ფეხბურთი

0:36 | 17.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

უგოლო ფრე ნეიტრალურ მოედანზე

განსხვავებული განწყობით და სატურნირო მდგომარეობით შეხვდნენ ქუთაისში გამართულ შეხვედრას მეტოქენი. ახალგაზრდული შემადგენლობის მიუხედავად რუსთაველებმა პირველ ტურში იმარჯვეს და იმერეთს იმედიანად ესტუმრნენ. რაც შეეხება პირობით მასპინძლებს _ ზუგდიდლებმა გათამაშება მარცხიანად დაიწყეს, თანაც გახმაურებული კაზანტიპის ფესტივალის გამო, მათ მეტოქეთა მიღება ბოლო დროს საშინაო არენად ქცეულ განმუხურის მოედანზე სექტემბრამდე არ შეუძლიათ, ამიტომ რუსთაველთა სამასპინძლოდ ქუთაისის ცენტრალური  სტადიონი შეარჩიეს.

შეხვედრა საკმაოდ დუნედ დაიწყო და ტაიმის მესამედი ასევე ნელ ტემპში მიილია. დახუთული სიცხის გამო ფეხბურთელებს სწრაფი მოძრაობა უჭირდათ და ვერც კომბინაციურ თამაშს ახერხებდნენ.

პირველი სახიფათო მომენტი ზუგდიდლებმა საკმაოდ კურიოზულ ვითარებაში შექმნეს. მე-18 წუთზე შოთა ლომიას მოწოდებული კუთხურის შემდეგ ბედიაშვილმა ხელებში დაჭერილი ბურთის შემაგრება ვერ მოახერხა და წინ დაუვარდა, თუმცა პირობითმა მასპინძლებმა დამატებაზე ვეღარ ივარგეს და ანგარიში უცვლელი დარჩა.

მატჩის კულმინაციური მომენტი ნახევარი საათის მიწურულს დადგა. მასპინძელთა მორიგი იერიშისას კვარაცხელიამ ზუსტი გადაცემით ეხვაია მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. სიტუაციის განსამუხტად ბედიაშვილმა საჯარიმოს ფარგლები დატოვა და ზუგდიდელი ფეხბურთელი აკრძალული ილეთის ხარჯზე შეაჩერა. შეხვერდის არბიტრმა აღნიშნული ეპიზოდი ბოლო იმედის ჯარიმად არ შეაფასა და რუსთაველთა გოლკიპერს ყვითელი ბარათი აკმარა, რითაც სამეგრელოს გუნდს ჩამოყოლილი გულშემატკივრები ერთობ გაანაწყენა.

ჯარიმა ზუგდიდელთა კაპიტანმა ლომიამ შეასრულა. მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი ,,ცოცხალ კედელში’’ მყოფ ვასაძეს ხელზე მოხვდა. ხუჭუამ უყოყმანოდ თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტის შესრულება კვარაცხელიამ ითავა. მასპინძელთა ფორვარდმა აქცენტი დარტყმის სიძლიერეზე გადაიტანა და სიზუსტემ დააღალატა. ბურთი ხარიხას მიენარცხა და ანგარიშში დაწინაურების შანსიც დაიკარგა.

ტაიმის უკანასკნელ წუთზე თავის გამოჩენის შესაძლებლობა სტუმრებსაც მიეცათ. რუსთაველთა  შეტევის დამამთავრებელ ფაზაში ბურთი კაკაშვილს მიუვიდა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებიდან მისი კარში გადაგზავნა სცადა, მაგრამ დარტყმა საკმაოდ სუსტად შეასრულა და თევდორაძეს ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია.

შეხვედრის მეორე ნახევარი განსხვავებული სცენარით წარიმართა. ზუგდიდლებს დაღლა დაეტყოთ, რითაც კარგად ისარგებლეს ქვემოქართლელებმა და შეტევებს უხშირეს.

49-ე წუთზე ქავთარაძის საჯარიმოში ჩაწოდებულს სიხარულიძე კარგად დაუხვდა, მან მცველებს დაასწრო და თავური დარტყმით ბურთი ,,მასპინძელთა” კარისკენ გადაგზავნა.  თევდორაძე ნახტომში მისწვდა ბურთს და კუთხურზე მოიგერია. თითქმის მაშინვე ორწუთიან მონაკვეთში ქავთარაძეს ზედიზედ ორჯერ ჰქონდა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. პირველ შემთხვევაში მან მეტოქეს გვერდი აუარა და საჯარიმოში შეჭრილმა გამიზნული დარტყმა განახორციელა. ზუგდიდელთა კიპერი სანაქებოდ გაისარჯა, იგი მომხვდურს ჩანაფიქრს მიუხვდა და ბურთს საჭირო ადგილზე დაუხვდა. მომდევნო ეპიზოდშიც, აღნიშნულ მეტოქეთა შეყრისას გამარჯვებული ისევ თევდორაძე დარჩა.

თავისი ვიზავისგან განსხვავებით ბედიაშვილმა 65-ე წუთზე კიდევ ერთი უხეში შეცდომა დაუშვა. ლომიას ჩაწოდებულ კუთხურს ქურდაძემ ფეხით მიმართულება შეუცვალა. საკმაოდ სუსტად დარტყმული ბურთი ბედიაშვილმა ხელებში ვერ შეიმაგრა, რაც რუსთაველებს კინაღამ გოლის ფასად დაუჯდათ.

73-ე წუთზე ქვემოქართლელებს ანგარიშის გახსნის 100%-იანი შესაძლებლობა მიეცათ. ახლადშემოსულმა ხაბელაშვილმა მეტოქის მცველთა შეცდომით ისარგებლა, საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი ზუგდიდელთა კარისკენ გაგზავნა. ამჯერადაც თევდორაძემ იყოჩაღა, იგი ფეხით მისწვდა კარში მიმავალ ბურთს და თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.

 სტუმართა საგრძნობი უპირატესობის მიუხედავად, მატჩის უკანასკნელ წუთზე ზუგდიდლებს გამარჯვებაც შეეძლოთ. შეტევაში ჩართულმა წურწუმიამ ბურთი ეხვაიას საჯარიმოში შეაყოლა, რომელმაც თანაგუნდელის გადაცემას შეუჩერებელი დარტყმა მოაყოლა. ბედიაშვილი ამჯერად უნაკლოდ გაისაჯრა. იგი ნახტომში მისწვდა ბურთს და სტუმრები დამარცხებისგან იხსნა.

მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:

ნესტორ მუმლაძე (ზუგდიდი): ,,ახალი შეკრებილი გუნდი ვართ, ნორმალური მომზადებაც არ გაგვივლია. პირველი ტაიმი ვიბრძოლეთ, მეორეში დაღლა დაგვეტყო. ნელ-ნელა ყველაფერი მოწესრიგდება და ყოველი მომდევნო თამაში წინაზე უკეთესი იქნება. რაც შეეხება მსაჯობას, მათ მიმართ არავითარი პრეტენზიები არ მაქვს. ვფიქრობ ისინი შეხვედრას კარგად გაუძღვნენ.”

ვარლამ კილასონია:  (მეტალურგი):  ,,ახალგაზრდული გუნდი გვყავს, ამიტომ შეთამაშება გვაკლია. პირველი ტაიმი ცუდად ვითამაშეთ, მეორეში გაცილებით უკეთ ვიასპარეზეთ და საგოლე მომენტებიც შევქმენით. მოგება შეგვეძლო, თუმცა უკმაყოფილო არც ამ შედეგით ვარ.’’

ზუგდიდი (ზუგდიდი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:0 (0:0)
16 აგვისტო. 17.30. ქუთაისი. ცენტრალური. 200 მაყურებელი.

ზუგდიდი: თევდორაძე, რიგვავა, აკობია, ქურდაძე, ქირია, ჯავაშვილი, შ. ლომია (კ) (ფარჯიკია 76), წურწუმია, ეხვაია, გულორდავა (ჭაავა 46), ვ. კვარაცხელია (კუკავა 57);

მთ. მწვრთნელი:  ნესტორ მუმლაძე

მეტალურგი: ბედიაშვილი (კ), ქავთარაძე, ნარიმანიძე (კიტეიშვილი 44), ვასაძე, ვ. კილასონია, სიხარულიძე (დ.გელაშვილი 68), კაკაშვილი, ექვთიმიშვილი, ცნობილაძე, ხიზანეიშვილი, ტორონჯაძე (ხაბელაშვილი 53);

მთ. მწვრთნელი:  ვარლამ კილასონია

გაფრთხილება:  ბედიაშვილი (29), ვასაძე (30), კაკაშვილი (78), წურწუმია (90+2);

გამოუყენებელი პენალტი: ვ.კვარაცხელია (30);

არბიტრი: თემურ ხუჭუა

0.178526