ფეხბურთი

22:48 | 3.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

უგოლო ფრე მომენტებით დახუნძლულ მატჩში

ისე მოხდა, რომ ამ გუნდებს ხუთი დღის განმავლობაში ზედიზედ მეორედ დაპირისპირება მოუწიათ. 30 ოქტომბერს ისინი დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ბოლნისელებმა პირველი შეხვედრის მსგავსად იმავე ანგარიშით – 1:0 გაიმარჯვეს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს. ზესტაფონელთა მარცხს მათი სერბი დამრიგებლის – რატკო დოსტანიჩის გადაყენება მოჰყვა და დღევანდელ შეხვედრაზე გუნდი მისმა ასისტენტმა გიორგი მიქაძემ და დუბლშემადგენლობის მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ გაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ მატჩს ტრიბუნებიდან თვალს გია გეგუჩაძე ადევნებდა, რომელსაც თავისი შტაბის განუყრელი წევრები, გურამ ასპინძელაშვილი და დავით ჯანელიძე ახლდნენ. სავარაუდოდ ზესტაფონელთა პირველად გამჩემპიონებელი მწვრთნელის გუნდში დაბრუნება პრაქტიკულად გადაწყვეტილია და იგი საქმეში უკვე მომავალი შეხვედრიდან ჩაებმება. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, იგი წინანდელზე უფრო დაძაბული და საინტერესო სანახავი გამოდგა. ბოლნისელთა კლუბის დამრიგებელმა გიორგი ლოლაძემ გამარჯვებული შემადგენლობა არ შეცვალა და სასტარტოში ზუსტად იგივე თერთმეტეული განამწესა. რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათაც პრაქტიკულად იგივე შემადგელობა გამოიყვანეს. ცვლილება მხოლოდ ის იყო, რომ განაცხადში სამუშიას ადგილი რაჟამაშვილმა დაიკავა.

წინა მატჩისაგან განსხვავებით მასპინძელთა უპირატესობა შეხვედრის დასაწყისიდანვე გამოიკვეთა. ისინი გაცილებით გააზრებულად მოქმედებდნენ და ბურთსაც უფრო დიდ ხანს აკონტროლებდნენ. პირველი რეალური სახიფათო მომენტი ზესტაფონლებმა მე-17 წუთზე შექმნეს. საჯარიმოს წინა ხაზთან ახლოს დანიშნული საჯარიმო შარიქაძემ ოსტატურად შეასრულა. მან გამოზომილი დარტყმით ბურთი ცოცხალ ,,კედელს’’ თავზე გადაატარა. მერლანი ვეღარაფერს გააწყობდა, მაგრამ სტუმრებს მაშველად კარის ძელი მოევლინათ, რომელმაც ბურთი აისხლიტა. დამატებაზე ზესტაფონლებმა ვეღარ ივარგეს. ნახევარი საათის მიწურულს ერთი წუთის განმავლობაში მასპინძლებმა კიდევ ზედიზედ ორი სახიფათო მომენტი შექმნეს. პირველ შემთხვევაში ჭანტურიშვილის ზუსტი გადაცემის შემდეგ კუტალია აღმოჩნდა ხელსაყრელ პოზიციაში, მაგრამ მან ბურთის დამუშავებას ძალიან დიდი დრო მოანდომა, კარში დარტყმა დააგვიანა და მომენტიც დაიკარგა. მეორეჯერ კი საბა ლომია ურტყამდა თავით თორნიკე გრიგალაშვილის ჩაწოდების შემდეგ, მაგრამ ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას.

ზესტაფონელთა დუეტი მოვლენების ეპიცენტრში ათი წუთის შემდეგაც აღმოჩნდა. თორნიკე გრიგალაშვილის გამჭოლ გადაცემაზე ლომიამ ცენტრალურ მცველებს დაასწრო და ერთი შეხებით ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა, თუმცა მერლანმაც შესაშური რეაქცია გამოავლინა. იგი ნახტომით მისწვდა ბურთს და თავისიანები აშკარა უსიამოვნებისგან იხსნა.

მატჩის კულმინაციური მომენტი 43-ე წუთზე დადგა. აუტის ხაზთან ახლოს სრულიად უწყინარ სიტუაციაში თედორე გრიგალაშვილი და კახელიშვილი წაკინკლავდნენ. არბიტრმა ვადაჭკორიამ თამაში გააჩერა და ასისტენტ ყრუაშვილთან კონსულტაციის შემდეგ ორივე ფეხბურთელი გააფრთხილა. ვინაიდან გრიგალაშვილისთვის ეს მეორე ყვითელი ბარათი გახლდათ, მას მოედნის დატოვება მოუხდა და ზესტაფონლები ათი კაცის ამარა დარჩნენ.

შეხვედრის განახლებისთანავე სტუმართა დამრიგებელმა ლოლაძემ ტაქტიკურ გადაადგილებას მიმართა. მეხუთე მცველად გამწესებული უგრეხელიძის ნაცვლად მოედანზე ფორვარდი მიკუჩაძე გამოიყვანა. ამ ცვლილებამ გაამართლა. ბოლნისელები გამოცოცხლდნენ და შეხვედრა ორმხრივი იერიშებით გაგრძელდა. პირველად პარუნაშვილმა გაისროლა სახიფათოდ, თუმცა ბურთი ხარიხას ზევიდან გადაევლო. საპასუხოდ რენე ფერეირამ დააქუხა, მაგრამ სამიზნემ ბრაზილიელი ლეგიონერიც დააღალატა.

მე-60 წუთზე სტუმრებმა სანიმუშო შეტევა განახორციელეს. პარუნაშვილი – კახელიშვილი – ბიბილეიშვილის სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ ეს უკანასკნელი ურტყამდა თავით მეკარის ბაქნიდან, თუმცა მიზანში ვერც მან მოახვედრა.

74-ე წუთზე თავის გამოჩენის შანსი შარიქაძეს მიეცა. კანდელაკის გამჭოლ გადაცემაზე  იგი შეუჩერებლივ ურტყამდა საპენალტე ნიშნულიდან, მაგრამ მერლანმა სწორი პოზიცია შეარჩია და სიტუაცია განმუხტა.

შეხვედრის უკანასკნელი წუთები ბოლნისელთა უპირატესობით წარიმართა. მიკუჩაძის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ბურთმა კარის მარჯვენა ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა. ხუთ წუთში გოგობერიშვილმა შეამოწმა კვასხვაძის საიმედოობა ძლიერი დარტყმით, თუმცა ზესტაფონელთა კიპერი ბურთს ადგილზე დაუხვდა.

90-ე წუთზე განუგრავა ურტყამდა ძლიერად საჯარიმოს მისადგომებიდან, მაგრამ ისევ კვასხვაძემ იმარჯვა და ბურთი კუთხურზე მოიგერია. არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში აფციაურის უძლიერესი დარტყმა საკუთარ თავზე რენე ფერეირამ მიიღო, მისგან რიკოშეტით წასულ ბურთს კი შეტევაში ჩართული სვანიძე დაეუფლა და განმეორებითი დარტყმა განახორციელა. კვასხვაძემ პატარა სასწაული მოხდინა. იგი აკრობატულ ნახტომში მისწვდა ბურთს და თავისიანებს ქულა შეუნარჩუნა.

ზესტაფონი (ზესტაფონი) - სიონი (ბოლნისი)  0:0
3 ნოემბერი. ზესტაფონი. ,,დავით აბაშიძე”. 1500 მაყურებელი 

,,ზესტაფონი”:  რ. კვასხვაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა, კანდელაკი, აჯურუ, შარიქაძე (ჭანკოტაძე 82), ჭანტურიშვილი, რაჟამაშვილი, ლ. კუტალია (გაგოშიძე 45), ს. ლომია (სამუშია 69);

მწვრთნელები:  გიორგი მიქაძე, ლევან ბაჯელიძე;

,,სიონი”:  მერლანი, აბრამიძე, უგრეხელიძე (მიკუჩაძე 46), პარუნაშვილი, სვანიძე, იმედაშვილი (განუგრავა 59), კახელიშვილი, ქემოკლიძე, გოგობერიშვილი, ფოფხაძე, ბიბილეიშვილი (აფციაური 77);

მწვრთნელები:  ვლადიმერ ბურდული, გიორგი ლოლაძე;

გაფრთხილება:  თედორე გრიგალაშვილი (38), კახელიშვილი (43), იმედაშვილი (53), განუგრავა (72), შარიქაძე (77), მიკუჩაძე (84);

გაძევება: თედორე გრიგალაშვილი (43)

მსაჯო: გიორგი ვადაჭკორია;

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 0:0

გაძევება: გიორგი გავაშელიშვილი (88, “მეტალურგი”)

 

დილა (გორი) – მერანი (მარტვილი) 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ირაკლი მოდებაძე (11), 2:0 დავით ბოლქვაძე (პენ 31), 3:0 ირაკლი მოდებაძე (პენ, 95) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 ლაშა ჩაფიძე (52), 2:0 თორნიკე თუხარელი (53), 2:1 ნიკოლოზ მაისურაძე (68), 3:1 კონსტანტინე ხიზანეიშვილი (88)

გაძევება: გიორგი მჭედლიშვილი (75, “ვიტ ჯორჯია”) 

 

გურია (ლანჩხუთი) – ზუგდიდი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ვილი ისიანი (84) 

გაძევება: გიორგი პაჭკორია (59, “ზუგდიდი”) 

 

ტორპედო (ქუთაისი) – ჩიხურა (საჩხერე)

4 ნოემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებულები არ არიან

მსაჯები: ჯ. ხორავა, ი. უკლება, ზ. ბერულავა, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)

 

1      დინამო (თბ)                                                         11      8      2      1      27:9      26     
2 ჩიხურა        10 6 1 3 23:18 19
3 ტორპედო     10 5 4 1 15:17  19
4 გურია        11 6 0 5 11:14 18
5 დილა             11 5 3 3 16:11 18
6 მეტალურგი   11 5 3 3 16:15 18
7 ზესტაფონი    11 4 3 4 12:8 15
8 მერანი                    11 4 0 7 12:25 12
9 ვიტ ჯორჯია  11 3 3 5 15:17 12
10 სიონი         11 2 4 5 11:15 10
11 სპარტაკი     11 2 1 8 8:16 7
12 ზუგდიდი                                                     11           1           4           6           5:16           7

 

მეგოლეები:

9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”) 

7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ვილი ისიანი (“გურია”),

3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”)

 

 შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

 

http://www.fczestafoni.ge-ს ფოტოები 

 

0.128215