხელი ისევ გათიშული ჰქონდა. მეორეთი კი მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიებასაც ახერხებდა და შიგადაშიგ სახიფათო კონტრშეტევის წამოწყებასაც ცდილობდა. მსაჯმა კი ჩათვალა, რომ ქართველი ზედმეტად პასიურობდა და გააფრთხილა, ხოლო ბაზანს ქულა აჩუქა, რაც მართლა საეჭვო გადაწყვეტილება იყო. პერიოდის მიწურულს, ტრიბუნები ხუციშვილის მიერ შესრულებული მორიგი შთამბეჭდავი ილეთის შემდეგ აგუგუნდა. მსაჯმა კვლავ საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო – ჩვენებურს ქულა აკმარა. 1:1-ით კი, პერიოდი მაინც ბულგარელმა მოიგო. ბოლო ქულის უპირატესობა ქულამ და გაფრთხილებამ გადაწონა. უსამართლობა იმდენად აშკარა იყო, თვით ევროპის ჭიდაობის ფედერაციის რამდენიმე წევრმაც კი ანიშნა ქართველ მწვრთნელებს, რომ მომენტი გაეპროტესტებინათ. ალეკო კახნიაშვილმა, რომელიც ხუციშვილის პირადი მწვრთნელიცაა, ხალიჩაზე გასაპროტესტებელი კვადრატი შეაგდო, მაგრამ ხალიჩის მსაჯი ისე აქტიურად იცავდა თავის პოზიციას, როგორც ჩანს, ქართველი მოჭიდავეც დააეჭვა და პროტესტზე უარი ათქმევინა. საბოლოოდ, პერიოდი ბაზანს დარჩა და მეორე ორწუთეულში უკვე უპრობლემოდ უწია მიზანს. მორიგი საჭიდაო უსამართლობით აღშფოთებული გულშემატკივარი კი, შეხვედრის დასრულების შემდეგაც დიდხანს აპროტესტებდა მომხდარს.

“გენო პეტრიაშვილის შედეგით კმაყოფილი ვარ. დავით ხუციშვილს კი აშკარად მეტი შეეძლო. ჩემპიონობისთვისაც მზად იყო, რომ არა ტრავმა”, – თქვა დღის ბოლოს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რეზო მინდორაშვილმა.

74 კილოგრამის სამეულში ერთი ქართველი მაინც მოხვდა – გია ჩიხლაძემ ბრინჯაოს მედალი უკრაინის სახელით მოიპოვა. ამ მიღწევით და ტრიბუნების ოვაციებით გაგიჟებულმა სპორტსმენის მამამ კი, საქართველოს და უკრაინის დროშების ფრიალით სპორტის სასახლის არენა შემოირბინა.

თავისუფალი სტილის ევროპირველობაზე, წერტილს 84 კილოგრამის მოჭიდავეები დასვამენ. საქართველოს სახელით კი საქმეში ევროპის მოქმედი ჩემპიონი დავით მარსაგიშვილი ჩაერთვება. მას 21 მონაწილეს შორის მე-9 ნომერი ერგო და ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან – მერვედფინალიდან დაიწყებს, სადაც ავსტრიელ დომინიკ კლაუს პეტერს დაუპირისპირდება. ამ წყვილში გამარჯვებულის სავარაუდო მეტოქეები არიან: შვეიცარიელი რიესენი, რუმინელი ფრანტი და ესტონელი სილატი. სატურნირო ბადეში ქართველის მხარეს მოხვდა რუსეთის ნაკრების ტიტულოვანი წევრი ანზორ ურიშევი. მისი და მარსაგიშვილის გზები ერთმანეთს ნახევარფინალში კვეთს.

შეგახსენებთ, აქამდე ნაჭიდავებ ექვსივე წონით კატეგორიაში, ქართველი და რუსი მოჭიდავეები ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ. ცოტა უცნაური და საეჭვო დამთხვევაა...

 

ევროპის ჩემპიონატი

თბილისი. 21 მარტი

 

თავისუფალი ჭიდაობა

 

74 კგ

1 ანიუარ გედუევი (რუსეთი)

2 გაბორ ჰატოში (უნგრეთი)

3 გია ჩიხლაძე (უკრაინა)

3 ლეონიდ ბაზანი (ბულგარეთი)

 

120 კგ

1 ტაჰა აკგული (თურქეთი)

2 ალენ ზასეევი (უკრაინა)

3 გენო პეტრიაშვილი (საქართველო)

3 ჯამალადინ მაგომედოვი (აზერბაიჯანი)

 

ქალთა ჭიდაობა

 

55 კგ

1 სოფია მაგდალენა მატსონი (შვედეთი)

2 მარია პრევოლარაკი (საბერძნეთი)

3 ირინა ჰუსიაკი (უკრაინა)

3 ემესე ბარკა (უნგრეთი)

 

67 კგ

1 ალინა სტადნიკ მახინია (უკრაინა)

2 ილანა კრატიში (ისრაელი)

3 ალინ ფოკენი (გერმანია)

3 სვეტლანა ბაბუშკინა (რუსეთი)

 

0.173813